|
|
|
შორენა მარსაგიშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 24 ნოემბერი. გვ. 4-6.
ჯარი მოსახლეობაზე ხელს არ აღმართავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ძალაში დღეს შედის, რომლის დროსაც სადავეები ხელში ორმა უწყებამ - შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა უნდა აიღონ. საგანგებო მდგომარეობისთვის ორივე უწყება მზად არის. ამ გადაწყვეტილებამ ისედაც დაძაბულ მდგომარეობაში მყოფი საზოგადოება კიდევ უფრო დააფიქრა, რადგანაც გამუდმებით მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ მშვიდობიან მომიტინგეებზე შესაძლოა შტურმი განხორციელდეს. ამაზე არაერთხელ ატყდა განგაში. სხვათა შორის, ისიც ითქვა, რომ თითქოს 22 ნოემბრის ღამეს ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იკრიბებოდა სამხედრო ტექნიკა. ითქვა ისიც, რომ თითქოს ხალხის დარბევის ბრძანება მისცეს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილ ბატალიონებსაც. ამის გარდა სხვაც ბევრი რამ ითქვა. სწორედ ამ განგაშმა აიძულა საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე საგანგებო ბრიფინგი მოეწყო, სადაც დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ თუ რას გააკეთებს თავდაცვის სამინისტრო მაშინ, როცა საგანგებო მდგომარეობა ძალაში შევა. ბრიფინგის გამართვამდე ცოტა ხნით ადრე კი თევზაძემ სამხედრო საბჭოს სხდომა მოიწვია. უფრო ადრე კი ორჯერ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. "მე ამ განცხადებას ალბათ არც გავაკეთებდი, რომ არა ის მოვლენები, რომელიც ამას წინ უძღოდა. მე ამ განცხადებას ვაკეთებ იმიტომ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გამწვავდეს" - განაცხადა დავით თევზაძემ. ის საკმაოდ შეშფოთებულია და უკმაყოფილო იმ ინფორმაციებით, რომლებიც მიტინგზე ვრცელდებოდა. "იქ არაერთხელ ითქვა, რომ თითქოს ჩვენ ღამის განმავლობაში ორჯერ ვაპირებდით შტურმის განხორციელებას. ეს ინფორმაცია არ შეეფერება სინამდვილეს. სიმართლეს არც ის შეეფერება, თითქოს სამხედროებმა უარი თქვენს საგანგებო რეჟიმზე გადასვლაზე და თქვეს, რომ ისინი იარაღს არ გამოიყენებდნენ ხალხის წინააღმდეგ. ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია, რადგანაც პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს ორჯერ შევხვდი და მას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ჩვენ იარაღი უნდა გამოგვეყენებინა. ჩვენ იარაღის გამოყენებას ხალხის წინააღმდეგ არ ვაპირებთ" - აღნიშნავს თავდაცვის მინისტრი. ამის შემდეგ დავით თევზაძემ დეტალურად განმარტა თუ რამ აიძულა პრეზიდენტი, საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა. "22 ნოემბერს მოხდა პარლამენტის და სახელმწიფო კანცელარიის დაკავება. ამან პროცესები გადაიყვანა იმ კალაპოტში, რომელიც კონსტიტუციური უკვე აღარ არის. მართალია ჯერჯერობით არ შეინიშნება, მაგრამ ქვეყანაში უკვე დაიწყო უმართავი პროცესები. ცხადია, მე უმართავ პროცესებში არ ვგულისხმობ მიტინგებს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა სერიოზული პროვოკაცია მოხდეს" - განაცხადა თევზაძემ. საგანგებო რეჟიმის თაობაზე კი ამგვარი განმარტება გააკეთა: "საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს სამხედრო ძალის უპირობო გამოყენებას, ის ითვალისწინებს ისეთი რეჟიმის დამყარებას, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებას შექმნილი ვითარების დარეგულირებამდე, უფრო სწორად, მოვლენების ისევ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევამდე". თევზაძე შეწუხებულია, რომ ქვეყნის მართვის სისტემაში წარმოიშვა სამართლებრივი კაზუსი. "დღეს არსებულმა სიტუაციამ მოიტანა ის, რომ ფაქტიურად ორი ხელისუფლება გვყავს, ერთი - ლეგიტიმური და მეორე - დე-ფაქტო ხელისუფლება. ყოველ შემთხვევაში ის, რაც დღეს მართავს ქვეყანაში პროცესებს, ჩვენ ვთვლით, რომ ეს პოლიტიკური ნონსესის პოლიტიკური კონფრონტაციის გარეშე უნდა აღმოიფხვრას" - ამბობს მინისტრი. მისი აზრით, ეს ყველაფერი უახლოეს ორ-სამ დღეში უნდა გამოსწორდეს, რადგანაც ამ დროის მანძილზე სიტუაციის კონტროლი ჯერ კიდევ შესაძლებელი იქნება. პროცესების რეგულირება რომ შესაძლებელი იქნება, თევზაძეს ამის იმედს ის ფაქტი აძლევს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღეს. "მე ჰაერზე არაფერს ვლაპარაკობ, ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებრივ წესრიგს კონტროლს გაუწევენ. ისინი მზად არიან, ხელი შეუწყონ სამართალდამცავებს, რათა არ მოხდეს სიტუაციის კიდევ უფრო მეტი ესკალაცია" - ამბობს თევზაძე, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ საგანგეო რეჟიმი გაგრძელდება მანამ, ვიდრე სამართალდამცავების ფუნქცია არ აღდგება. თევზაძის აზრით, კარგი იქნებოდა თუ ოპოზიციის მომხრეები დატოვებდნენ სახელმწიფო კანცელარიის და პარლამენტის შენობებს, რომლებიც მათ 22 ნოემბერს დაიკავეს. მინისტრი იმითაც უკმაყოფილოა, რომ ამ დაკავებების დროს სახელმწიფო ქონება განადგურდა. და რაც ყველაზე მთავარია, რა როლს შეასრულებს ქართული არმია ამ პროცესებში და რა დოზით მიიღებს მონაწილეობას ის საგანგებო მდგომარეობის გატარებაში. "მე ვაცხადებ, რომ რამდენჯერმე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს. მე მისგან არ მიმიღია არავითარი ბრძანება იმის შესახებ, რომ მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღი გამოვიყენოთ. გარწმუნებთ, რომ ჯარი მოსახლეობაზე ხელს არ აღმართავს" - პირობას დებს თავდაცვის მინისტრი. აღსანიშნავია, რომ დავით თევზაძემ ჯერ კიდევ კარგა ხნით ადრე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ დაპირისპირებაში არ ჩაერევიან. მართალია ქართული არმია არ აპირებს მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, მაგრამ სამხედროები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ წესრიგი აღდგეს. თევზაძისთვის კი გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ სისხლი არ დაიღვაროს. გუშინ თავდაცვის მინისტრს არ გაუკეთებია არანაირი კომენტარი იმ განცხადების შესახებ, რომელიც გუშინ დილით მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო შენაერთები განუდგნენ შევარდნაძეს და ნინო ბურჯანაძის განკარგულებაში გადავიდნენ. თევზაძეს არც იმის თაობაზე უთქვამს რამე, რომ ჯარში განხეთქილებაა. ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ თითქოს შეიარაღებულ ძალებში პოზიციები ორად გაიყო. ამ ინფორმაციას მაღალჩინოსანი სამხედროები არ ადასტურებენ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჯარში ერთგვაროვანი პოზიცია არ იქნება. და როგორც ამბობენ, ყველაზე საშიში იქნება ის, თუ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან. მაშინ კი სამოქალაქო ომი შეიძლება გარდაუვალი იყოს. |