ლელა მჭედლიძე

,,24 საათი”. 2003წ. 13 ნოემბერი. გვ. A2

 

 

 

კანცელარია დათმობაზე ალაპარაკდა

რიჩარდ მაილსი, როგორც წესი, ბევრ საკითხზე საუბარს ერთი მოტივით არიდებს თავს: ,,როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენელს, ამ საკითხზე ინფორმაციის გავრცელების უფლება არ მაქვს და კარგი იქნება თუ ამას ქვეყნის მეთაურთან ან სხვა თანამდებობის პირთან დააზუსტებთო”.

საქვეყნოდ გაცხადებული ასეთი პოზიციის მიუხედავად, ელჩის საკმაოდ ძუნწი განცხადებებიდანაც შეიძლება სერიოზული დასკვნების გაკეთება. ორი დღით ადრე მაილსი აცხადებდა, რომ, მართალია, პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ოფიციალური შეხვედრები არ არის, მაგრამ კონტაქტი მაინც არსებობს. გუშინ მან უკვე არ დამალა, რომ გვიან ღამით ,,ნაციონალური მოძრაობისლიდერი სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. ელჩი გუშინ პრეზიდენტთან ,,ბურჯანაძე-დემოკრატებისვიზიტზეც საუბრობდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში უნდა შემდგარიყო, რადგან ქვეყნის მეთაური ლიდერებთან სხვაგან შეხვედრას არ აპირებდა.

ოპოზიციასთან დიალოგის გასაგრძელებლად პრეზიდენტის მზადყოფნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმაც მოიწონეს. ელჩების დელეგაცია, სპეციალურად საამისოდ, გუშინ სახელმწიფო კანცელარიას ესტუმრა. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფაბრიციო რომანიმ პოზიცია ყველა ელჩის სახელით დააფიქსირა. მათი პოზიცია კი ასეთია ,,არჩევნების პერიოდში დაფიქსირებული დარღვევები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სამართლებრივი გზით უნდა აღმოიფხვრას.” ერთი შეხედვით, სახელმწიფო კანცელარიაში ორ ლიდერს (ბურჯანაძეს და ჟვანიას) ლამის მოუთმენლად ელოდნენ, მაგრამ სახელისუფლებო ბლოკი გუშინ აშკარად ,,ნაციონალური მოძრაობისლიდერზე აკეთებდა აქცენტს. ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი უკვე დაბეჯითებით საუბრობდა იმ დათმობებზე, რომლებზეც სახელმწიფო კანცელარია, უფრო ზუსტად კი, სახელისუფლებო ბლოკი შეიძლება წავიდეს ,,პირველობას მოწადინებულმიხეილ სააკაშვილთან. ეს დათმობა, ვახტანგ რჩეულიშვილის განმარტებით, ცეესკოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საბოლოო და უპირობო დამორჩილებაშია, ,,რომლის გაპროტესტებას ან, სხვადასხვა დარრვევების გამო, სასამართლოებში სირბილს სახელისუფლებო ბლოკის წევრები არ დაიწყებენ.”

 

რჩეულიშვილი აცხადებს, რომ ,,დევდარიანი ყველა იმ უბნის შედეგებს გააუქმებინებს, რომელიც კი საეჭვოდ შეიძლება ჩაითვალოს”… სხვათა შორის, ,,სოციალისტთალიდერი ამტკიცებს, რომ გარკვეულ დათმობებზე, იგივე ან სხვა სახით, ალბათ, აჭარის ავტონომიის ლიდერიც წავა, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, ,,რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები ქვეყანას ასუსტებს, რითაც თავისუფლად შეიძლება ისარგებლონ ქვეყნის გარეთ არსებულმა ძალებმა. აგრეთვე, იმისათვის, რომ ქვეყანაში შესაძლებელი სისხლისღვრის აცილება შესაძლებელი გახდეს.” რჩეულიშვილმა გუშინ პარლამენტის ბიუროს შეკრების და შექმნილ სიტუაციაზე მრგვალი მაგიდის გამართვის იდეაც წამოაყენა.

 

მაინც, რატომ ,,დაავიწყდა რჩეულიშვილს სააკაშვილის გვერდით გუშინ ,,ბურჯანაძე-დემოკრატებისხსენება? სხვათა შორის, ვიცე-სპიკერი რჩეულიშვილი ადრე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ იგი ყოფილ და მოქმედ სპიკერებთან დიალოგს სავსებით რეალურად და მისაღებად მიიჩნევდა და საამისოდ არა მარტო თვითონ, არამედ პრეზიდენტიც მზად იყო. გუშინ კი სახელისუფლებო ბლოკის ლიდერი იმ დათმობებზე საუბრობდა, რომლებზეც ისინი მხოლოდ სააკაშვილთან წავლენ, ,,ჟვანიამ და ბურჯანაძემ კი სააკაშვილთან თავდ მოილაპარაკონ…” ასკვნის სოციალისტთა ლიდერი.