,,24 საათი”. 2003 წ. 13 ნოემბერი. გვ. B4.

 

 

 

კანცელარიაში მოგელი, კარგო...

 

ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთმანეთისაკენ გადადგმული ნებიჯების უიმედო ლოდინი იმას მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ ერთადერთი პოლიტიკა აირჩია – невижу... შეყვარებულებს შორის ზედმეტი ეჭვიანობისთვის ამის გაკეთება ზოგჯერ ცუდი არ არის, მაგრამ როცა ამას ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება საძულველი ოპოზიციისთვის აკეთებს, ეჭვი მის სიჯანსაღეში შეიძლება შევიტანოთ.

 

მივყვეთ გუშინდელი უიმედო პაემნების ტრაექტორს.

 

თავიდან სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ფრთის წარმომადგენელი, ქალაქის მერი ვანო ზოდელავა პრეზიდენტისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხოლოდ ორ ლიდერთან შეხვედრის წუთი წუთზე დაწყებას ამცნობს ჟურნალისტებს და ისინიც სასწრაფოდ და ორგანიზებულად იწყებენ სირბილს კანცელარიის კიბეებზე. მეტი საიდუმლოებისთვის, კანცელარიის პრესსამსახურში შეხვედრაზე დასაშვებ ჟურნალისტთა სიაც კეთდება... ეს იყო მედიისათვის მოწყობილი პირველი ცრუ განგაში.

 

ბლოკის კიდევ ერთი ფრთა (ხელისუფლების ლაჟვარდებში ასაფრენად გამზადებულ ბლოკს ზოგი ძლიერი, ზოგი – სუსტი, ზოგი დამოუკიდებელი და ზოგიც მიტმასნილი იმდენი ფრთა აქვს, რომ საეჭვოა, სინქრონული მოძრაობა შეძლონ), შედარებით ხუმარა და სიმპათიურად უტიფარი ვახტანგ რჩეულიშვილი პირველი ახმოვანებს ბლოკის ,,გადაწყვეტილებას” ,,გიჟისთვის” ხმების მომატების შესახებ. ეს ბლოკის მისანმა სპიკერმა ქალბატონმა იმიტომ არ გაახმოვანა, რომ მივმხვდარიყავით – რჩეულიშვილი ამ ხმებს ცესკო-ში დაბინავებული ,,სოციალისტური” კალათიდან ამოიღებდა...

 

და წავიდა მედიებში მსჯელობა – მიდიან დათმობაზე, არ მიდინ, ასლანი... მამალაძე... ტუი... მოკლედ, ამათი ხსენება.

 

კანცელარიის დერეფანში გამოსული კიდევ ერთი ფრთა ლაჟვარდში – ლევენ მამალაძე - ,,თავს ვერ აღწევს” კამერებს და იკვირვებს – ეგენი (ოპოზიცია) სულ აქ არ არიანო?

           

და რეპორტიორებიც ამ ,,უმნიშვნელო” დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას... მერე გადაწყვიტეს, ეყოთ დასვენებაო, და ჟურნალისტები ახლა მერიაში აფრინეს – ჯორბენაძე და პატარკაციშვილი სააკაშვილს ხვდებიანო...

           

ეს იყო მეორე ცრუ განგაში.

           

ყველაზე საინტერესო გვიან საღამოს დაიწყო – შეიქმნა ვითარება, თითქოს, შევარდნაძე-ჯორბენაძე-დევდარიანმა  ყველა საქმე დაყარეს, პრეზიდენტის კაბინეტში შეიყარნენ და კარგი შეყვარებულებივით ოპოზიციის ლიდერთა ლოდინი გააბეს. წარმოგიდგენიათ, საათნახევარი ეს სამი უმაღლესი და დღეისთვის გადამწყვეტ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი იჯდა, მუსაიფობდა და ოპოზიციას ელოდა... ყოველ შემთხვევაში, ასეთი სურათი დახატეს.

           

ზევით ,,ნევიჟუ” ვახსენე – ის ქვევითაც გრძელდება. ბათუმის 22-ე შეხვედრის მერე ეს პრეზიდენტის ოპოზიციასთან შეხვედრის მესამე მცდელობა იყო. ისევე, როგორც სხვა ყველაფერს, ამ შეხვედრათა რაოდენობასაც კანცელარია ითვლის, თორემ ჩვენ ერთადერთი და წარუმატებელი შეხვედრა გვახსოვს... იმ ერთადერთიდან მოყოლებული პრეზიდენტი მზადაა, შეხვდეს ოპოზიციას, ოღონდ, ერთი პირობით – ვერ დააკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნას, რადგან ვერაფერს აკონტროლებს და ვერაფერს შეცვლის... თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ,,გადაგდებულ” ზედმეტ მანდატს პარლამენტში, რომელიც აუცილებლად შეურაცხყოფს ოპოზიციას და აუცილებლად არ მიიყვანს შეხვედრაზე.

           

ბლოკის ეს ფრთები ერთმანეთს უტყლაშუნებენ, ალბათ, თორემ ხალხს რომ ვერ მოატყუებენ, დღესავით ნათელია...

           

გარეთ კი უფრო და უფრო ცივა, ქარია, ნოემბერი ძალაში შედის. პრეზიდენტი საათნახევრით მოცდენისთვის ცესკო-ს თავმჯდომარესთან გრძნობს თავს უხერხულად და ებოდიშება, იმის მიუხედავად, რომ კანცელარიაში არც სიცივე, არც ქარი და მით უფრო, არც ხალხის ხმა აღწევს.