|
|
|
მაკა ჯაიანი. ,,24 საათი”. – 2003წ. - #306. – 25 ნოემბერი. – გვ. A1, A6.
დაუმორჩილებლობის კომიტეტი, რომელიც აქტიურად ამზადებდა საზოგადოებას ,,ვარდების რვოლუციისთვის”, დროებითი ხელისუფლებისადმი მიმართვას ამზადებს. მიმართვისტექსტის განხილვა გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა. კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ 2003 წლის ისტორიული გიორგობით საქმის კეთება ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ დაიწყო. ქართველებისთვის კარგად ნაცნობი შეძახილი ,,კმარა” ამიერიდან ახალ შინაარს იძენს. ,,კმარა გამარჯვებით ტკბობა!” – ასეთი გახლავთ ახალი ლოზუნგი. მის შინაარსზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემოციურად საუბრობდნენ.
გიგა ბოკერია, ,,თავისუფლების ინსტიტუტი”:
,,ჩვენ არ გვიბრძოლია კონკრეტული გვარებისა და კონკრეტული სახელების წინააღმდეგ. ჩვენ ვებრძვით სისტემას და ამ სისტემს დემონტაჟიც ასეთივე ხავერდოვანი უნდა იყოს. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც კანონი დაარღვია სახელმწიფოში, მაგრამ ჩვენ პირადად დავდგებით იმის სადარაჯოზე, რომ მოვლენებმა ვინმეზე პირადი ანგარისწორების სახე არ მიიღოს. არავის შეექმნას ეს ილუზია, თითქოს რევოლუციურ კომიტეტს ვაყალიბებთ. ჩვენ მომავალშიც ძველებურად აქტიურები ვიქნებით. პირველ ყოვლისა კი იმას ვადევნებთ თვალყურს, რომ საქართველოში კანონიერი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, ვაჩვენოთ მსოფლიოს – ასეთი რამ შეგვიძლია”. დავით ტურაშვილი, მწერალი:
,,დიდი მადლობა ყველას, ვინც საქართველოს ეს მზიანი დღე შევარდნაძის გარეშე გაუთენდა. ჩვენ გაგვიმეტეს სამოქალაქო ომისთვის, დახვრეტისთვის, მაგრამ უკანონობის რისხვისგან მე იმ ხალხსაც დავიცავ, ვინც ეს გააკეთა. ამის მაგალითი ამ ორი დღის წინათ გიგა ბოკერიამ მოგვცა, როცა თვითონ იცავდა ,,აღორძინების” ოფისს. მაგრამ ის, ვისაც მომწამვლელი გაზი – CS შემოჰქონდა თბილისში, რომელიც 9 აპრილს გამოიყენეს, უნდა გასამართლდეს. ეს ახალმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. თუ არ გააკეთა, თუ კანონი არ დაიცვა, ჩვენ ქუჩაში მის წინააღმდეგაც გამოვალთ. აუცილებლად გამოვალთ, რადგან თანამდებობისთვის არც ერთს არ გვიბრძოლია.” თინა ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი: ,,მე ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას იმის გამო, რისი მონაწილეც ვიყავი. ჩემთვის ისევე აღმაშფოტებელი იქნება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ცემა და შეურაცხყოფა, როგორი აღმაშფოთებელიც იყო ის, რაც დავით ბერძენიშვილს გაუკეთეს. ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის კონსტიტუციური უფლებები და აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ ახალგაზრდა იურისტის გიორგი მშვენიერაძის გათავისუფლებისთვის, რომელსაც, ჩოლოქის ჩაკეტვის შემდეგ, გაცილებით მეტი საშიშროება დაემუქრა.” ლევან რამიშვილი, ,,თავისუფლების ინსტიტუტი”: ,,პრეცედენტს რომ არჩევნების გაყალბებას ხელისუფლების გადაყენება მოჰყვა, უნდა მოჰყვეს მეორე პრეცედენტიც – არჩევნების გამყალბებელი, კანონის დამრღვევი უნდა დაისაჯოს. ამ გამარჯვების გამო თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. პირიქით, ფხიზლად უნდა ვიყოთ და ზეწოლა განვახორციელოთ ხელისუფლებაზე, რომ რეფორმები გაგრძელდეს.” დავით ზურაბიშვილი, მწერალი: ,,გვახსოვდეს, რომ ეს არ იყო პერსონალიების ცვლისთვის მომხდარი რევოლუცია. სისტემა უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალნონ ის ,,პატარა შევარდნაძეები”, რომლების ძველმა ხელისუფლებამ ბლომად დაგვიტოვა.” კახა ლომაია, ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი: ,,ამ მოძრაობას, გარდა პოლიტიკურისა, აქვს სამოქალაქო კომპონენტი. ახლა სამოქალაქო კონტროლის გაძლიერებაა საჭირო, იმისთვის, რომ პოლიტიკურ მონოპოლიას არ შეექმნას საფუძველი. ნუ მივეცემით გამარჯვებით ტკბობას. იმდენი დრო ვიარეთ არასწორი მიმართულებით, დასაკარგი დრო აღარა გვაქვს. ყოველი დღე ძვირფასია. ჩვენ ძალზე სერიოზულად ვართ განწყობილნი და გვინდა ვუთხრათ ასლან აბაშიძეს – მისი, როგორც პოლიტიკურ მოღვაწის დღეები დათვლილია. ჩვენ არ გვინდა სისხლისღვრა. სისხლისღვრა არც იქნება, რადგან აჭარა დღეს აღარ არის ისეთი, როგორიც 21 ნოემბერს იყო. წავიდეს თვითონ. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ახლა მიცვალებულის ლოყაზე ამოსულ წვერს გავს. ასეთი წვერიც იპარსება. ქართველებმა ნათლად აჩვენეს ყველა მომავალ ხელისუფლებას, რომ მიიღებენ მხოლოდ პარტნიორულ მმართველობას და არ მოითმენენ წურბელებს საკუთარ კისერზე. საოცარი გამოხმაურება აქვს საერთაშორისო მედეას ჩვენს მოვლენებზე. ამერიკული პრესა საუბრობს, რომ ჩვენ დემოკრატიის მაგალითი მივეცით მას; მალაიზიელი მეცნიერი წერდა, საქართველომ გვიჩვენე, რომ ახალი სამოქალაქო ერა დგება მსოფლიოშიო. სიტყვები ითქვა, ახლა საქმის დროა”. განსაკუთრებული მადლობის სიტყვები გაისმა ,,რუსთავი 2”-ის მისამართით: ,,დიდი მადლობა ,,რუსთავი 2”-ს. თქვენი თანადგომა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. თქვენს გარეშე, შეიძლება, ახლა დახვრეტილებიც ვყოფილიყავით”; ,,რუსთავი 2”-ის გარეშე ჩვენ ვემსგავსებოდით ადამიანს, რომლსაც ხმა არა აქვს”; ,,რუსთავი 2”-ის წვლილი უდიდესი იყო ,,ვარდების რევოლუციაში”... ამ ფონზე საინტერესოდ ჟღერდა სამაუწყებლო ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ეროსი კიწმარიშვილის განცხადება: ,,მადლობა, უპირველეს ყოვლისა, ხალხს, თქვენ, ჩემს ჟურნალისტებს. ,,რუსთავი 2”-ს ეჭირა ერთი, გამოკვეთილი პოზიცია და ამით ჩვენ ყველამ მხოლოდ მოვიგეთ. ისეთი ხარისხის იყო ,,რუსთავი 2”-ის როლი ამ მოვლენებში, რომ ხალხს კითხვები გაუჩნდა. ამიტომ დღევანდელი შეხვედრის ინიციატორები ჩვენც ვიყავით. ,,რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების სახელით ხაზგასმით მინდა ვთქვა – ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი თანამდებობის დაკავებას ხელისუფლებაში, რომ ტელეკომპანიის დამოუკიდებლობის ხარისხი არ დაიკარგოს. თუ ახალი ხელისუფლება არ დადგება ხალხის გვერდით, მასაც იგივე დღეში ჩავაგდებთ, როგორშიც წასული ხელისუფლება ჩავაგდეთ. აუცილებელია ამ ხელისუფლებამ ორი რამ გაითვალისწინოს: არ უნდა განხორციელდეს არავითარი პოლიტიკური დევნა ვისიმე მიმართ – დევნა უნდა იყოს მხოლოდ სამართლებრივი. გარდა ამისა, კატეგორიულად გაფრთხილდეს დროებითი ხელისუფლება, ახალი და ყველა მომდევნო არცევნები მაქსიმალურად სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩაატაროს. ისე რომ, მსოფლიოსთვის ესეც სამაგალითო გახდეს”. |