|
ნონა ცაბაძე ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 14 ნოემბერი. გვ. 10.
"კმარამ" სოროსის ფონდისგან 2 მლნ დოლარი აიღო რუსთაველის გამზირზე აქციების ჩასატარებლად "კმარამ" სოროსის ფონდისგან 2 მლნ დოლარი აიღო, აცხადებდნენ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღორძინებისა და მრეწველების ახალგაზრდული ორგანიზაციების თავმჯდომარეები. კოკა კვინიკაძის განცხადებით, მათი პრესკონფერენციის მიზანია მიმართონ იმ ახალგაზრდობას, რომლებიც რუსთაველის პროსპექტზე არიან შეკრებილი. - ახალგაზრდობას, რომელთა დიდი ნაწილი შეკრებილი არიან იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რომელიც ქვეყანაში სუფევს და ბევრი მათგანი არ იზიარებს სააკაშვილის პოზიციებს, მათ უბრალოდ გული შესტკივათ არსებულ სიტუაციაზე. ჩვენ მივმართავთ მათ, ნუ წამოეგებიან ცრუ დაპირებებს და გავიხსენოთ, თუ ვინ არის ის ხალხი, ვინც ლიდერობს ამ აქციებს. ეს ხალხი ათი წლის მანძილზე იყო ქვეყნის უმაღლეს სათავეებში, ეს ხალხი იღებდა კანონებს და ეს ხალხი აყალბებდა არჩევნებს. სხვათა შორის, ამ ხალხმა უტიფრად გააყალბა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები. როდესაც ნინო ბურჯანაძე აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ, სერიოზული გაყალბება მოხდა. საქმეც აღიძრა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, იმის გამო, რომ ნინო ბურჯანაძის მეუღლე გენპროკურორის მოადგილეა, საქმე შეაჩერეს და დღეს ამაზე აღარავინ საუბრობს, ასევე არავინ საუბრობს იმაზე, რომ აღორძინების წინააღმდეგ 1999 წელს ტანკები გამოიყვანეს და ეს ყველაფერი არის იმ ხალხის დამსახურება, ვინც დღეს ლიდერობს და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა სურს, - განაცხადა კოკა კვინიკაძემ. მისივე განცხადებით, მათი დიდი სურვილია ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, თუმცა ამ ყველაფერს დემოკრატიული გზით ბრძოლა სჭირდება და არა რევოლუციით, რომელსაც მიშა სააკაშვილი ქადაგებს. აღორძინების და მრეწველების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება მიშა სააკაშვილის ამბიციებზე იყოს ყველაფერი აგებული. იმის გამო, რომ სააკაშვილს პრეზიდენტობა უნდა, ამ სავარძელს მთელი ერი არ უნდა გადააყოლოს, აცხადებენ ისინი. ირაკლი დოლაბერიძე - მრეწველები: - საქართველოს ახალგაზრდობა ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. სამწუხაროდ, რაც დღეს ხდება, ამ პროცესებს ეწირება ახალგაზრდობის ნაწილი, რომლის უშუალო ინიციატორი მოძრაობა "კმარაა", რომლის წარმომადგენლები დადიან სასწავლებლებში და უკვე იმდენად თავხედობენ, რომ ლექციებზე შედიან და მეგაფონებით გამოჰყავთ სტუდენტობა. გუშინ სკოლის მოსწავლეებიც გამოიყვანეს და ჩართეს ამ პროცესებში ბავშვები, რომლებსაც გაუცნობიერებელი აქვთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ პროცესებით შესაძლოა ახალგაზრდობის დაპირისპირება გამოიწვიონ. ამ ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ სხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებსაც, რომ გაერთიანებულიყვნენ. მათი მოთხოვნაა, რომ ყოველგვარი დაპირისპირება, რაც დღეს ხდება, გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. ისინი მოუწოდებენ ყველა ახალგაზრდას, რომ გაერთიანდნენ. - ჩვენ არ გვჯერა იმ დაპირებების, რა დაპირებებსაც ე.წ. ოპოზიცია იძლევა. მათ რომ ამ ყველაფრის გაკეთება შეძლებოდათ, ამის ბერკეტები და საშუალებები ჰქონდათ. მე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი ინფორმაციით, მოძრაობა "კმარას" ათ ოქტომბერს აღებული აქვს ორი მილიონი დოლარი, სწორედ ამ აქციების ჩასატარებლად და ეს ორი მილიონი დოლარი ხმარდება იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნას დესტაბილიზაცია, რომ ქვეყანა გადააგდონ უფსკრულში. ნურავის დაავიწყდება 1991-92 წლები, სწორედ იგივე საფრთხე იქმნება ახლა ამ ხალხის მეშვეობით და ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მიშა სააკაშვილს უნდა პრეზიდენტობა და ამისთვის აკეთებს ამ ყველაფერს. სააკაშვილმა რომ იცოდეს, შევარდნაძე წასვლას არ აპირებს კიდევ 5-10 წელიწადი, მოქკავშირიდან არც წამოვიდოდა, იქ საკმაოდ თბილად იყო მოკალათებული და ბიუჯეტის ანგარიშებს იდებდა პირდაპირ ჯიბეში. მან იცის, რომ შევარდნაძეს წელიწადნახევარი აქვს დარჩენილი და სწორედ ამისთვის მიდის აქ ბრძოლა, შევარდნაძის შემდეგ მას უნდა პრეზიდენტობა და სწორედ სკამების გულისთვის მიდის ბრძოლა. კანცელარიაში პირდაპირ მიდის შეთავაზებები, რომ ამდენი სკამი მოგვეცით და ჩვენ დავშლით აქციასო და იქ მყოფი ადამიანების უმეტესობას მართლა სჯერა, რომ ეს აქციები ვითარებას შეცვლის და უკეთესობა იქნება, - აცხადებს აღორძინების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე კოკა კვინიკაძე. - ვინ დააფინანსა "კმარა" ორი მილიონი დოლარით? - ჯორჯ სოროსმა და ჩვენ სოროსისგან დაფინანსებული ახალგაზრდები ვერ გვასწავლიან სამშობლოს სიყვარულს. მოგვიანებით პრესკონფერენციას ცოტნე ბაკურიაც შეუერთდა: - ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება, სრული სიყალბეა, რაღაცნაირად ხომ უნდა არსებობდეს სერიოზული ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის. - ბატონო ცოტნე, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ასლან აბაშიძის ვიზიტმა სომხეთსა და აზერბაიჯანში, იქნებ გაგეკეთებინათ რაიმე კომენტარი? - ბატონი ასლანი უკვე ბათუმში ჩაბრძანდა და ის ამ თემაზე თავად გააკეთებს განცხადებას. - კოტე კემულარია რომ მოსკოვში აფრინეს და იქ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამაზე რატომ არავინ არაფერს ამბობს?! - განაცხადა გაცხარებულმა ელიზბარ ჯაველიძემ. |