|
შორენა მარსაგიშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 12 ნოემბერი. გვ. 2.
"კმარას" აქტივისტებს ჯარში იწვევენ ორგანიზაცია "კმარა" ძალიან მალე, შესაძლოა, აქტივისტების გარეშე დარჩეს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის სათანადო სამსახურებმა მიიღეს სპეციალური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია "კმარას" წევრები დაუყოვნებლივ უნდა იქნენ გაწვეული სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ამით ოფიციალური თბილისი ორ კურდღელს მოკლავდა. ერთი, რომ თავიდან მოიშორებდა აბეზარ ახალგაზრდებს და მეორე - თავდაცვის სამინისტროში მოკალათებულ კორუმპირებულ ჩინოსნებს სისხლს გაუშრობდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორს, რომ "კმარა" ყოველგვარ მანკიერს აპროტესტებს, მაშინ ისინი საკუთარი სურვილით უნდა წავიდნენ ჯარში. უფრო მეტიც, ისინი ყოველგვარი "პავესტკის" გარეშე უნდა მირბოდნენ სამხედრო ნაწილებში. თუმცა "კმარელებს" ამასთან დაკავშირებით მეტად უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ. ისინი აცხადებენ, რომ ჯარში არ წავლენ, რადგანაც იქ "დედოვშჩინა" და სხვა უბედურებებია. თუმცა საჯარისო სამსახურზე ისინი მთლად არ ამბობენ უარს და აცხადებენ, რომ ჯარში დიდი სიხარულით წავლენ, ოღონდ იმ დროს, როცა საქართველოს სათავეში მიხეილ სააკაშვილი ანდა სხვა მისი მსგავსი პატრიოტი ადამიანი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო "კმარას" აქტივისტებზე ზეწოლას განახორციელებს და მათ ძალით გაიწვევს ჯარში, ისინი საპროტესტო აქციებს გამართავენ, ანდა გადაიხდიან ორას ლარს და ერთი წლით გათავისუფლდებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან. ისე, მართლაც საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა, თუ "კმარას" აქტივისტებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში წაიყვანდნენ. ეს, პირველ რიგში, თავად ამ ორგანიზაციის წევრების ინტერესებში უნდა შედიოდეს. მათდა გასახარად, ჯარში უამრავი დარღვევაა და "კმარელებსაც" შეუძლიათ, ყოველ წუთს იყვირონ მათთვის ყველაზე ძვირფასი სიტყვები. თუმცა ჩნდება ერთი პრობლემა - "კმარას" მიღებაზე თავდაცვის სამინისტრო აუცილებლად უარს იტყვის. უნდათ ახლა მათ შფოთი და ალიაქოთი?/ |