|
|
ინგა ალავიძე,,24 საათი”. 2003 წ. 24 ნოემბერი გვ. A7. კობა ნარჩემაშვილი თანამდებობას ტოვებს
,,მოდით, მოდით, შვილო, გაიარეთ, ნუ გეშინიათ, როგორ გგონიათ, თქვენს წინააღმდეგ წავიდოდით? მართალია, ფორმა გვაცვია, მაგრამ ჩვენც თქვენს დღეში ვართ, საქართველო მხოლოდ ლამაზი მთები და ველები არ არის, საქართველო შევარდნაძის, მამალაძის და რჩეულიშვილის არ არის, საქართველო თქვენ ხართ, ჩვენ ვართ...ვერ გესროდით, შვილო, ვერა. როგორი ბრძანებაც არ უნდა მიგვეღო, ხალხის წინააღმდეგ ხელს ვერ ავწევდით, თქვენ როგორ დაგარბევდით, აი, აიღეთ ეს ,,დუბინკა”, ეს ფარიც თქვენი იყოს, მოდით, თქვენთან ვართ,” – პრეზიდენტის კანცელარიისაკენ დაძრული მშვიდობიანი მარშის მონაწილეებს ამ სიტყვებით და ხვევნა-კოცნით აცილებდა ცხარე ცრემლებით მტირალი, ასაკში შესული პოლიციელი.
22 ნოემბერს კანცელარიის მისადგომებთან მდგარი პოლიციელები ამგვარი სინაარსის ემოციურად დატვირთული ფრაზებით, ცრემლებითა და შეძახილებით - ,,საქართველო, საქართველო,” – კანცელარიისაკენ დაძრულ მომიტინგეებს აცილებდნენ. ჯერ კიდევ პრეზიდენტმა, კრწანისის რეზიდენციაში გამაგრებულმა ედუარდ შევარდნაძემ, გუშინწინ, მას შემდეგ, რაც ძალოვნები საკუთარი ნებით განიარაღდნენ, განაცხადა, რომ მას სჯერა საქართველოს შეიარაღებული ძალების. მისი თქმით, შეიძლება, ,,ერთი-ორი მოღალატე სადღაც აღმოჩნდეს”, მაგრამ მთლიანობაში სჯერა შინაგანი ჯარების და პოლიციის. ედუარდ შევარდნაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს მადლობაც კი გადაუხადა. ,,მართალია, ნარჩემაშვილმა ძირითადი ამოცანა ვერ შეასრულა და ის ხალხი, რომელიც კანცელარიისაკენ დაიძრა, ვერ შეაჩერა, მაგრამ მან თავისი ადგილი მოძებნა, როგორც მოქალაქემ და როგორც ადამიანმა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ სისხლი არ დაღვრილიყო,” – ასეთი იყო შევარდნაძის შეფასება. არადა, ახლა უკვე ყოფილ პრეზიდენტს ძალოვანი დასაყრდენი გუშინწინვე გამოეცალა.
22 ნოემბრის ფაქტს – პოლიციეს მიერ იარაღის დაყრას – სერიოზული გაგრძელება მოჰყვა. უკვე გუშინ, ძალოვანები ერთმანეთის მიყოლებით განუდგნენ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას.
შსს-ს მთავარ ,,დამრტყმელ ძალას” – გია გულუას სახელობის სპეცდანაყოფს, რომელიც მათთან მისულ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო წყობით მიესალმნენ და შემდეგ პარლამენტის წინ შეკრებილ მიტინგს შეუერთდნენ, მოგვიანებით, მიმდევრები მრავლად გამოუჩნდნენ. შევარდნაძეს განუდგა გორის რაიონის პოლიციის უფროსი და, შესაბამისად, გორის პოლიციამაც დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. დე ფაქტო ხელისუფლების მხარეს გადავიდა შსს-ს სპეცდანიშნულების ზუგდიდის ბატალიონის პირადი შემადგენლობა, რუსთავის პოლიცია, შინაგანი ჯარის სახმელეთო ბატალიონი, იუსტიციის სამინისტროს სპეცრაზმი, საჩხერის, კოჯორის, მუხროვანის, შავნაბადას, სართიჭალის ბატალიონები; საკუთარი ნებით განიარაღდნენ ,,კომანდოსა” და კოჯრის ბატალიონები. ერთი სიტყვით, ედუარდ შევარდნაძეს ძალოვანთა დიდი ნაწილი გადაუდგა და ხალხის გვერდით დადგა, ანუ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, შეიარაღებული ძალების გარეშე დარჩა.
თუმცა, გავრცელებული ინფორ,აცია, რომ შინაგანი ჯარების სარდალი და თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი ლევან მაისურაძეც გადადგნენ, არარეალური აღმოჩნდა. ამის თაობაზე გუშინ შსს-ში სპეცპრესკონფერენციაც კი გაიმართა. ,,არ გადავმდგარვარ, მე ვრჩები ჩემს თანამდებობაზე. მეც და ჩემი შინაგანი ჯარიც ვემსახურებოდით და ვემსახურებით მხოლოდ ხალხს,” – განაცხადა გია შერვაშიძემ და ,,თავის ბიჭებს” ნაწილებში დაბრუნებისაკენ მოუწოდა. ლევან მაისურაძის განცხადებით კი, იგი თანამდებობაზე დარჩება და თბილისში კრიმინოგენული სიტუაციის დალაგებაზე იმუშავებს.
,,მე ახლა აქ ვდგავარ და სხვანაირად ვერ მოვიქცევი. თუმცა, თუ მოხდება ისე, რომ ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტი აღარ იქნება, პირობას გაძლევთ, რომ მე ამ თანამდებობაზე აღარ დავრჩები,” – გუშინწინ ასეთი განცხადება გააკეთა ,,24 საათთან” საუბრისას შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა. პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ კობა ნარჩემაშვილი გუშინ, გვიანობამდე, შსს-ში, კვლავ მინისტრის კაბინეტში იმყოფებოდა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, იგი თანამდებობიდან გადადგომას მართლაც აპირებს. დღეს კობა ნარჩემაშვილი სპეციალურ ბრიფინგს მოიწვევს და განცხადებას გააკეთებს. ,,მართალია, მე გითხარით ასეთი რამ. რას ვაპირებ? ამის შესახებ ხვალ შეიტყობთ. ბვალ პრესკონფერენციას ვატარებ, სადაც სპეციალურ განცხადებას გავაკეთებ და იქ გაიგებთ, გადავდგები თუ არა,” – გუშინ, გვიან ღამით, ,,24 საათთან” საუბრისას განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
|