|
|
|
შორენა მარსაგიშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 13 ნოემბერი. გვ. 2-4.
კოტე კემულარია ნაციონალებმა მოსკოვში აფრინეს "ჩვენ არ შევწყვეტთ შიმშილობას" რუსთაველის გამზირზე უკვე მეექვსე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ დღეების განმავლობაში მხოლოდ გუშინ გამოვიდა კარგი ამინდი და მომიტინგეებმაც გაიხარეს. წინა დღეების უამინდობას ისინი საქართველოს მთავრობის სახელს უკავშირებენ, ხოლო როცა გუშინ დილით ცხრათვალა მზემ გამოანათა, მომიტინგეებმა ერთიანად მოიძრეს პოლიეთილენის პარკები და მთავრობას გაათმაგებული ენერგიით შესძახეს: "წადი, წადი!" რუსთაველის გამზირზე უკვე ტრადიციად იქცა, რომ მიტინგი დაახლოებით დღის პირველ საათზე იწყება ხოლმე. გუშინ კი ეს ტრადიცია დაირღვა და მგზნებარე გამოსვლები სადღაც 11 საათისთვის დაიწყო. ყველაზე მეტად მოშიმშილეები აქტიურობდნენ. გია ხევიაშვილი, ლადო ჭიპაშვილი და ვასილ მაღლაფერიძე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ არსებული ხელისუფლების ლანძღვაში. მთავრობის გინების პარალელურად, ისინი ექიმებსაც აკითხავდნენ. მთელი დღის მანძილზე ისინი მედიცინის მუშაკთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ჟურნალისტებთან საუბარში ექიმებმა განაცხადეს, რომ სამივე მოშიმშილე დეპუტატის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა უკვე დღეს მათ კრიზისული პერიოდი დაუდგებათ. შიმშილობის მიუხედავად, დეპუტატები თავს მხნედ გრძნობენ და აცხადებენ, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, ვიდრე მთავრობა დათმობაზე არ წავა და არ აღიარებს, რომ არჩევნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვა. "ჩვენ არ შევწყვეტთ შიმშილობას მანამ, ვიდრე ასლან აბაშიძე და ედუარდ შევარდნაძე მოუსავლეთში არ წავლენ, პოლიტიკურ მოუსავლეთში!" - აცხადებდა ლადო ჭიპაშვილი. გია ხევიაშვილი კი ჭამის დაწყებას მანამდე არ აპირებს, სანამ მთავრობა არჩევნების შედეგებს არ გააუქმებს. მოშიმშილეთა განწყობის გაუმჯობესებაზე და მათი მხნეობის შენარჩუნებაზე აქციის მონაწილენიც თავდაუზოგავად ზრუნავდნენ, რომლებიც მათ ხან ლექსებს უკითხავდნენ, ხან უმღეროდნენ და ხანდახან ცეკვავდნენ კიდეც. რამდენიმე საათის განმავლობაში გუშინ თბილისში მზიანი დარი იდგა. ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ეს ამბავი ზეციურ ნიშნად მიიჩნია. "დღეს შევარდნაძემ უკანასკნელი მეკავშირე დაკარგა ამინდის სახით", - აცხადებდნენ მომიტინგეები და მზეს ბედნიერი სახეებით ეგებებოდნენ. მოგვიანებით მათთან პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც მივიდა. ამინდის გამოსვლა ნინო ბურჯანაძემაც კარგ ნიშნად მიიჩნია და იმედი გამოთქვა, რომ მიტინგზე გაცილებით ბევრი ხალხი მივიდოდა. ბურჯანაძის ღრმა რწმენით, აქციის მონაწილენი უკან არაფრით არ დაიხევენ და მშვიდობიანი ფორმებით იბრძოლებენ მანამ, ვიდრე მთავრობა ოპოზიციის გამარჯვებას არ აღიარებს. "ხალხი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინაც არ დაიშალა, როცა წვიმდა. მთავრობას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მათ სიცივე შეაშინებდათ, მაგრამ ხალხის ნება ურყევი აღმოჩნდა. ისინი არ დაიშალნენ და არც მომავალში დაიშლებიან მანამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. კაშკაშა მზეზე არანაკლებ იმედებს ამყარებდნენ სხვა ოპოზიციონერებიც. თუ დილით პარლამენტის შენობის წინ სულ რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა, შუადღისთვის რამდენიმე ათასს ელოდნენ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. თუმცა, დილის საათებთან შედარებით, შუადღისთვის ხალხის ნაკადმა აშკარად იმატა. განსაკუთრებული ანშლაგი პირველი საათიდან შეიმჩნეოდა. ეს ის დროა, როცა ოპოზიციის ლიდერები სიტყვით გამოდიან. დროის ამ მონაკვეთში სჩვევია გამოსვლა მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილის მოსმენა კი ბევრს ნატვრად აქვს გადაქცეული. მომიტინგეებს გუშინ სააკაშვილმაც მიმართა და კარგი ამინდიც იდგა, მაგრამ მრავალათასიანი მიტინგი მაინც არ შედგა. კარგი ამინდის ფონზე მომიტინგეთა განწყობაზე აშკარად უარყოფითად მოქმედებდა გავრცელებული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მათი სათაყვანებელი მიშა სააკაშვილი მათ საძულველ ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა. მიტინგზევე გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, კოტე კემულარია, მოსკოვში გაემგზავრა. მერე იმის შესახებაც დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ ბურჯანაძე-დემოკრატების რიგები დატოვა მათმა წევრმა, გიორგი მარგველაშვილმა. ოპოზიციის ლიდერებმა კი არც ერთი ინფორმაცია არ დაადასტურეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ სააკაშვილი მართლა შეხვედრია ჯორბენაძეს. კემულარიასთან და მარგველაშვილთან დაკავშირებული ისტორია კი კვლავ ბურუსით არის მოცული. მიტინგის განსახილველი თემა კვლავაც ძველი იყო. გამომსვლელები აშკარა აგრესიულობით ლანძღავდნენ საქართველოს პრეზიდენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს. რამდენიმე ლიდერი იმასაც ამტკიცებდა, შესაძლოა ხვალ შევარდნაძემ ძალაუფლება აბაშიძეს გადასცესო. ოპოზიციას კი ამის გაფიქრებაზეც კი თმა ყალყზე უდგება. მიტინგზე გუშინ საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება მომიტინგეთა დასარბევად რუსული სამხედრო ნაწილები გამოიყენოს. ოპოზიცია შიშობს, რომ შევარდნაძემ შესაძლოა თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს ბათუმის და ახალქალაქის სამხედრო ბაზები. ოპოზიციასთან და რუსეთთან დამეგობრებული ჯუმბერ პატიაშვილი კი დარწმუნებულია, რომ რუსი სამხედროები ამ პროვოკაციაზე არ წამოეგებიან. ოპოზიციას მხედველობიდან არც ის გამორჩენია, რომ ასლან აბაშიძე არნახული სისწრაფით მოძრაობს ერევანსა და ბაქოს შორის. "შევარდნაძემ დაურეკა პუტინს და, კაცმა არ იცის, რაზე ილაპარაკეს მათ. ამის შემდეგ შევარდნაძე ჩადის ასლან აბაშიძესთან და მასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი ერთზე საუბრობს. ამ ამბებიდან ერთი დღის თავზე აბაშიძე ქოჩარიანთან და ილხამ ალიევთან შესახვედრად მიდის. როგორც ჩანს, შევარდნაძე ყველას გამოყენებას აპირებს, რათა საკუთარი სკამი შეინარჩუნოს", - აცხადებდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. ვასილ მაღლაფერიძეს კი ვერაფრით გაურკვევია, როგორ დაუმეგობრდნენ ერთმანეთს ასე უცბად აბაშიძე და შევარდნაძე. მაღლაფერიძეს ყველაზე მეტად ის ფაქტი აწუხებს, რომ შევარდნაძეს აჭარის ავტონომია დემოკრატიის ოაზისად ეჩვენება. მაღლაფერიძეს არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ, შევარდნაძემ თუ მოინდომა, აბაშიძეს საქართველოს პრეზიდენტად დასვამს. თუმცა ის და მისი მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქმე აქამდე არ მივა. ოპოზიციის მოსალოდნელი გამარჯვების შესახებ გუშინდელ მიტინგზე ბევრი ომახიანი და უღიმღამო განცხადება გაკეთდა. ლიდერები თავდაუზოგავად მოუწოდებდნენ ხალხს, მოდით და თქვენი ხმები დაიცავითო. ხალხი, მართალია, მოვიდა, მაგრამ ნაკლები რაოდენობით. ამ ფაქტმა კი მომიტინგეებს აშკარად წაუხდინა განწყობა. თუმცა შუადღისთვის მათ რამდენიმე ასეული სტუდენტიც შეუერთდა. მათ განაცხადეს, რომ სტუდენტები მიტინგს დღესაც შეუერთდებიან. "დღეს საქართველოს ბედი რუსთაველზე წყდება. დღეს ყველა სტუდენტი აქ უნდა იდგეს. ამ ადგილზე დაიხოცნენ იუნკერები, რომლებიც მეთერთმეტე არმიას ებრძოდნენ. თუ საჭირო გახდა, ჩვენც ასე უნდა დავიხოცოთ სამშობლოსათვის!" - აცხადებდნენ სტუდენტები, თუმცა იმედოვნებდნენ, რომ მათ იუნკერების ბედი არ ეწეოდათ. შევარდნაძეზე და მის მოკავშირე ამინდზე გამარჯვების სიხარული ნაადრევი გამოდგა. საღამოს ხუთი საათისთვის თბილისის ცა კვლავ ღრუბლებით დაიფარა და წვიმა წამოვიდა. "ეს კაცი გადამრევს, ამინდზეც კი შეუძლია ზემოქმედება!" - ჩიოდა ერთ-ერთი მამაკაცი. ამინდის გაფუჭებისთანავე მომიტინგეთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა, თუმცა მათი განწყობა ძალიან არ გაუარესებულა. ამის მიზეზი კი სოციალისტი ვახტანგ რჩეულიშვილი გახდა. ამ უკანასკნელმა გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას უნდა დაუთმოს. რჩეულიშვილის აზრით, ეს აუცილებელია იმისათვის, რათა ქვეყანამ სამოქალაქო დაპირისპირება აიცილოს თავიდან. რუსთაველის გამზირზე თავმოყრილი საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მაინც დააყრევინებენ ფარ-ხმალს და ქვეყნის სათავეში იხილავენ იმ ადამიანებს, რომლებზეც თურმე უკვე დიდი ხანია, მთელი ქართველი ერი ოცნებობს. |