|
სოფო ბუკია“24 საათი”, 2003წ., 18 ნოემბერი, გვ. A1-A3.
მთავარი “დაუმორჩილებელი” რეგიონების მობილიზებას იწყებს
საყოველთაო დაუმორჩილებლობის პირველი დღის ანგარიში გუშინ ჟურნალისტებმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერისაგან მოისმინეს. მიხეილ სააკაშვილი “დაუმორჩილებლობის” გუშინდელი დღით კმაყოფილია და მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს. ზუგდიდი, სენაკი, აბაშა, გურჯაანი – ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამოცხადებული “საყოველთაო დაუმორჩილებლობა” სრული სვლით მიმდინარეობს. “ამ ქალაქებს შეუერთდება ხობი, ლენტეხი, რუსთავი და სხვა,” – “დააიმედა” პრეზიდენტი შევარდნაძე სააკაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ინფორმაციით, “დაუმორჩილებლებმა” გუშინ ლენტეხის გამგეობის შენობა “აიღეს” და იქ ხუთჯვრიანი დროშა ააფრიალეს.
დღეისათვის სააკაშვილის გეგმები ასეთა: იგი რეგიონებში გასვლას გეგმავს, ყველაზე შორეულ სოფლებსაც მოინახულებს, სადაც დარაზმავს მხარდამჭერებს, რომლებიც ოპოზიციის მიერ მოწყობილ მარშში მიიღებენ მონაწილეობას. “შეიძლება, ავტობუსებით და სამარშრუტო ტაქსებით არ გამოგვიშვან, მაგრამ ურმებით, ცხენებით წამოვალთ. შეიძლება ფეხითაც მოგვიწიოს წამოსვლა. თუ ერთი ადამიანი მაინც ფეხით წამოვა, მეც მასთან ერთად ვივლი,” – მზადაა თავგანწირვისათვის სააკაშვილი. ათი-ათასობით ადამიანი კანცელარიისაკენ გაემართა და მყუდროებას დაურღვევს პრეზიდენტ შევარდნაძეს, რომელიც, სააკაშვილის თქმით, “ისეა შეზრდილი საკუთარ სკამს, რომ კანცელარიიდან მისი სკამიანად გამოტანა მოგვიწევს.”
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა გულში შიში მაინც არ უნდა გაივლოს. “ თუ მაგას საკუთარი ხალხის ეშინია, მე თვითონ გამოვიყვან კანცელარიიდან. ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოხდეს, შევარდნაძეს ერთი თმაც არ უნდა ჩამოუვარდეს,” – კიდევ უფრო დააიმედა სააკაშვილმა შევარდნაძე.
გუშინდელ ინტერვიუში პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ ხატოვან ფრაზაზე – “მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე არ გადავდგები” – სააკაშვილს ბევრი უფიქრია. “შევარდნაძის ბრიფინგს ძალიან ბევრი უცხოელი ჟურნალისტი ესწრებოდა, წარმოიდგინეთ თავი მათ მდგომარეობაში... ორი ენა ვიცი, ფრანგული და ინგლისური, ვერც ერთ ენაზე ვერ ვთარგმნე სიტყვა “გვერდები...” – მოუბოდიშა სააკაშვილმა უცხოურ პრესას და საერთოდაც მისი თქმით, “ქვეყანაში შექმნილი ვითარება უკვე ისეთ ფაზაში შევიდა, რომ შევარდნაძის გადასაწყვეტი არ არის, ის გადადგება თუ არა. ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს”.
სააკაშვილმა კომენტარი “აღორძინების” მიერ დღეისთვის დაგეგმილ “გრანდიოზულ” ღონისძიებასთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი ინფორმაციით, აბაშიძემ თბილისში დაახლოებით, 1500-2000 სამოქალაქო ფორმაში გადაცმული “პოლიცია” გამოგზავნა, რომლებიც ფილარმონიასთან აპირებენ დაბანაკებას. “მე მოვუწოდებ ყველა თბილისელს: დავდგეთ ერთად და გავყაროთ ასლანის მიერ დაგეშილი პოლიცაები. მათ თბილისში არაფერი ესაქმებათ, ისევე როგორც ბათუმში,” – აცხადებს სააკაშვილი.
რაც შეეხება შემდგომი მოლაპარაკებებისათვის პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრას, სააკაშვილი აცხადებს, რომ შევარდნაძეს მხოლოდ მაშინ შეხვდება, როცა იგი კანცელარიის საბოლოოდ დატოვებას გადაწყვეტს. |