|
|
მაია ურუშაძე,,24 საათი”. 2003 წ. 13 ნოემბერი. გვ. A1-A4 მთავრობა ჭორებს ავრცელებსფაქტებით მანიპულირება – გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან დაძაბულ პოლიტიკურ ფონს მთავრობა ყოველდღიურად ახალ-ახალი საშიში პროგნოზებით მუხტავს. ბოლო ასეთი განცხადება ლარის კურსის ,,მოსალოდნელ დაცემას” უკავშირდებოდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მთავრობა ლარის კურსის დაცემის თაობაზე განცხადებებს არ აკეტებს მაშინ, როცა ეს მოსალოდნელია. მთავრობა არ ებრძვის არც მიზეზებს, რომლებმაც ქვეყანაში, შესაძლოა, ეკონომიკური ვარდნა გამოიწვიოს. ამგვარი განცხადებები მხოლოდ პანიკის დათესვას ემსახურება. დღეს ხელისუფლებას ერთი მიზანი აქვს: ნებისმიერი მეთოდით აიძულოს საზოგადოება, უარი თქვას პროტესტზე და მორჩილად დაუბრუნდეს უფლებააურილ ცხოვრებას, რომელსაც მას მმართველი ფენა – ერთი მუჭა სამთავრობო ჩინოვნიკები სთავაზობენ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირდება უარყოფითი პროგნოზების ნაკადი. გუშინწინ მთავრობის მხრიდან გახმოვანებულმა ინფორმაციამ ხორბლის მოსალოდნელი გაძვირების თაობაზე დედაქალაქის მთელ რიგ მაღაზიებში პურზე ფასების მატება განაპირობა. ახლა მთავრობამ ლარს შეუტია. ეროვნული ვალიუტის კურსის რყევამ ამ ხელისუფლებას ხმამაღალი განცხადებებისა და ,,მოსალოდნელი დევალვაციის” პროგნოზირების საშუალება მისცა. თუმცა, თავად ეროვნული ბანკი (სებ) ვითარებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ლარის კურსის რყევა ,,სავსებით პროგნოზირებადი იყო.” როგორც ,,24 საათს” სებ-ის სავალუტო სამმართველოს უფროსმა კახა სეხნიაშვილმა განუცხადა, ,,არავითარი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ლარის კურსის კატასტროფული რყევა მოხდეს. უმნიშვნელო სეზონური რყევა კი სავსებით პროგნოზირებადი პროცესი იყო. ამ რყევის მიზეზი ისაა, რომ არჩევნების წინ ლარის მკვეთრი გამყარება მოხდა, რადგან გარეთ დიდძალი ფული გამოიყარა. ახლა ლარის კურსი ძველ ნიშნულს უბრუნდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეინიშნება აჟიოტაჟი ბანკნოტურ სეგმენტზე. ეს პოლიტიკური პროცესების გავლენაა. ბალხი, პანიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ლარებს უცხოურ ვალუტაზე ახურდავებს. ახლა ძნელია საუბარი, თუ რა სიღრმის და რა დოზის გავლენას მოახდენს ეს პროცესი ქვეყნის ეკონომიკაზე. მთავარია, პანიკური სიტუაცია არ იყოს”. სებ-ში მიიჩნევენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ლარის უმნიშვნელო რყევა გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც დაფიქსირდა. ,,ტყუილი პანიკაა ეს ყველაფერი. შიშის საბაბი არ არსებობს,” – აცხადებს სეხნიაშვილი. ამასობაში კი, რკინიგზის ტვირთების 50%-იან კლებაზე საუბრობს ,,საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე, ხოლო საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას პროგნოზირებს: ,,ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, შემოსავლები აუცილებლად შემცირდება, რადგან შემცირებულია იმპორტის მოცულობა.” მოკლედ, ხელისუფლება ფაქტებით მანიპულირებას იწყებს. მისი ახალი იარაღი ეკონომიური ბერკეტებია. ,,თუ პოლიტიკური ვითარება არ ჩაწყნარდა, ეკონომიკური კატასტროფა გარდაუვალია,” – აი, დიაგნოზი, რომელსაც ხელისუფლება სვამს და ყველაფერს იმ საპროტესტო აქციას აბრალებს, რომელიც მისივე თავგასულობამ გამოიწვია. მთავრობის განცხადებებს გუშინვე გამოეხმაურნენ ახალგაზრდა ეკონომისტები და განაცხადეს, რომ ამგვარი ქცევა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში არაადეკვატური მოლოდინის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად – არასტაბილურობას შიდასავალუტო ბაზარზე. ,,ხელისუფლების წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება, საკუთარი უსუსური მოსაზრებების არგუმენტირება ისეთი მგრძნობიარე პარამეტრებით მოახდინონ, როგორიცაა ვალუტის კურსი და ფასების დონე,” – მიიჩნევენ ისინი. |