|
|
მაია მოსიაშვილი,,24 საათი”. 2003წ. 14 ნოემბერი. გვ.A2. მამალაძემ და სარიშვილმა მარნეულელები “დააწყნარეს”გუშინ მარნეულის ცენტრში 700-მდე აზერბაიჯანელი შეიკრიბა. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი ხელისუფლებისაგან მათი კუთვნილი ხმების დაცვას ითხოვდნენ. მიტინგზე სიტყვით გამოსულთა ძირითადი ყურადღება მიხეილ სააკაშვილის პიროვნებასა და მის საქმიანობას დაეთმო. გამომსვლელები აზერბაიჯანელებს არწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი კარგს არაფერს მოიტანს და, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას ქაოსი და ანარქია ემუქრება. აქციაზე დასასწრებად მარნეულში ირინა სარიშვილი, ნუგზარ მოლოდინაშვილი და ლევან მამალაძე ჩავიდნენ. ,,აქ იმიტომ ვართ, რომ არ მოხდეს სახალხო დაპირისპირება. თუ არ აეხსნება ხალხს, ვისთან გვაქვს საქმე. ისინი უპირისპირდებიან ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, იმ შემთხვევაში, თუ სხვას მისცეს ხმა და არა მათ. ეს არის ასახსნელი ხალხისთვის, რომ ამან არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც ნამდვილად არასასურველი იქნება მთლიანად საქართველოსთვის,” – განაცხადა ირინა სარიშვილმა.
,,ეს ხალხი აღშფოთდა სწორედ იმ ფაშისტური გამონათქვამებით, რომ ქვემო ქართლის შედეგები უნდა გაუქმდეს. აქაური ხმები თურმე ხმები არ ყოფილა, აქაური საქართველოს მოქალაქეები თურმე არ ყოფილან მოქალაქეები. ამათ გაუჩნდათ შიში იმისა, რომ მიტინგზე ნათქვამი მთელ საქართველოში რეალობად იქცეოდა და ამიტომ, ჩვენ იძულებული ვიყავით, ჩამოვსულიყავით და ხალხი დაგვეწყნარებინა,” – განმარტა ლევან მამალაძემ.
დაწყნარება კი მარნეულელ აზერბაიჯანელებს მართლაც სჭირდებოდათ. პირველი აქცია იქ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოეწყო და მას ხელისუფლებისათვის არასასურველი ხასიათი ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ხალხი ქუჩაში აზერბაიჯანულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,გეირათმა” გამოიყვანა. ეს ორგანიზაცია 2 ნოემბრის არჩევნებზე აქტიურად ეხმარებოდა მამალაძეს, სამაგიეროდ მას ,,გეირათის” სამი წარმომადგენელი პარლამენტში უნდა შეეყვანა. ეს გარიგება ვერ შედგა, ,,გეირათელები” სიის ბოლოში და შესაბამისად, პარლამენტის გარეთ დარჩნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალიბალა ასკაროვი ერთი კვირის წინ აცხადებდა, რომ ის ოპოზიციის წინაღმდეგიცა და ხელისუფლებისაც, რომელმაც მათი ხმების დაცვა ვერ შეძლო, ანუ მისი ხალხი გარეთ დატოვა.
,,მიუხედავად ამისა, მხარს ვუჭერთ ედუარდ შევარდნაძის კურსს, რადგან სხვა ჩვენთვის მისაღებ პოლიტიკას არ გაატარებს საქართველოში,” - აცხადებდა ასკაროვი. ,,გეირათის” მიერ ქუჩაში გამოყვანილი აზერბაიჯანელები ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრას მთელი კვირის მანძილზე ითხოვდნენ. სწორედ ამის გამო გახდნენ იძულებულნი სარიშვილი და მამალაძე მარნეულში ჩასულიყვნენ და იქაური აქსაკალები თბილისში, კანცელარიაში დაეპატიჟებინათ. რაც შეეხება ,,გეირათს”, მისი ლიდერი გუშინ უკვე აღარ აქტიურობდა. |