|
საქინფორმი. ,,საქართველოს რესპუბლიკა”. 2003 წ. 6 ნოემბერი. გვ 2.
მანიფესტაცია რუსთაველის პროსპექტზე
პარლამენტის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული შიგაპოლიტიკური დაპირისპირება 5 ნოემბერს რამდენადმე შერბილდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ საღამოს თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს ზოგიერთი რაიონიდან ჩამოსული თანამოაზრეთა ჯგუფიც შეუერთდა. აქციის მონაწილეთა წინაშე სიტყვა წარმოთქვეს ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერებმა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ საპროტესტო აქცია ატარებს მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს და მისი მიზანია არ დაუშვას არჩევნების შედეგების გაყალბება. მიტინგზე გამოსულმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა თანამოაზრეებს გადაადგილებულიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისაკენ, სადაც ერთხელ კიდევ გამოცხადდებოდა ის მოთხოვნები, რომლებიც ჯერ კიდევ აქტუალურად მიაჩნიათ მას და მის მეგობრებს.
მიტინგის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ისევ სიტყვა წარმოთქვა მიხეილ სააკაშვილმა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ. |