|
|
|
ნონა ცაბაძე ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 24 ნოემბერი. გვ. 3.
"მე ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი პრეზიდენტ შევარდნაძეს გუშინ დილის 11 საათზე შეხვდა. შევარდნაძესთან შეხვედრამდე ივანოვმა ოპოზიციის ლიდერები და პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები მოინახულა. ივანოვი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას არ აპირებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ გულგრილი ვერ იქნება იმ პროცესების მიმართ, რაც საქართველოში ხდება. იგორ ივანოვისა და პრეზიდენტ შევარდნაძის შეხვედრა, რომელიც პირისპირ მიმდინარეობდა, თითქმის ორ საათს გაგრძელდა. შეხვედრიდან გამოსულმა ივანოვმა კრწანისის რეზიდენცია ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებით საგანგებო ბრიფინგი თავად საქართველოს პრეზიდენტმა გამართა და საუბარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაიწყო: - საგანგებო მდგომარეობის განკარგულება, რომელიც გუშინ გამოვაცხადე, დღეს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. ჩვენ დილიდანვე უნდა დაგვეწყო სერიოზული მოქმედება, მაგრამ მოხდა ისე, რომ პრეზიდენტ პუტინს ვესაუბრე და მას მივეცი თანხმობა, ჩამოსულიყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნი ივანოვი. მისი ფუნქცია საშუამავლო ფუნქციაა. მე ვიცი, რომ ის წუხელ შეხვდა ოპოზიციას, ბ-ნ სააკაშვილს, ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს, ზურაბ ჟვანიას, იყო მიტინგზეც, სიტყვით გამოვიდა, მისი საუბრების შინაარსი ასეთი იყო, რომ მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში უნდა მოხდეს ყველა გადაწყვეტილების მიღება. ყოველგვარი ძალისმიერი მოქმედება უნდა გამოირიცხოს, უნდა ეცადოს მთავრობა, რომ ეს პრინციპი დაიცვას და ამავე დროს ოპოზიციამ ძალა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს - განაცხადა პრეზიდენტმა. - ბ-ნო ედუარდ, რაზე ისაუბრეთ ივანოვთან შეხვედრისას? - მე მინდა გითხრათ, თუ რა დავაბარე ივანოვს ოპოზიციის ლიდერებთან, ის მათთან შესახვედრად წავიდა, როგორც მე ვიცი, ახლა საუბარი მიმდინარეობს, დავაბარე, რომ მზად ვარ დიალოგისათვის, კომპრომისებისათვის, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე, რომელიც დაისმება დღის წესრიგში. აუცილებლად უნდა შესრულდეს ერთი პირობა - შენობები, რომელიც მათ გუშინ დაიკავეს, უნდა გათავისუფლდეს. ამის შემდეგ, გნებავთ, მათ კრწანისში შევხვდები, გნებავთ, კანცელარიაში. ძალისმიერი მეთოდები დაგმობილია მთელი მსოფლიოს მიერ, სხვათა შორის, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე აქ არის. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მინიშნება ბ-ნი ივანოვის მხრიდან ჩემი და პუტინის საუბრის შემდეგ ასეთია - რუსეთი ძალიან ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს, მივხედოთ აფხაზეთის პრობლემას და მოგვარდეს ქართულ-ოსური კონფლიქტი. მოხდა ისე, რომ ჩვენი წუხანდელი გეგმა, ცოტა არ იყოს, შეფერხდა ივანოვის ჩამოსვლის გამო. მინდა მივმართო ოპოზიციის ლიდერებს, მათ შორის იმ ხალხს, ვინც მიტინგში მონაწილეობს, მივმართო მოწოდებით - მე დიალოგის მომხრე ვარ. მაგრამ ყოველგვარი, თუნდაც სიტყვიერი ძალადობის გარეშე. ლადო ჭანტურია ხვდება ოპოზიციის ლიდერებს, მათ თავისი მოსაზრებები აქვთ, ამას მივესალმები. შენიშნავდით, რომ თავდაცვის მინისტრის განცხადება იყო ძალიან თავდაჭერილი, ყოველგვარი მუქარის გარეშე. მან თქვა, რომ თუ იქნება პრეზიდენტის, მთავარსარდლის ბრძანება, ყოველგვარ მოქმედებას მივმართავ და შევასრულებ პრეზიდენტის განკარგულებებსო. ასეთი ბრძანებები არ გამიცია. იცით, რას ნიშნავს ქუჩაში ტანკების, მძიმე ტექნიკისა და ჯარის გამოყვანა?! მე ეს არ მინდოდა. კიდევ მივმართავ ოპოზიციის ლიდერებსა და მიტინგის მონაწილეებს, რომ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოში. არ უნდა განმეორდეს სისხლიანი 9 აპრილი. იცით, რა დღეები გადავიტანეთ, ძალიან მწარე გამოცდილება გვაქვს, როდესაც ერთმანეთს ვუპირისპირდებით, ყოველთვის ორივე მხარე ზარალობს. მინდა განვაცხადო - ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს, მაგრამ ვითმენ, სანამ ეს შესაძლებელია. როცა კითხვის ქვეშ დგება ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესები, მაშინ ვალდებული ვარ, ვიმოქმედო. ხომ დაიწყო მარადიორობა, მაღაზიების კარების შემტვრევა, ნივთების დატაცება, მანქანების გატაცება. ხვალ ადამიანების გატაცებას დაიწყებენ. მე ვმოქმედებ და ჯერჯერობით თავს ვიკავებ, რადგან იმედი მაქვს, ივანოვი სწორად გადასცემს ოპოზიციის ლიდერებს ჩემს აზრს. შენობების განთავისუფლების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ულტიმატუმია. ძალადობით აღებული პრეზიდენტის რეზიდენცია და პარლამენტი უნდა გათავისუფლდეს. შეიგნოს და გაიგოს ყველამ - ძველი პარლამენტი აღარ არსებობს. არ დავიწყეთ სხდომა, სანამ კვორუმი არ შეგროვდა. შემდეგ სამი კი არა ათი კაცი შემოიყვანეს. კვორუმზე მეტი იყო. სხდომა გაიხსნა, მოხსენებით გამოვედი. ახალმა პარლამენტმა დაიწყო მუშაობა. ამის შემდგ ძველი პარლამენტი აღარ არსებობს ისევე როგორც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, რადგან აღარ არის იგი პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. შვილებად მეკუთვნის ერთიც, მეორეც და მესამეც, სხვებიც, ვინც იქ დგანან. მათთან ბრძოლა სულ არ მჭირდება. მაგრამ ხომ უნდა დაგვიჯერონ, სახელმწიფოს ანგარიში უნდა გაუწიონ. თუ არ გაუწევენ, მაშინ ვიღაცა დაისჯება. ან მე, ან მეორე მხარე, რადგან რაც მოხდა, ვერ თავსდება სახელმწიფო წესრიგის ვერავითარ ჩარჩოში. ნარჩემაშვილი გვერდით სპეციალურად დავისვი. მიუხედავად იმისა, რომ მან ვერ შეასრულა ძირითადი ამოცანა და ვერ შეაჩერა ხალხი, მადლობა ვუთხარი, რადგან ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა. ის ალბათ ფიქრობდა, შეიძლება თანამდებობიდან დამითხოვოსო, მაგრამ მან, როგორც ადამიანმა და მოქალაქემ ყველაფერი გააკეთა, რომ სისხლი არ დაღვრილიყო. მეც ასე ვარ მოწოდებული. მაგრამ ერთ მხარეს ეს არ შეუძლია, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ მოხდეს ის, რაც 9 აპრილს დატრიალდა საქართველოში. - თანახმა ხართ თუ არა, დაემორჩილოთ ოპოზიციის ერთ-ერთ მოთხოვნას და ვადამდელი საპრეზიდენიტო და საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს? - ყველა საკითხის განხილვა შეიძლება. მათ შორის, თუ გნებავთ, საპრეზიდენტო არჩევნების დაჩქარება, საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარება. მხოლოდ შენობები უნდა დაიცალოს. - გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ძალების ბატალიონები მხარს უჭერენ ოპოზიციას და გადავიდნენ მათ მხარეზე... - ათასნაირი ინფორმაცია გავრცელდება ასეთ დროს. მე მჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, მეგობრების დახმარებით, რომ ისინი ფეხზე დამდგარიყვნენ. ისინი კარგად გაწვრთნილი ხალხია, ისევე როგორც პოლიციაში და შინაგან ჯარებში. შეიძლება ერთი და ორი კაცი სადღაც აღმოჩნდეს მოღალატე, მაგრამ თვითონ შინაგანი ჯარების და პოლიციის მჯეროდა და მჯერა. ოპოზიციამ პრეზიდენტის გადადგომა მოხსნა დღის წესრიგიდან მას შემდეგ, რაც ივანოვი ჩამოვიდა, რადგან ამერიკის სააგანტოებმა შეშფოთება გამოხატეს. ამ მოვლენების ფონზე შევარდნაძის წასვლა და გადადგომა ყოვლად მიუღებელი იქნება მათთვისაც. იმავეს ამბობს პუტინიც და ივანოვიც. არც ერთი პრობლემა გადაუწყვეტელი არ არის. ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება, მათ შორის პრეზიდენტის გადადგომისაც, ისევე როგორც არჩევნების, მაგრამ უნდა მოიძებნოს ყველასთვის მისაღები კომპრომისი. იმ დეპუტატებს, რომლებიც არჩეულები არიან, რა უნდა უთხრათ, რისთვის უქმდება არჩევნების შედეგები?! |