|
|
|
ნონა ცაბაძე ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 24 ნოემბერი. გვ. 2-3.
"მე გადავდექი, რათა სისხლი არ დაიღვაროს" შევარდნაძე საქართველოდან არ მიდის და მემუარების დაწერას აპირებს
ოცდაორდღიანმა დაძაბულობამ კულმინაციას გუშინ საღამოს მიაღწია. გუშინდელი დაძაბული დღე პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა. პრეზიდენტის მოვალეობას დღეიდან პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უკვე ოფიციალურად შეასრულებს. 23 ნოემბრის მოვლენები კი შემდეგნაირად ვითარდებოდა. გამთენიისას თბილისში ჩამოდის რუსეთის საგარეო მინისტრი იგორ ივანოვი, რომელიც პრეზიდენტთან შეხვედრამდე დილის ხუთ საათზე მომიტინგეებთან მიდის და ოპოზიციის ლიდერებს ხვდება. პრეზიდენტთან შეხვედრას ივანოვი დილის 11 საათიდან იწყებს. შეხვედრა ორ საათს გრძელდება, რის შემდეგაც იგორ ივანოვი კრწანისის რეზიდენციას უკომენტაროდ ტოვებს და კვლავ ოპოზიციასთან მიდის. შევარდნაძე კი აცხადებს, რომ ივანოვი შუამავლის როლს ასრულებს. მთელი დღის განმავლობაში კრწანისის რეზიდენციაში არ წყდება სახელისუფლებო ლიდერების მიმოსვლა, პრეზიდენტთან იყო ყველა მინისტრი, საუბარი იყო იმაზეც, რომ შევარდნაძეს რამდენიმე მინისტრმა უღალატა. რაც შეეხება სახელისუფლებო ბლოკის ლიდერებს, ყველა ერთ პოზიციაზე იყო და აცხადებდა, რომ ყველაფერი კანონიერი და კონსტიტუციური გზით უნდა მოგვარებულიყო. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ 23 ნოემბრის დილას პრეზიდენტის გადადგომას კი არა, ხელახალი არჩევნების ჩატარებასაც კი გამორიცხავდა. ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებდა, რომ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს აჭარის დაკარგვა მოჰყვება და მიშა სააკაშვილს მხოლოდ თბილისის პრეზიდენტობა თუ უნდა, ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ისედაც არისო. დღის მეორე ნახევარში იგორ ივანოვი პარლამენტში კვლავ შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს. შეხვედრა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე მხოლოდ ერთადერთი საკითხი იხილებოდა, შევარდნაძე უნდა გადამდგარიყო და მას უნდა ჰქონოდა ხელშეუხებლობის გარანტია. დაახლოებით 8 საათისთვის იგორ ივანოვი კრწანისის რეზიდენციაში ბრუნდება. მას მიჰყვებიან მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია და ისინი ერთად შედიან პრეზიდენტ შევარდნაძესთან, თუმცა რუსეთის საგარეო მინისტრი ტოვებს კრწანისის რეზიდენციას და აცხადებს: - მე ვტოვებ რეზიდენციას. ეს საკმაოდ პრინციპული საკითხია და მე მინდა, მოლაპარაკება ჩემი ჩარევის გარეშე წარიმართოს. პრეზიდენტმა და ოპოზიციამ ჩემს გარეშე უნდა მოილაპარაკონ. დაახლოებით 9 საათისთვის პრეზიდენტი შევარდნაძე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად გამოდის ჟურნალისტებთან და აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგა. - დღეს რაც ხდებოდა, უსისხლოდ არ ჩაივლიდა. ხვალ მე რომ გამომეყენებინა ის უფლებამოსილება, რომელიც მაქვს, პირველ რიგში ეს მიგვიყვანდა დიდ სისხლისღვრამდე. მე ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია და დღესაც ვაცხადებ, რომ ალბათ ჯობია, პრეზიდენტი გადადგეს, ყველაფერი ეს დამთავრდეს, დამთავრდეს მშვიდობიანად და სისხლი არ დაიღვაროს. ძალიან სერიოზული საუბარი იყო ბ-ნ მიშასთან, ბ-ნ ზურაბთან. მათ ძალიან კარგად ისაუბრეს. მე გადადგომას მიჩვეული ვარ. ეს ტრაგედია არ იქნება. გასაკეთებელი ბევრი მაქვს, დასაწერი ძალიან ბევრი მაქვს და, სიმართლე გითხრათ, პირადად ჩემთვის ეს ბედნიერებაა იმიტომ, რომ სანამ ცოცხალი ვარ, რაღაცეები უნდა მოვასწრო და დავწერო. - რას აპირებთ დღეის შემდეგ, სად მიბრძანდებით კრწანისის რეზიდენციიდან? - მე საქართველოდან არსად მივდივარ, მივდივარ სახლში. - ვინ შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას? - ჟურნალისტებმა განიხილეთ და გადაწყვიტეთ (იცინის). ეს უკვე ჩემი საქმე არ არის. მიხეილ სააკაშვილი: - დღეს პრეზიდენტმა გადადგა ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი. თავიდან აიცილა სისხლისღვრა ქვეყანაში. მან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული ქართული ოჯახის ინტერესებში იყო და მე ვფიქრობ, ისტორია ამას დააფასებს. - ვინ შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას? - კონსტიტუციით ამ მოვალეობას დროებით შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე მანამდე, სანამ არ ჩატარდება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. პარლამენტის თავმჯდომარის, როგორც პრეზიდენტის, უფლებამოსილება საკმაოდ შეზღუდულია. მას არ შეუძლია საკადრო გადაადგილება, მას არ შეუძლია მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. ახლა მნიშვნელოვანია პრეზიდენტ შევარდნაძის დახმარებით, საქართველოს პოლიციის, შეიარაღებული ძალების და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის დახმარებით ქვეყანაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, სიმშვიდე, სიწყნარე. ხალხი უნდა მოემზადოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, მოვემზადოთ საქართველოს ხვალინდელი დღისათვის. დღეს საქართველოსათვის არის უდიდესი დღე. - როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები? - 45 დღის ვადაში. |