,,ახალი თაობა”. 2003 წ. 16 ნოემბერი. გვ. 2.

 

 

 

მეომრებმა სამოქალაქო ომის წინააღმდეგ გაილაშქრეს

საქართველოში არსებული დაპირისპირება თანდათან იზრდება. როგორც ამბობენ, ეს საქართველოსთვის შეიძლება საბედისწერო გამოდგეს. ამ ვითარების განსამუხტავად ხმა ქართველმა მეომრებმაც ამოიღეს, იმ ხალხმა, რომელმაც ერთხელ უკვე ნახა სამოქალაქო ომი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამჯერად ერთ პოზიციაზე დადგა ის ხალხი, რომელიც 1991-92 წლებში ერთმანეთს ტყვიას ესროდა. ახლა კი ისინი გვერდიგვერდ დგანან და დაპირისპირებულ მხარეებს გონივრული კომპრომისის მოძებნისკენ მოუწოდებენ.

მეომრებმა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვაც გაავრცელეს და ორივე მხარის წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ ისინი არ დაუშვებენ სამოქალაქო ომს. "თუ თოფი გავარდება, პირველი სამიზნე ჩვენ ვიქნებით. მაგრამ, არავის ეგონოს, ჩვენ მშვიდად შევხვდებით იმას, რასაც სამოქალაქო ომი ჰქვია", - აცხადებენ მეომრები და დაპირისპირებულ მხარეებს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებენ.

ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ საქართველო მეორე სამოქალაქო ომს ვერ გადაიტანს და, თუ ქვეყანაში მსგავსი რამ მოხდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ დაირღვევა. აფხაზეთი კი საქართველოსთვის შეიძლება სამუდამოდ დაკარგული აღმოჩნდეს.