ეთერ ბალაძე

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 16 ნოემბერი. გვ. 4.

 

 

 

 

ნაციონალები გამგებლებსა და გუბერნატორებს კაბინეტებში აღარ შეუშვებენ

ბატონო ედუარდ, ისტორიაში შეხვალთ, როგორც ვერც ერთი დანაპირების შემსრულებელი!

ნაციონალური მოძრაობა ეროვნულ დაუმორჩილებლობას აცხადებს. რეგიონებში შეიქმნება წინააღმდეგობის ცენტრები, რომლებიც უხელმძღვანელებენ იქ საპროტესტო აქციებს. როგორც ნაციონალთა ლიდერი აცხადებს, ისინი ამიერიდან კაბინეტებში აღარ შეუშვებენ გამგებლებსა და გუბერნატორებს.

- მე ვიყავი, როცა შევარდნაძე გახდა ქვეყნის მმართველი, ზოგიერთი თქვენგანი კი საერთოდ არ იყო დაბადებული. რამდენი წელია, მან ვერ შეძლო ელემენტარული პირობების შექმნა მოსახლეობისთვის. როდესაც შევარდნაძეს შევხვდით მე, ნინო და ზურაბი, მე მას ვუთხარი, ბატონო ედუარდ, თქვენ სხვა არჩევანი არა გაქვთ, ან უნდა შეხვიდეთ ისტორიაში, რომელმაც ვერც ერთი დანაპირები ვერ შეასრულა, რომელიც ისე წავიდა, რომ ვერაფერი გაუკეთა საკუთარ ხალხს, რომელმაც გაყიდა მთელი საქართველო და სამარცხვინო ლაქად დარჩა ისტორიაში. მთელმა მსოფლიომ იხილა, რომ პრეზიდენტმა გულგრილობით უპასუხა ხალხს და მათთან დიალოგზე არ წამოვიდა. გული მომიკვდა, როცა ვუყურებდი უცხოეთში მყოფ ქართველებს, რომლებიც ტელეკამერების წინ ამბობდნენ, შევარდნაძემ გაგვაგდო საქართველოდან, არ მოგვცა სამუშაო ადგილები, ახლა კი ყველა გზა დაკეტილია ჩვენთვისო. პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკამ განდევნა მილიონობით უმუშევარი საქართველოდან, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნების შანსი აღარ აქვთ.

მიშა სააკაშვილი პრეზიდენტ შევარდნაძის შემდეგ გუბერნატორებს მისწვდა და განაცხადა, რომ ამიერიდან ისინი ვეღარ მოახდენენ ზეწოლას ხალხზე, მათ გადაკეტილი აქვთ მათთან მისასვლელი გზა. სააკაშვილმა ასევე დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა სახელისუფლებო სტრუქტურებს.

გუშინდელი წარუმატებელი მიტინგის შემდეგ ნაციონალთა ლიდერი უკან დახევას მაინც არ აპირებს. ორშაბათისთვის ნაციონალები კვლავ განაახლებენ საპროტესტო აქციებს.