|
ვასილ გულეური,,24 საათი”. 2003 წ. 7 ნოემბერი. გვ. A 2
6 ნოემბერს, შუადღისას, გორის რაიონის გამგეობის შენობასთან ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭრები შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვდნენ, რომ საოლქო კომისიას არჩევნების შედეგები დღის ბოლომდე დაემთავრებინა და თბილისში გადაეგზავნა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი, რომელთაც პოლიციელთა კორდონი არ უშვებდა, შეეცადა ძალით შესულიყო შენობაში. შეხლა-შემოხლაში შენობის მთავარი შესასვლელი კარის მინა ჩაიმსხვრა და ,,ნაციონალური მოძრაობის” ორი წევრი დაიჭრა, მათგან ერთ-ერთი მძიმედ – მას ხელზე არტერია გადაეჭრა და დიდი რაოდენობით სისხლი დაღვარა. დაჭრილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილმა სტალინის ძეგლის პიედესტალზე სახელდახელოდ გამართულ მიტინგზე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, არ გააყალბონ არჩევნების შედეგები, მოსახლეობას კი დაჰპირდა, რომ რამდენიმე დღეში შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვლება.
,,მცდელობაა, რომ გააყალბონ არჩევნების შედეგები და გახსნან ყუთები. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ კომისიის ბლოკირება. არავის არ შეგეშინდეთ, პოლიციელებიც ხალხის მხარეს არიან. ყველაფერი უნდა დაითვალოს და დღეს გაიგზავნოს თბილისში. ბვალ და ზეგ საქართველოში ხელისუფლება იცვლება, შევარდნაძე დამთავრებულია! ეს უნდა მივიყვანოთ ბოლომდე! – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, - ყველა, ვინც შევარდნაძის ხელისუფლებას ეპოტინება, ვინც წავა ხალხისა და კანონის წინააღმდეგ, დალპება ციხეში. ამის გარანტიას ვაძლევ მე.”
მან შეკრებილ მოსახლეობას მოუწოდა, რომ მეორე დღეს თბილისისკენ დაიძრან: ,,იქ მოვუვლით პრეზიდენტს და ხელისუფლებას!”
ჟურნალისტებთან საუბარში სააკაშვილმა განაცხადა, რომ საოლქო კომისიაში იყო და თუ დღეს ვერ მოასწრებენ შედეგების შეჯამებას, კომისიის თავმჯდომარის სისხლის სამართლის საკითხს დააყენებს: ,,დავადგებით თავზე კომისიას და ვაიძულებთ, მე არ ვმალავ, ვაიძულებთ, აღიაროს არჩევნების შედეგები. არ უნდა ნებით? ძალით გავაკეთებინებთ!”
გორის საოლქო კომისიის თავნჯდომარემ გოგი რაზმაძემ ,,24 საათს” განუცხადა, რომ საუბნო კომისიებიდან არასრულყოფილი ოქმები შემოვიდა, რის გამოც გაჭიანურდა შეჯამება, მაგრამ დღის ბოლომდე მუშაობას მორჩებიან. რაც შეეხება ,,ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებას, როგორც რაზმაძემ აღნიშნა, ეს საკამათო არ არის. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” გორში მიიღო 25830 ხმა, ხოლო ბლოკმა ,,ახალი საქართველოსთვის” – 10317 ხმა. მაჟორიტარულ არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა მიიღო 28772 ხმა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა სახელისუფლებო ბლოკიდან, ვახტანგ ყანჩაველმა – 11838 ხმა. ,,მათ შედეგებთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ, მხოლოდ იმას ითხოვენ, რატომ იწელება კენჭისყრის შედეგების შეჯამებაო. მაგრამ დღის ბოლომდე ამას მოვრჩებით,” - განაცხადა გოგი რაზმაძემ. |