შორენა მარსაგიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 14 ნოემბერი. გვ. 4-10

 

ნაციონალებს კანცელარიასთან შიმშილობა არ დააწყებინეს

 პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მიტინგი გრანდიოზულ აქციაში ვერაფრით გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ხელისუფლება ჩვენს მოსახლეობას დიდი ხანია, რაც ყელში ამოუვიდა, მათ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში მონაწილეთა რიცხვი არაფრით არ მატულობს, არადა, ამისთვის ამ ეტაპზე გაერთიანებული ოპოზიცია ძალისხმევას არ იშურებს. ისინი ყოველდღე გვპირდებიან, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია სულ უფრო მასშტაბური გახდება, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება და რუსთაველის გამზირზე ხალხის რაოდენობა ისე შეთხელდა, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსის თავზე ქოჩორი.

საპროტესტო აქციას ძალიან მცირე ყურადღებას უთმობს ხელისუფლებაც. ისინი ფაქტიურად არავითარ დათმობაზე არ მიდიან. თავის მხრივ არ თმობენ პოზიციებს ოპოზიციონერებიც. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავის მომხრეებს ამაყად აუწყა იმის თაობაზე, რომ ის საქართველოს ხელისუფლებასთან ყოველგვარ დიალოგს წყვეტს და უკვე დღეისათვის მან გრანდიოზული მიტინგი დაგეგმა. ამ ამბამდე 24 საათით ადრე ნაციონალებმა სხვა ხერხით სცადეს საზოგადოების გამოფხიზლება.

დაახლოებით დღის ოთხ საათზე ნაციონალები იღებენ გადაწყვეტილებას შიმშილობის ახალი აქციის დაწყების შესახებ. ოღონდ ამჯერად ეს შიმშილობა არა პარლამენტის შენობის, წინ არამედ კანცელარიასთან უნდა დაწყებულიყო. შევარდნაძის სამსახურის სიახლოვეს შიმშილობის სურვილი დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ, თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა გივი თარგამაძემ და კიდევ ცამეტიოდე ნაციონალმა გამოთქვეს.

ისინი დაუყოვნებლივ გაემართნენ სახელმწიფო კანცელარიასთან. ამ შენობას უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციის გაძლიერებული რაზმები იცავენ. მათ გამოცხადებული აქვთ, რომ ამ შენობის სიახლოვეს არავინ არ უნდა გააჭაჭანონ, განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობის წევრები. ამ ბრძანებას სამართალდამცავები რამდენიმე დღის განმავლობაში პატიოსნად ასრულებდნენ. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას არც არავინ ეკარებოდა. ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ოდნავ მოადუნეს პოლიციელებმა ყურადღება და შედეგიც სასწრაფოდ მიიღეს. გუშინ მათ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრეს, რომ ნაციონალური მოძრაობის 15 წევრმა კანცელარიის ღობეებთან შიმშილობის დაწყება სცადა.

პოლიციელები თავდაპირველად კი დაიბნენ, მაგრამ მერე ეძგერნენ შიმშილობის მსურველებს და იქიდან სულ ჯიკავ-ჯიკავით წაიყვანეს. დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ამაოდ ცდილობდა პოლიციელთა შეკავებას. "მე დეპუტატი ვარ და სრული უფლება მაქვს, აქ ვიდგე" - ყვიროდა ბობოხიძე. პოლიციას კი არც მისი და არც მისი თანაპარტიელების მოსმენა არ სურდა.

მართალია პოლიციას შიმშილობის დაწყების მსურველთა წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდები არ გამოუყენებია, მაგრამ ისინი კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიიდან გააძევეს. ამის უფლება კი მათ არ ჰქონდათ, რადგანაც ამ ქვეყანაში ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება და რადგანაც ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი ხელისუფლება დემოკრატიულობით თავს იწონებს, მაშინ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ შიმშილობის აქცია დაიწყოს, სადაც უნდა და როცა უნდა. თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან ირკვევა, რომ საქართველო ნელ-ნელა შორდება იმ ნორმებს, რასაც დემოკრატიული ქვეყანა ჰქვია.

კანცელარიის წინ მომხდარი ინციდენტი ბუნებრივია მტკივნეულად აღიქვა ოპოზიციამ და როგორც მოსალოდნელი იყო, ამასთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე აქციაზეც გაკეთდა განცხადებები.

"ჩვენ მივედით კანცელარიის წინ, გვინდოდა გამოგვეხატა მჯდომარე პროტესტი, მაგრამ ივაჟკაცა კბილებამდე ეკიპირებულმა პოლიციამ და ჩვენ იქიდან გამოგვიყვანა" - განუცხადა მიტინგის მონაწილეებს აკაკი ბობოხიძემ.

მართალია მათი მცდელობა გუშინ კრახით დასრულდა, მაგრამ ბობოხიძე დარწმუნებულია, რომ უკვე დღეს კანცელარიის წინ ათასობით ადამიანი დაიწყებს შიმშილობის აქციას. "შევარდნაძეს ტყუილად ჰგონია, რომ ვირთხასავით იქნება გამოკეტილი იმ ქაჯეთის ციხეში. მე ვაცხადებ ხმამაღლა, რომ მას არ მოვასვენებთ და თუ ახლა იქ ათი ადამიანი მივიდა, ხვალ და ზეგ იქ ათასობით ადამიანი მივალთ" - განაცხადა ბობოხიძემ. მის გამოსვლას მომიტინგეები აღფრთოვანებით შეხვდნენ. მათი განწყობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღეისათვის კანცელარიის წინ შიმშილობის დაწყების მსურველთა რიცხვი ერთი ათად უნდა გაიზარდოს.