|
შორენა მარსაგიშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 12 ნოემბერი. გვ. 2-4
ოთხმა დეპუტატმა უვადო შიმშილობა დაიწყო
პარლამენტის შენობის წინ დაბანაკებულმა ოპოზიციამ უვადო შიმშილობა დაიწყო. პარლამენტის ოთხმა წევრმა: გია ხევიაშვილმა, გია ბარამიძემ, ლადო ჭიპაშვილმა და ვასიკო მაღლაფერიძემ უვადო შიმშილობა დაიწყეს. მოშიმშილეები და საპროტესტო აქციის მონაწილენი აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ და მანამდე ისხდებიან რუსთაველის გამზირზე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება დათმობაზე არ წავა.
შიმშილობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა დაახლოებით იმ დროს მიიღეს, როცა საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ლიდერს ეჭუკჭუკებოდა. თავდაპირველად შიმშილობა მხოლოდ ორმა ადამიანმა, გია ხევიაშვილმა და ლადო ჭიპაშვილმა, დაიწყო, გუშინ ნაშუადღევს კი მათ ვასილ მაღლაფერიძე და გია ბარამიძეც შეუერთდნენ. "მართალია, ჩვენ დღეს გავაკეთეთ განცხადება შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით, მაგრამ შიმშილობა ფაქტიურად 10 ნოემბერს დავიწყეთ. ეს აქცია ღამის ცხრა საათზე დაიწყო, ამ დროს კი ნორმალური ადამიანი არ ჭამს", - განუცხადა გუშინ ჟურნალისტებს ვასიკო მაღლაფერიძემ, რომელიც აცხადებს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს მანამდე, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. იმავე აზრს იზიარებენ დანარჩენი მოშიმშილეებიც და დარწმუნებული არიან, რომ თავიანთ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.
მართალია, მიტინგის ორგანიზატორები ამტკიცებდნენ, რომ უამინდობა აქციის მონაწილეებს ვერ შეაკრთობდა, მაგრამ მათი პროგნოზები არ გამართლდა. გუშინ დილით პარლამენტის შენობის წინ მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი იყო შეკრებილი. ისინი აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ მანამ, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა, მაგრამ ოპოზიციური ლიდერების მიმართაც გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. ლიდერები, უბრალო მომიტინგეებისგან განსხვავებით, რუსთაველის გამზირზე არ ათენ-აღამებენ. მაშინ, როდესაც ისინი საკუთარ სახლებსა თუ კაბინეტებში ისვენებდნენ, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებმა ღამე კოცონის გარშემო და ფეხზე გაატარეს.
კოცონი პარლამენტის შენობის დილითაც გუზგუზებდა. იქვე ეყარა ნახევრად დამწვარი შეშის ნაჭრები. ჯერაც ჩაუმქრალი კოცონის გარშემო პოლიეთილენის პარკებშემოხვეული ადამიანები დადიოდნენ და ქვეყნის სვე-ბედზე მსჯელობდნენ, არც სამომავლო პროგნოზების გაკეთებისგან იკავებდნენ თავს. მათი ღრმა რწმენით, ძალიან მალე საქართველოს პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი გახდება, ამჟამინდელი პრეზიდენტი კი თავს "კლეტკებში" ამოყოფს, ხოლო სანამ შევარდნაძე თავის თანამდებობაზე იქნება, აქციის მონაწილენი სახლში წასვლას არ აპირებენ. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აქციის ორგანიზატორებმა მათთვის უკვე დაიქირავეს რამდენიმე ბინა, სადაც მომიტინგეებს რიგ-რიგობით შეუძლიათ როგორც გამოძინება, ისე ჰიგიენური პროცედურების ჩატარება და ცხელი ჩაის დალევა.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ შიმშილობის დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება, მიტინგის ორგანიზატორებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსთაველის გამზირი ხალხით გაივსებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. გაყინული და გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდნილი აქციის მონაწილენი მხოლოდ პირველი საათისთვის გამოცოცხლდნენ. პოლიტლიდერებმა სწორედ ამ დროისათვის დაიწყეს პირველი განცხადებების გაკეთება.
მანამდე მათი გამოცოცხლება რამდენიმე მომღერალმა სცადა. ზუმბა, ირაკლი ჩარკვიანი და სხვები საკუთარი სიმღერებით ცდილობდნენ, გაემხნევებინათ აქციის მონაწილეები, რაც მათ მეტ-ნაკლებად გამოუვიდათ. აქციის მონაწილეების გულის დასამშვიდებლად დროდადრო ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ რუსთაველის გამზირზე ძალიან მალე რამდენიმე ათასი ადამიანი მოიყრიდა თავს. დაპირებული ათასები არსად ჩანდნენ. რუსთაველის გამზირზე მსხდომნი კი ერთიანად წყევლიდნენ ნოემბრის ცივ ამინდს და საქართველოს ხელისუფლებას. დაახლოებით პირველი საათისთვის მიტინგზე პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამოჩნდა. მან აქციის მონაწილეთ ოპოზიციის პირველი გამარჯვების შესახებ ამცნო. მოგეხსენებათ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბოლნისის შედეგები გაუქმდეს. ამ ინფორმაციას გაყინული მომიტინგეები ტაშითა და ყვირილით შეხვდნენ. "ხელისუფლება ცდილობს, ასეთი პატარ-პატარა ბარტყები გადმოგვიგდოს. მათ იმედი აქვთ, რომ დავიშლებით, მაგრამ არ გამოუვათ. ჩვენ ვიდგებით მანამ, სანამ ხელისუფლება არ გააუქმებს იმ შედეგებს, რომლებიც დღეს არის დაფიქსირებული. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო დანიშვნა", - განაცხადა ბურჯანაძემ. მან მომიტინგეებს პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ოპოზიციამ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინდელ მიტინგზე 10 ნოემბერს ბათუმში გამართულ შეხვედრაზეც იყო საუბარი. არც ერთი მომიტინგე და გამომსვლელი არ იწონებდა ორი ბაბუს შეხვედრას, უფრო სწორად, ამ შეხვედრის პათოსს. ამ პათოსით გამწარებული აქციის მონაწილენი ხუთ წუთში ერთხელ ხმამაღლა ყვიროდნენ: "ძირს შევარდნაძე, ძირს აბაშიძე/" აღორძინების მხრიდან შევარდნაძის ასეთი მოულოდნელი შეყვარება ვასიკო მაღლაფერიძისთვის, ცოტა არ იყოს, უცნაური აღმოჩნდა. "სულ ცოტა ხნის წინ აღორძინება შევარდნაძეს ლამის დედას აგინებდა. ახლა კი ისინი ერთად არიან და ერთმანეთს ეთათბირებიან. ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევს. მაგრამ არაფერი გამოუვათ. ისინი ხალხის ნებას ვერაფერს დაუპირისპირებენ/" - აცხადებდა მაღლაფერიძე.
ანალოგიური სახის განცხადებებს აკეთებდნენ სხვა პოლიტიკოსებიც. მათ მსგავსად, მიტინგის მონაწილენიც ამტკიცებდნენ, ორი ბაბუს ალიანსი ვერაფერს დაგვაკლებსო, ხოლო როცა მომიტინგეებმა შეიტყვეს, საცაა პარლამენტის წინ მიხეილ სააკაშვილი მოვაო, ასლან აბაშიძის და ედუარდ შევარდნაძის არსებობა სულ დაავიწყდათ და მიშა, მიშას ძახილით აიკლეს იქაურობა. სააკაშვილმა, თავის მხრივ, თავი არ დაზოგა და ჩვეულ სტილში გააკეთა განცხადება. მან ბედნიერი იერით ამცნო მომხრეებს, საცაა ათასობით სტუდენტი შემოგვიერთდებაო. "ცოტა ხნის წინ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ის ჩვენს აქციაზე ვერ ხედავს სტუდენტებს. ახლა კარგად გაახილოს თვალები და დაინახავს, არიან თუ არა ჩვენ გვერდით სტუდენტები/" - დასჭექა დიდმა მიხეილმა და პარლამენტის თაღები "მიშას" ძახილმა შეაზანზარა.
რამდენიმე წუთში კი ასზე მეტი სტუდენტი გამოჩნდა, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე მყოფნი ისე შეხვდნენ, როგორც ბასილ მკალავიშვილს თავისი მრევლი ეგებება ხოლმე. სტუდენტები ასეთმა შეხვედრამ გააბედნიერა. მათ საკუთარი თავი დიდგორის ომის მონაწილეებს და სამას არაგველებსაც კი შეადარეს. მათი აზრით, რუსთაველის გამზირი არაფრით განსხვავდება დიდგორის ველისგან. მათივე აზრით, დავით აღმაშენებელი მიხეილ სააკაშვილია, ხოლო შევარდნაძე და მისი მთავრობა - ილ-ღაზი და მისი ლაშქარი. რუსთაველის გამზირზე დაბანაკებულნი იმედოვნებენ, რომ 21-ე საუკუნის აღმაშენებელი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან იხსნის. |