სოფო ბუკია

,,24 საათი”. 2003 წ. 11 ნოემბერი. გვ. A1-A2

 

 

 

ოცდამეორე და... სამართალი

 

სენაკში ჰოლანდიური ჯიშის ძროხებთან ხანმოკლე ურთიერთობის შემდეგ პრეზიდენტის ვერტმფრენი ,,მისი მეგობარი ასლანის” მშობლიურ ქალაქ ბათუმში ეშვება. ბატონი ასლანი ბატონ ედუარდს საკუთარი ჯიპით ხვდება, თანაც საჭესთან თავად ზის, შინაურულად. ბელის მოქნილი მოძრაობით ბათუმელი მეგობარი თბილისელს მანქანაში ეპატიჟება, თითქოს ეუბნება: ,,რა ჩამოგიშვია ცხვირი, ჩაჯექი, აბა, რა გიჭირს, მომიყევი...”

           

რას უყვება შევარდნაძე აბაშიძეს, არავინ იცის, ჟურნალისტებს ასლან აბაშიძის რეზიდენციაში არ უშვებენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ჟურნალისტებისათვის რაიმე ახსნა-განმარტებას ორი ცნობილი ,,ბაბუ” მოგვიანებითაც არ იმეტებს.

           

ყველაფერს ნათელი ეფინება მიტინგზე, რომელსაც შევარდნაძის გასამხნევებლად ასალან აბაშიძე ბათუმის ცენტრში აწყობს (შევარდნაძე, ამ ბოლო დროს, სხვის მიერ მოწყობილ მიტინგებზე სტუმრობას მიეჩვია). როგორც ირკვევა, ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვიდრე ამას ჟურნალისტები ვარაუდობდნენ. პრეზიდენტს, უბრალოდ, აჭარა მოენატრა და მივიდა: ,,ძვირფასო ქართველებო, ძვირფასო მეგობარო, ბატონო ასლან. დიახ, მე მივესალმები თქვენს ასლანს, მე მივესალმები ჩემს ასლანს... აჭარას არაერთხელ შეუტანია განსაკუთრებული წვლილი, როცა საქართველოს მართლაც უჭირდა. ვინც კარგად იცნობს მემედ აბაშიძის ანდერძს, ის დარწმუნდება, რომ სწორედ მემედმა უანდერძა აჭარას და მთელ საქარტველოს ერთიანობა. დღეს აჭარა მაგალითს უჩვენებს სრულიად საქართველოს: აქ აშენდა საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები... თუ არ ვცდები, ეს ჩემი ოცდამეორე ჩამოსვლაა აჭარაში. ნეტა, მქონდეს იმის ბედნიერება, რომ ყოველ კვირას თქვენთან ვიყო. საქართველომ უძნელეს წლებში აირჩია თავისუფლების, დემოკრატიის გზა. ამ გზიდან საქართველო არასოდეს გადაუხვევს... იმან, ვისაც საქართველოზე გული ტკივა, უარი უნდა თქვას დემაგოგიაზე, იაფფასიან დაპირებებზე. დემაგოგიის წყალობით ქვეყნის აყვავება შეუძლებელია... საქართველოში დაიწყო აყვავება. თქვენ პირველი ნაბიჯები გადადგით ამ გზაზე. ჩვენ ერთად დავადეგით სწორ გზას. მხოლოდ წინ ვიაროთ, მხოლოდ და მხოლოდ წინ. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრათ, ბათუმელებო, მშობლიურო აჭარავ, ძვირფასო ასლან, იმიტომ, რომ თქვენ ერთგული ხართ საქართველოს ერთიანობის... ვერავინ ვერ გაგვყრის, ჩვენ ერთად ვართ,” – საინტერესოა, ბატონო პრეზიდენტო ვის და როდის შეეპარა ეჭვი საქართველოს ერთიანობაში?

           

შემდეგ მიკროფონთან მიდის გუშინდელი ბათუმელი მიტინგის კონფერანსიე ჯემალ გოგიტიძე და ტრიბუნას ,,ძვირფას ასლანს” უთმობს.

           

,,ჩვენს საქართველოს მუდამ ჰყავდა და მუდამ ეყოლება შიდა და გარე მტერი. დღესაც იგივეა, დღესაც გვიტევენ შიგნიდან და გარედან. ჩვენ აბსოლუტური მხარდაჭერა გვაქვს მოსახლეობის, ეს გვმატებს ძალას... ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ერთიანობას, და პრეზიდენტის სიტყვებისა არ იყოს ჩვენ არ გადავუხვევთ ამ გზიდან, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ. ეს არის გზა დემოკრატიისა... თქვენ ატყობთ, რა მიზნები ამოძრავებთ ნაციონალისტებს... დღეს ისინი ხელისუფლებაში არ არიან და უკვე იმუქრებიან კონკრეტული ადამიანების დაპატიმრებით, უტევენ აჭარას, აბუჩად იგდებენ ნაციებს და ერებს. დაუფიქრდით და განსაზღვრეთ, რას მოგვიტანს მათი ხელისუფლებაშო მოსვლა. ეს იქნება კატასტროფა, რომელის მაჯლაჯუნასავით დააწვება ათეული წლები საქართველოს, მის ყოფას, ერთიანობას, სიმტკიცეს. ჩვენი ვალია დავდგეთ იქ, სადაც კანონიერი ხელისუფლებაა, დავიცვათ იგი დღეს, ხვალ, ზეგ... დექით მტკიცედ და შეურყევლად...” – საინტერესოა, ასლან აბაშიძის მიერ ხსენებული კანონიერეი ხელისუფლება თავად როდის მოიცლის ხალხის დასაცავად? ბატონო ასლან, ჩვეულებრივ, კანონიერი ხელისუფლება დგას ხოლმე ხალხის კეთილდღეობის სადარაჯოზე და არა პირიქით.

           

ორი მეგობრის გამოსვლებისას მომიტინგეები დაუღალავად სკანდირებდნენ ,,ბაბუ! ბაბუ!” ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ არის ბაბუ, მომიტინგეები პასუხობდნენ – ჩვენი ასლან აბაშიძე. თბილისელი ,,ბაბუ” გუშინ არავის უხსენებია, ასე იცის სხვის მიტინგებზე შევლამ...