შორენა მარსაგიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 23 ნოემბერი. გვ. 2-3.

 

ოპოზიცია პარლამენტში შეიჭრა

საქართველო კიდევ ერთხელ გახდა სახელმწიფო გადატრიალების მომსწრე. ამჯერად საქმე, როგორც ამბობენ, ევროპული ტიპის ხავერდოვან გადატრიალებასთან გვქონდა. ამ გადატრიალების შესახებ უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბარი. გადატრიალების სურვილით ატანილებს პრეზიდენტი ხშირად ეხუმრებოდა ხოლმე, ვისაც გადატრიალება გინდათ, ლოგინში გადატრიალდითო. კარგა ხნის განმავლობაში ის ხალხი ასეც იქცეოდა, ბოლოს კი მათ მოსწყინდათ ლოგინში გადატრიალება და ხავერდოვანი გადატრიალებაც მივიღეთ, რომელიც გუშინ პირდაპირ ეთერში იხილა მთელმა მსოფლიომ. ეს ყველაფერი ძალიან წააგავდა სომხეთის სახალხო კრებაზე 1999 წელს დატრიალებულ მოვლენებს. ოღონდ მაშინ სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში ტერორისტული ორგანიზაცია "დაშნაკ ცუტუნი" შეიჭრა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კი - საქართველოს მოსახლეობა, რომელიც, შესაძლოა, ამა თუ იმ პარტიის მიერ იყო ორგანიზებული, მაგრამ ერთი რამაც ცხადია - მოსახლეობას არსებული სიტუაცია ყელში ამოუვიდა.

გუშინ საქართველოს ახალი პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გამართულიყო. ამ მოვლენას ყველა მოუთმენლად ელოდა, პრეზიდენტიც, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ამ სხდომაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ამ სხდომის ჩასაშლელად გაერთიანებულმა ოპოზიციამ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით ადამიანი ჩამოიყვანა. თბილისში დენთის სუნი დატრიალდა. დენთის სუნს კიდევ უფრო ამძაფრებდა აღორძინების მიტინგი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა. ოპოზიციის მომხრეები კი თბილისის საკრებულოს წინ იკრიბებოდნენ. უკვე დილიდანვე ცხადი იყო, რომ რაღაც მოხდებოდა. მოლოდინი გამართლდა.

დაახლოებით დილის ათი საათისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია ციხე-სიმაგრეს დაემსგავსა. ავტობუსებით ჩახერგილ მიდამოს ფარებით და ხელკეტებით აღჭურვილი პოლიციელები იცავდნენ. შენობის დაცვა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, როცა იქ საქართველოს პრეზიდენტი მივიდა. მან იქიდან რამდენიმე განცხადება გააკეთა და ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა დიალოგისკენ.

ოპოზიცია კი ქუჩაში იკრიბებოდა, შევარდნაძეს დიალოგზე უარს ეუბნებოდა და იმ სხდომის ჩაშლით იმუქრებოდა, რომელიც გუშინ უნდა გამართულიყო. სხდომა დღის ოთხი საათისთვის იყო დაგეგმილი. დეპუტატები პარლამენტში აუჩქარებლად მოდიოდნენ. სხდომის გახსნისთვის საჭირო 118 კაცი დიდი ვაი-ვაგლახით შეგროვდა. სხდომის გახსნა ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ახალი მემარჯვენეები, რომლებიც, ერთ-ერთი ვერსიით, პარლამენტში შემოსვლაზე უარს აცხადებდნენ. ბოლო მომენტში მათ, როგორც ჩანს, გადაიფიქრეს და მათი მოსვლის შემდეგ პარლამენტის სხდომაც დაიწყო.

პარლამენტის რიგით პირველ სხდომას, როგორც წესი, უცხოელი დიპლომატები და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც ესწრებიან ხოლმე, გუშინ კი ისინი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იმისთვის ლოცულობდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო. გვიან საღამოს საპატრიარქოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მიაკითხეს, რომლებიც უწმინდესს და უნეტარესს მადლობას უხდიდნენ იმისათვის, რომ მისმა ლოცვამ ქვეყანა სისხლისღვრისაგან გადაარჩინა.

პარლამენტში კი მოვლენები ასე ვითარდებოდა. სხდომის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ოპოზიციამ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ ისინი კანცელარიასთან უპრობლემოდ მიუშვა.

პარლამენტში მოსულ მთავრობის წევრებს სახეზე აშკარად ეტყობოდათ შეშფოთება, თუმცა ამას არცერთი მათგანი არ იმჩნევდა. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ პარლამენტს და მიდიოდნენ. როგორც ჩანს, მათ გარკვეული დავალება ჰქონდათ შესასრულებელი. თუმცა ეს დავალება მათ პირნათლად ვერ შეასრულეს და ალბათ ამიტომაც მოხდა, რომ ყველაფერი უსისხლოდ დასრულდა.

პარლამენტის სხდომა ხუთი საათისთვის დაიწყო. პირველი სიტყვა, წესით და რიგით, საქართველოს პრეზიდენტს არგუნეს. პრეზიდენტმა ახლადშეკრებილ პარლამენტს არჩევა მიტულოცა და დარბაზში ქვეყნის ჰიმნიც დაუკრეს. ჰიმნის მოსმენის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი კარგ გუნებაზე დადგა. "თუ კიდევ ერთხელ მომიწევს პირველი სესიის წაყვანა, მაშინ ჩემთან ერთად თქვენც უნდა იმღეროთ ჰიმნი. მარტო ჩემი ხმა არ ისმის" - განაცხადა პრეზიდენტმა. შემდეგ კი ნებართვა ითხოვა, ხუთი-შვიდ წუთიანი განცხადება გამაკეთებინეთო.

როგორც წესი, პრეზიდენტი ამ რეგლამენტში ვერ ჩაეტია. ამასობაში მოვიდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია პარლამენტის შენობისკენ დაიძრა. პარლამენტში მყოფებმა იმის შესახებაც კარგად უწყოდნენ, რომ მათ პრობლემას არ უქმნიდა პოლიცია. ამის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი თავის სიტყვას მაინც აგრძელებდა. ის საუბრობდა ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ წყობაზე. რამდენიმე მიღწევასაც გაუსვა ხაზი და ალბათ კიდევ ბევრს იტყოდა, მოულოდნელად სხდომათა დარბაზის კარი რომ არ შემოენგრიათ. ოპოზიციას პარლამენტის შენობა უკვე აღებული ჰქონდა.

სხდომათა დარბაზში ერთ-ერთი პირველი მიხეილ სააკაშვილი შემოიჭრა. მას ხელში ვარდი ეკავა. "გადადექი", უყვიროდა ის ქვეყნის პირველ პირს. შევარდნაძე კი თავის გამოსვლას აგრძელებდა და დარბაზში შემოჭრილ ხალხს ეუბნებოდა, ჩემს სიტყვას აუცილებლად დავასრულებო. "სად არის კანდელაკი?/" - აყვირდა ერთ-ერთი დეპუტატი, დარბაზში შემოჭრილი მასა რომ დაინახა. კანდელაკი იქვე იყო, მაგრამ მუშტები არ გამოუყენებია, ის შემოჭრილი მასის შეკავებას ცდილობდა. დარბაზში შემოჭრილი ოპოზიციონერების შეკავებას ამაოდ ცდილობდნენ დარბაზში მსხდომი დაცვის წევრები და დეპუტატები. ოპოზიციონერების გაჩერება უკვე შეუძლებელი გახდა. ისინი უკვე შუა დარბაზში იყვნენ შემოსულები, შევარდნაძე კი სიტყვას მაინც არ წყვეტდა. შესაბამისად, არც სხდომათა დარბაზის დატოვებას აპირებდა. მისი დაცვა იძულებული შეიქმნა შევარდნაძე პარლამენტიდან გაეყვანა.

პრეზიდენტის გასვლა და ცემა-ტყეპის დაწყება ერთი იყო. აღსანიშნავია, რომ პირველად მუშტი-კრივში ქალები ჩაებნენ. დარბაზში შემოჭრილი ელენე თევდორაძე იქ მყოფმა ერთ-ერთ მანდილოსანმა თმებით ითრია. გაგებით. საწყალი თევდორაძე ჯანით არასდროს გამოირჩეოდა და ამჯერად მეტოქეს ნამდვილად ვერ გაუმკლავდა.

დარბაზში ამის შემდეგ მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. იქ ასეულობით დროშიანი ახალგაზრდა შემოვარდა. ისინი პირველად სპიკერატში აიჭრნენ, ჯავრიან გულზე ერთ-ერთმა ახალგაზრდამ სხდომათა დარბაზში დადგმული ბორჯომის ბოთლიც მოიყუდა. "ბიჭო, მოწამლული არ იყოს/" - გააფრთხილეს თანამოაზრეებმა.

ამასობაში დარბაზში შემოჭრილი ხალხი დეპუტატებისთვის განკუთვნილმაგიდებზე დახტოდა დროშებით და საქართველოს გაუმარჯოსო, ყვიროდა. შიგადაშიგ კი იმ საქაღალდეებს ხევდნენ, რომლებიც დეპუტატებს გუშინ საგანგებოდ დაურიგეს.

ცოტა ხანში კი უკვე სკამების სროლაც დაიწყეს და მაგიდების მტვრევაც. სიტუაცია კიდევ უფრო უკონტროლო რომ არ გამხდარიყო, ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იყვირა: "ნურაფერს ამტვრევთ, ეს ყველაფერი ჩვენი იქნებაო".

მიხეილ სააკაშვილი კი ამ ყველაფერს ბედნიერი ადევნებდა თვალს. ის ტაშითა და ოვაციებით მიაცილეს სპიკერატამდე, სადაც სააკაშვილს პირველად თვალი პრეზიდენტისთვის განკუთვნილმა ჩაიმ მოსჭრა. "მე დიდი სიამოვნებით დავლევ პრეზიდენტის ჩაის," - განაცხადა კმაყოფილმა სააკაშვილმა და ქართველ ერს გამარჯვება მიულოცა. ამას ტაში და მიშა, მიშას ძახილი მოჰყვა.

კმაყოფილმა სააკაშვილმა თანამებრძოლებს ცოტაოდენი მოთმინებისკენ მოუწოდა და უთხრა, სადაცაა მოვა პარლამენტის კანონიერი თავმჯდომარე და სხდომას ის ჩაატარებსო. ბურჯანაძე სხდომათა დარბაზში მოგვიანებით მოვიდა და საგანგებო განცხადებაც გააკეთა. ბურჯანაძემ შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტს დააკისრა და განაცხადა, ხომ დავდეთ პირობა, რომ დანიშნული პარლამენტის სხდომას არ ჩავატარებინებდითო. ნინო ბურჯანაძემ გუშინ თავი ფაქტობრივად ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა და ყველაფერზე პასუხისმგებლობა იკისრა.

ნინო ბურჯანაძემ გუშინ ძალიან თბილი სიტყვებით მოიხსენია პოლიცია და ჯარი. "ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე, რადგან ჩვენთვის ხელი არ შეუშლია," - აღნიშნა ბურჯანაძემ. თუმცა მან საგანგებოდ მიმართა დავით თევზაძეს და მოუწოდა, რომ ის ვალდებულია ქართველი ერი დაიცვას. ამ განცხადების გაკეთება კი ბურჯანაძეს მას შემდეგ დასჭირდა, რაც შეიტყო, რომ მომიტინგეებზე ჯარის თავდასხმაა მოსალოდნელიო.

ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა სხდომათა დარბაზი დროებით დატოვეს. ამ დროს სხდომათა დარბაზში შემოდის ირაკლი ბათიაშვილი და მოითხოვს, რომ ვინც დეპუტატი არ არის, სხდომა დატოვოს. ამას ხმაური და კივილი მოჰყვა. ცოტა ხანში სხდომათა დარბაზში აღორძინებაც შემოვიდა დაცვით. ჯემალ გოგიტიძე თავის ამალას სპიკერატისკენ გაუძღვა, რათა იქედან მიემართა ერისთვის, მაგრამ არავინ აცალა. სხდომათა დარბაზში ასეულობით ახალი ადამიანი შემოიჭრა და აღორძინებაც იძულებული გახდა იქაურობა დაეტოვებინა. შემოჭრილებმა გაქცეულ ამღორძინებლებს დროშის ტარები ურტყეს.

მდგომარეობამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა დარბაზში ჯანსუღ ჩარკვიანის ტექსტზე შექმნილი სიმღერა იმღერეს. სხდომათა დარბაზში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. მათ დაშლისკენ ისევ ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა და სთხოვა, როგორც მშვიდობიანად შემოვედით, ასევე მშვიდობიანად გავიდეთო. მშვიდობიან გასვლას კი ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდა. გასვლის წინ მათ კიდევ ერთხელ დააგუგუნეს ჩარკვიანის ლექსზე შექმნილი სიმღერა. "საქართველოს შევარდნაძეს გარეშე გაუმარჯოს," - იყვირეს ოპოზიციის მხარდამჭერებმა და ასეთი განწყობით დატოვეს სხდომათა დარბაზი.

გახარებული ახალგაზრდები კმაყოფილი სახეებით ტოვებდნენ იავარქმნილ საკანონმდებლო ორგანოს. ისინი ერთმანეთს და ქუჩაში შემხვედრ ადამიანებს გამარჯვებას ულოცავდნენ. რუსთაველის გამზირზე კი ათეულობით ათასი ადამიანი იყო თავმოყრილი და ისინი ერთად ზეიმობდნენ გამარჯვებას.