,,24 საათი”.  2003წ. 14 ნოემბერი. გვ. A2.

 

ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციას ელოდება

პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე გუშინ საღამოს სიტყვით გამოსულმა გიორგი ბარამიძემ მანიფესტანტებს აუწყა, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავს.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე, შეიკრიბნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული გარკვეული პიროვნებები, რომლებსაც დაურიგდათ ,,ნაციონალური მოძრაობის”, ,,ბურჯანაძე-დემოკრატების”, აგრეთვე სხვა ოპოზიციური პარტიების დროშები და ისინი რუსთაველის პროსპექტისაკენ გამოემართნენ. ბარამიძის განცხადებით, ანალოგიური ჯგუფი მზადდება სპორტის სასახლესთან და, ამდენად, პროვოკაციის მოწყობა შესაძლებელია ორივე მიმართულებიდან.

იმ შემთხვევისთვის, თუ ამგვარი ჯგუფები მომიტინგეთა რიგებში შეაღწევენ, ,,ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერი გუშინ ერთგვარ ინსტრუქციას იძლეოდა: ,,ჩხუბის და აყალმაყალის დაწყებისას, პროვოკატორთა გარშემო შეკარით ჯაჭვი და ჩაიმუხლეთ. ამასობაში, ჩვენი აქტივისტების ჯგუფი ადგილზე გაჩნდება.”

ბარამიძემ, მიტინგის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს მიმართა, რომ ისინი ნებისმიერ მომენტში მზად ყოფილიყვნენ პროვოკაციის აღსაკვეთად.

,,აქ რომ ერთი წვეთი სისხლი დაიღვაროს, ეს ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება,” – აღნიშნა ბარამიძემ და შინაგან საქმეთა მინისტრს შეახსენა, რომ მანიფესტანტების უსაფრთხოება და საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სწორედ მისი და მისი უწყების პრეროგატივაა.

რუსთაველის გამზირზე მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ განცხადება გუშინ ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა.