|
,,ახალი თაობა”. 2003 წ. 16 ნოემბერი. გვ. 2.
ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, დანაპირები შეასრულა და რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული საპროტესტო აქცია მოაწყო. აქციაში, სავარაუდოდ, 20 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც, აქციის ორგანიზატორების მსგავსად, შევარდნაძის გადადგომას და არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, თუმცა შიგადაშიგ მათ სხვა მოთხოვნებიც უჩნდებოდათ. ასე მაგალითად, გაგანია მიტინგის დროს სააკაშვილმა პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა, სასწრაფოდ აქ მოდიო. შევარდნაძემ მათი მოთხოვნა არ შეასრულა. ამან კი სააკაშვილი ძალიან გააბრაზა და კანცელარიის თანამშრომლებს საკმაოდ სახიფათო ილეთი ჩაუტარა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეგროვილი საზოგადოება გამუდმებით ეძახის საქართველოს პრეზიდენტს, გადადექიო და, რადგანაც მისგან არავითარი პასუხი არ ისმის, ოპოზიციის ლიდერებმა ჩათვალეს, რომ საქართველოს პრეზიდენტს მათი შეძახილები არ ესმის. ამიტომაც სააკაშვილმა და მისმა საძმომ გადაწყვიტეს, მიახლოებოდნენ კანცელარიას და იქ დაეწყოთ ყვირილი. სახელმწიფო კანცელარიას გაძლიერებული დაცვა იცავს და იქამდე, ბუნებრივია, არავის მიუშვებდნენ. ამიტომაც მომიტინგეები უნივერმაღ "თბილისთან" მივიდნენ და იქ დაიწყეს ყვირილი, გადადექიო. შევარდნაძეს ალბათ მშვენივრად ესმოდა ეს შეძახილები. ამის მიუხედავად, მას გადადგომის შესახებ განცხადების წერა არ დაუწყია. უნივერმაღთან ჩატარებული აქციის შემდეგ ნაციონალები და მათი ათასობით მომხრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტაბ-ბინას მიადგნენ. რამდენიმეწუთიანი აქცია საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მოგვიანებით სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და სააკაშვილმა მიტინგის დაშლის ბრძანება გასცა, ხოლო სანამ ხალხი დაიშლებოდა, დიდმა მიხეილმა მათ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა კი იმაში მდგომარეობს, რომ რაიონებში და ქალაქებში უნდა აიჭედოს ყველა შესასვლელი კარი. ამასთან, ბიზნესმენებმა მხოლოდ იმ ოდენობის გადასახადები უნდა გადაიხადონ, რაც ხელფასების და პენსიების დასარიგებლად არის საკმარისი. |