ნონა ცაბაძე

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 6 ნოემბერი. გვ. 2-10.

 

 

 

ოპოზიციის გეგმა გაიშიფრა?

გუშინ განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეფასება ძალოვან მინისტრებთან ერთად უშიშროების საბჭოს სხდომაზე მისცა. გუშინ დილიდან კანცელარიის მისადგომები მთლიანად პარალიზებული იყო და შენობას ასობით პოლიციელი და საჯარისო ნაწილები იცავდნენ. უშიშროების საბჭოს სხდომამ დაახლოებით ორ საათს გასტანა და იქიდან გამოსული ძალოვანი მინისტრები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში არეულობას და დესტაბილიზაციას არ დაუშვებდნენ, თუმცა არც იმას აკონკრეტებდნენ, რა ზომების მიღებას აპირებდნენ. გენერალურმა პროკურორმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ, გამორიცხული არ არის, კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.

კობა ნარჩემაშვილი:

- ბ-ნო კობა, რა გადაწყვეტილება მიიღეთ?

- პრაქტიკულად იგივე განცხადება შემიძლია გავაკეთო, რასაც ვაკეთებდი გუშინ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აკეთებენ, ვინაიდან ამგვარი შეკრებები და განცხადებები გარკვეული საშიშროების შემცველია. ხელისუფლება ასეთ შემთხვევაში იტოვებს უფლებას, რომ, თუკი საფრთხე დაემუქრება მოქალაქეთა უსაფრთხოებას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შეუძლებელი გახდება. დავიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ძალები და საშუალებები.

- რა იგულისხმება ამაში?

- ვნახოთ. ვიმოქმედებთ იმ ხარისხის ადეკვატურად, როგორი საფრთხის ხარისხიც იქნება.

- რა კვალიფიკაციას აძლევთ ამ საფრთხეს?

- მინდა გითხრათ, რომ ცალკეული განცხადებები აშკარად არის მოწოდება კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლისა.

- არის იმის საშიშროება, რომ სისხლი დაიღვაროს?

- მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მათ ეყოფათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ეს ნაბიჯი არ გადადგან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან იქნება გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მეთოდები, რომელიც მიღებულია ასეთ შემთხვევაში, ყოველგვარი იარაღის გარეშე.

- არ დაარბევთ?

- ნუ დავარქმევთ ამას დარბევას. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არსებობს ინფორმაციები ცალკეული პროვოკატორების შესახებ, ცალკეული დაჯგუფების შესახებ, რომლებიც შეიძლება მიეტმასნონ ამ აქციებს და რომლებიც შეცდებიან, შემდგომში ამ აქციების მართვა გადაიტანონ საკუთარ ხელში. აქ საუბარია იმაზე, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანონ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რაც არ უნდა დავუშვათ.

- დღეს პროკურორმა განაცხადა, რომ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?

- ყოველ შემთხვევაში, ამის საფუძველი არსებობს.

- ვის წინააღმდეგ?

- ვნახოთ, ვინც აკეთებს განცხადებებს, რომ დავამხოთ ხელისუფლება, შევცვალოთ ძალადობრივი გზით და ა.შ. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია მათ წინააღმდეგ.

- თქვენი ინფორმაციით, დღეს მიტინგი იქნება?

-         ჯერჯერობით არ ვიცი, თუ ეს შეკრება იქნება ქუჩაში, მშვიდობიანი, რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან იგივე რეაქცია იქნება, რაც იყო გუშინ.