|
|
|
ნონა ცაბაძე ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 6 ნოემბერი. გვ. 2-10.
გუშინ განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეფასება ძალოვან მინისტრებთან ერთად უშიშროების საბჭოს სხდომაზე მისცა. გუშინ დილიდან კანცელარიის მისადგომები მთლიანად პარალიზებული იყო და შენობას ასობით პოლიციელი და საჯარისო ნაწილები იცავდნენ. უშიშროების საბჭოს სხდომამ დაახლოებით ორ საათს გასტანა და იქიდან გამოსული ძალოვანი მინისტრები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში არეულობას და დესტაბილიზაციას არ დაუშვებდნენ, თუმცა არც იმას აკონკრეტებდნენ, რა ზომების მიღებას აპირებდნენ. გენერალურმა პროკურორმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ, გამორიცხული არ არის, კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრას. ავთო იოსელიანი: - ბ-ნო ავთო, რა ინფორმაცია გაქვთ, არის სიტუაციის დაძაბვის საშიშროება? - არ უნდა დაიძაბოს. ქართველებმა საერთო ენა უნდა გამოვნახოთ და მტერი არ უნდა გავახაროთ. ძალიან დიდი მიზნები აქვს რამდენიმე ქვეყანას, რომ აქ დაიძაბოს სიტუაცია. ბევრს სურს დაანახვოს მსოფლიოს, რომ ჩვენ არჩევნების ჩატარება არ შეგვიძლია. მე მოვუწოდებ მათ, დასხდნენ, მოილაპარაკონ, დიალოგი გამართონ. - რუსეთს გულისხმობთ? - რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიც არიან. - შინაგანი ჯარი და პოლიცია ცეცხლსასროლი იარაღით არიან შეიარაღებულნი? - მათ ეს შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ, რატომ გგონიათ, რომ უნდა ისროლონ. ეს არ მოხდება, ქართველი კაცი ქართველს არ ესვრის. მე ჩემს მონაცემებს ვეყრდნობი და, მინდა გითხრათ, რომ არის ძალები ქვეყნის გარეთ, რომელსაც საქართველოში სტაბილურობა არ უნდა და, რატომ არ უნდა, ეს დიდი ისტორიაა. ამიტომ ამ შემთხვევაში, არ არსებობს, ქართველმა ქართველს არ გაუგოს. მე ყველა პარტიას მოვუწოდებ დიალოგისკენ, თორემ, თუ რამე აგორდა და ერთი გავარდა, ამას ვერავინ გააჩერებს. დააცადონ არჩევნების შედეგებს, რაში სჭირდებათ ქუჩაში გამოსვლები. ამ ყველაფერს ჩვენი მტერი სათავისოდ იყენებს. კახა იმნაძე: - ბ-ნო კახა, როგორია პრეზიდენტის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით? - პრეზიდენტმა მოისმინა შესაბამისი უწყებებისგან ის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს არის სერიოზული მსჯელობის საგანი და ეს მსჯელობა გაგრძელდება. თავისი პოზიცია პრეზიდენტმა დააფიქსირა ჯერ კიდევ გუშინ, რომ დაუშვებელია ქუჩებში დესტაბილიზაციისკენ მოწოდება. უნდა ვაცადოთ ცსკ-ს ნორმალური მუშაობა, ხმების ერთი მესამედი ჯერ კიდევ დასათვლელია და პრეტენზიების გარკვევა შემდგომში სასამართლოშიც შეიძლება. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელიც იყო გუშინ, ეს არ იყო მხოლოდ მოთხოვნები, გუშინ იყო საკმაოდ სახიფათო მოწოდებებიც და ერთგვარად გაურკვეველი მოთხოვნებიც კი. ჯერ ერთი, ხმების დათვლის პროცესი არ დამთავრებულა, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ რომელიღაც პარტიამ გააყალბა არჩევნები, რომელიღაცამ უკვე გადალახა ბარიერი და ის, რასაც ითხოვენ ბურჯანაძე-დემოკრატები, რომ დაკანონდეს ამ პარტიის მიერ ბარიერის გადალახვა, არასწორია. ეს დაკანონდება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როცა ცსკ დაამთავრებს ხმების დათვლას. ისიც, რომ ხელისუფლებამ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, არასწორია, რადგან ხელისუფლებამ დათვლილი ხმებიდან აიღო მხოლოდ და მხოლოდ 25% და არა 80%, როდესაც მოქკავშირი იმარჯვებდა იმავე ჟვანიას ხელმძღვანელობით და მისი დიდოსტატობით. - მათ მოთხოვნებს რაც შეეხება? - მოთხოვნები ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის, კანცელარიის შტურმით აღების თაობაზე, ის განცხადებებია, რომელიც გუშინ ამ პოლიტიკოსების მიერ კეთდებოდა. მოთხოვნა, რომ გადადგეს პრეზიდენტი, არამარტო გაუგებარია, არამედ ამას აქვს შორს მიმავალი გეგმებიც. პრეზიდენტის გადადგომა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება გადაეცეს ამჟამინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს. მათი მხრიდან ეს იყო საკმაოდ შენიღბული ოპერაცია. გუშინ ამ დეტალზე ყურადღება არ გამახვილებულა მასმედიის მხრიდან. ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია და უნდა გვახსოვდეს, რა მოგვიტანა ასეთმა მოწოდებებმა. სამწუხაროდ, ყველა პოლიტიკოსს ხალხი და ხალხის სახელით აპელირება ახსენდება მაშინ, როდესაც თვითონ ეწვის კუჭი და ვერ ხვდება პარლამენტში, ან აკლდება ის ხმები, რომელიც მას ასე ძალიან სურს. - თქვენ ახსენეთ, რომ მასმედიამ ერთ სახიფათო მომენტზე არ გაამახვილა ყურადღება. იქნებ უფრო დააკონკრეტოთ? - პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა, რომელიც გუშინ გაისმა, ნიშნავს იმას, რომ, თუ ორი პოლიტიკოსის მიერ მოხდებოდა პრეზიდენტის გადაყენება, ამ შემთხვევაში ძალაუფლება ავტომატურად გადადის ნინო ბურჯანაძის ხელში, რომელიც ჯერ კიდევ არის მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე. შესაბამისად, მთელი ძალაუფლება გადაეცემა ადამიანს, რომელიც კენჭს იყრიდა და მთელი არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს, როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო. - ეს წინასწარ ჰქონდათ გათვლილი? - ისეთ გამოცდილ ხალხს, რომელიც ათი წელი საარჩევნო ტექნოლოგიებში ბრწყინვალედ ერკვევა, არა მგონია, ასეთი რამ არ სცოდნოდა. სხვანაირად ძნელია აიხსნას ის მოთხოვნები, რომელიც ასეთ დროს დგება, მაშინ, როცა ჯერ არჩევნები დამთავრებული არ არის. ერთი ძალა ფიქრობს, რომ არჩევნებს აგებს, ხოლო მეორე ძალა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სააკაშვილის პარტიას, ფიქრობს, რომ საკმარისი ხმები არ აქვთ. ისინი ითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას. ფაქტობრივად ეს არის ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა |