,,24 საათი”. 2003წ. 11 ნოემბერი. გვ. A1- A3

 

 

 

ორი მთავარსარდლის ფარული მანევრები

 

საქართველოს ორი მთავარსარდლის მოძრაობის ტრაექტორია სულ უფრო ამოუცნობი ხდება. გუშინ საქართველოს ახლადგამომცხვარი მთავარსარდალი ასლან აბაძშიძე მეზობელ სომხეთს აჭარის სუვერენული რესპუბლიკის ლიდერის სტატუსით ესტუმრა. აბაშიძის კოჩარიანთან შეხვედრის დეტალები უცნობი რჩება. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ აბაშიძე სამეზობლოში შევარდნაძის თხოვნით გადავიდა. ,,ეს არის შევარდნაძისა და აბაშიძის მოღალატეობრივი შეთქმულება თქვენი, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აბაშიძემ კოჩარიანს პირდაპირ სთხოვა, რომ ხელი შეუწყოს ჯავახეთში სეპარატისტული აჯანყების მოწყობაში; სთხოვა, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხები გამოვიდნენ ავტონომიის მოთხოვნით, რითაც შევარდნაძეს სკამი უნდა შეუნარჩუნდეს. კოჩარიანს ასევე სთხოვეს, ახალქალაქში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზიდან გამოიყვანონ ჯარები თბილისში  ჩამოსაყვანად, რათა ედუარდ შევარდნაძის ძირმომპალი ხელისუფლება გადარჩეს. გუშინ თელავიდან ჯარების შემოყვანა არ გამოუვიდათ და ახლა ჯარის შემოყვანას ჯავახეთიდან ცდილობენ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ერევანი აბაშიძისა და შევარდნაძის ავადმყოფურ წინადადებას არ აჰყვება, ეს არ შედის სომხეთის ინტერესებში. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერზე მიდის ძალაუფლების შესანარჩუნებლად; შევარდნაძე სახელმწიფო ღალატის გზას დაადგა, რადგან ის არ სარგებლობს საკუთარი ხალხის მხარდაჭერით,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და საქართველოში მცხოვრებ სომეხი ეროვნების მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ აბაშიძე-შევარდნაძის პროვოკაციას.

           

ზურაბ ჟვანიას აზრით, შევარდნაძისა და აბაშიძის საეჭვოდ შეხმატკბილებული დუეტი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს – თბილისელი ,,ბაბუ” საკუთარ მემკვიდრედ ბათუმელ ,,ბაბუს” გვიტოვებს.

           

 ,,ძალიან მარტივია. მათი გეგმის თანახმად, ასლან აბაშიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გახდეს. ამაზე მიუთითებს ,,აღორძინების” საარჩევნო ხმების ასტრონომიული მაჩვენებელი. ამის შემდეგ კი გადადგება ქვეყნის მართვით დაღლილი შევარდნაძე და პრეზიდენტის უფლებები ავტომატურად გადაეცემა აბაშიძეს,” – აცხადებს ჟვანია.