რიტა ყაველაშვილი

“ახალი ვერსია”, 2003 წლის 24-30 ნოემბერი, გვ.17

 

 

 

I არხი – სამთავრობო ტელევიზია?

 

საქართველოს ტელერადიოდეპარტამენტის თავმჯდომარემ, ზაზა შენგელიამ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მის განცხადებას წინ უსწრებდა მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული შეფასება, რომელიც მან პირველი არხის მისამართით გააკეთა: “პრესას და ტელევიზიას ვთხოვ, მოვლენები ობიექტურად გააშუქონ, განსაკუთრებით პირველ არხს მივმართავ. სხვა ტელეკომპანიები უკეთესად მუშაობენ. პირველ არხს მადლობას ვერავითრ შემთხვევაში ვერ ვეტყვი. უნდა იყოს ერთი არხი, რომელიც ხელისუფლებაზე იმუშავებს. თქვენ ხართ სამთავრობო არხი. არ შეიძლება იქითაც იყოთ და აქეთაც”.

           

ზაზა შენგელიამ განცხადება გადადგომის შესახებ სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტს არ აქვს სრული სურათი, რა ხდება ქვეყანაში და ეს მისი გარემოცვის დამსახურებაა: “პრეზიდენტი დღეს გარკვეულ ვაკუუმში იმყოფება. მისი გარემოცვა ყველაფერს აკეთებს, რომ პრეზიდენტმა არაფერი იცოდეს. პირველი არხი სახელმწიფო ტელევიზიაა და არავითარ შემთხვევაში სამთავრობო არხი. იგი მოსახლეობიდან აკრეფილი გადასახადებით არსებობს.”

           

განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლებს. გადაცემა “რა ხდებას” წამყვენმა, კოკა ყანდიაშვილმა პრეზიდენტის განცხადება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა. სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილის აზრით, შენგელია საქტელემაუწყებლობაში თავად შექმნა კრიზისული მდგომარეობა და თანამდებობიდან წასვლით პასუხისმგებლობას თავი აარიდა.

           

შენგელიას განცხადების შემდეგ თანამდებობა დატოვა მისმა მეუღლემ – კულტურის მინისტრმა, სესლილი გოგიბერიძემ. მან საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. მისი განცხადებით, იგი საერთოდ მიდის პოლიტიკიდან და აპირებს, დაუბრუნდეს სამეცნიერო საქმიანობას