|
|
|
,,24 საათი” 2003წ. 11 ნოემბერი. გვ. A1-A5.
პოლიციას ხელი უკანკალებსროგორ მოიქცევიან ძალოვნები მიტინგის დარბევის ბრძანების მიღების შემთხვევაში ხელისუფლების მუქარა, რომ საჭიროების შემთხვევაში პარლამენტის შენობასტან შეკრებილი, ოპოზიციის მხარდამჭერი ათობით ათასი მომიტინგის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, აქტუალობას არ კარგავს. გუშინ კი, პანკისის ხეობიდან რამდენიმე ერთეული ჯავშანმანქანის თბილისის მიმართულებით გადმოადგილების გამო, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შსს-ოს სპეცდანიშნულების რაზმებისა და რკინის ფარ – მუზარადებით, რეზინის ხელკეტებით აღჭურვილი პოლიციელების გარდა, შესაძლოა, მომიტინგეებს ჯავშანტექნიკითაც დაუპირისპირდნენ. კობა ნარჩემაშვილს პოზიცია არ გუშინ შეუცვლია. ,,მე და ჩემს უწყებას, ქვეყანაში შექმნილი ვითარების კონტროლთან ერთად, სახელმწიფო კანცელარიის უსაფრთხოების დაცვაც გვევალება და ამას ვაკეთებთ კიდეც. ჩვენ არ გვინდა, რადიკალური ზომები გამოვიყენოთ, მაგრამ გვაქვს სერიოზული ინფორმაციები, რომ მზადდება პროვოკაცია და ამ ყველაფრისთვის მზად ვართ. თუმცა, თუ ხედავთ, მომიტინგეებთან პოლიციის ძალები სრულად მობილიზებული არ არის, მომიტინგეებში არც კი ჩანან, რადგან ჩვენ არ გვინდა სიტუაციის დაძაბვა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პროვოკაციის შემთხვევაში ყველა პრევენციული ზომა იქნება მიღებული. ჩვენ აუცილებლად ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად...” – ასეთი გახლავთ საქართველოს შსს მინისტრის მოქმედების გეგმა.
შინაგანი ჯარის სარდალი გია შერვაშიძე, რომლის ხელქვეითნიც სახელმწიფო კანცელარიასა და პარლამენტის შენობას იცავენ, დარწმუნებით ამბობს, რომ ჯავშანტექნიკა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნება:
- პანკისიდან სულ რაღაც 6 ერთეული ჯავშანტექნიკა გამოვიყვანეთ და მუხროვანის სამხედრო ნაწილისა და სამგორის რაიონში მდებარე პირველი ოპერატიული ბრიგადის ტერიტორიაზე განვალაგეთ. ეს გადაადგილება სრულიად არ უკავშირდება თბილისის ცენტრში მიმდინარე მიტინგს. ამ ტექნიკის ნაწილი დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს, ნაწილი კი ზამთრის მანძილზე გამოვიდოდა მწყობრიდან. პანკისის ხეობაში სიტუაცია სტაბილურია და იქ დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკია საჭირო აღარ არის. ზამთარში კი მათი შენახვისთვის საჭირო პირობების შექმნა საგუშაგოებზე ვერ ხერხდება. მე რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ჯავშანტექნიკის გამოყენებას ვაპირებდე, დამერწმუნეთ, თბილისშიც საკმარისად მყავს და პანკისიდან მოხსნა არ დამჭირდებოდა.
- ე.ი. მომიტინგეების წინააღმდეგ ჯავშანტექნიკით გამოსვლა დღის წესრიგში არ დგას. აბა, რა ზალისმიერი მეთოდების გამოყენებას აპირებს პოლიცია და შინაგანი ჯარი?
- ჩვენ ძალის გამოყენება რომ გვინდოდეს, ამის კანონიერი საფუძველი უკვე გვაქვს და კიდეც გამოვიყენებდით. მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ არ გვინდა. ბედავთ, რომ შინაგანი ჯარი მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებს, წესრიგს იცავს. ვდგავართ კანცელარიასთან და პარლამენტთან. ჩვენი ვალია, აღვკვეთოთ იქ შეჭრის ნებისმიერი მცდელობა ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს. მეტსაც გეტყვით, პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, შინაგანი ჯარის არცერთი ჯარისკაცი არ არის შეიარაღებული. მიტინგის ტერიტორიას რომ ვუახლოვდები, ჩემს დაცვასაც ვატოვებინებ იარაღს. მინდა ყველამ იცოდეს, რომ რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ შინაგანი ჯარის არცერთ ჯარისკაცს იარაღი არ აქვს.
- და მაინც, თქვენი, როგორც საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიცია იმაზე, რაც ხდება?
- მე სამსახურებრივი მდგომარეობა მიკრძალავს პოლიტიკური შეფასებების კეთებას. ისე კი გეტყვით, რომ ძალზედ რთული სიტუაციაა. ორივე მხარეს ქართველები არიან, ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ, არა თუ იარაღის გამოყენებაზე მიდგეს საქმე, ხელის შეხებაც კი არ მოხდეს მხარეებს და, თუნდაც, ძალოვნებსა და მომიტინგეებს შორის.
- და მაინც, როგორ მოიქცევა შინაგანი ჯარის სარდალი გია შერვაშიძე, თუ ხელისუფლებამ მიტინგის დარბევა მოთხოვა? გასცემთ ბრძანებას, რომ თქვენმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველი საქართველოს მოქალაქეები დაარბიონ?
- სხვათა შორის, მოსახლეობის მხრიდან უკვე გაისმის მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ ან დაამყაროს ქვეყანაში წესრიგი, ან მართლაც გადადგეს. საუბარი არ არის მიტინგის დარბევაზე; თუ საჭირო გახდა, მიტინგი უნდა დაიშალოს და არა – დაირბეს.
- ანუ მაიც მზად ხართ, ხელისუფლებიდან ბრძანების მიღების შემთხვევაში თქვენც გასცეთ ბრძანება, თუნდაც უიარაღოდ, მაგრამ იმავე რეზინის ხელკეტებით მშვიდობიანი ხალხის იძულებით დაშლის შესახებ?
- მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს არ იქნება.
თბილისის პოლიციის ,,ომონის” უფროსი თემურ მრებრიშვილი შექმნილი სიტუაციის გამო ძალზედ შეწუხებულია. იგი გუშინ იმასაც განიცდიდა, რომ პროფესიულ დღესასწაულს ის და მისი ,,ბიჭები” ქუჩაში შეხვდნენ:
- როგორ ვიქნები, ძალიან ცუდად ვარ. დღეს პოლიციის დღეა და გაწუწული და გაციებული ქუჩაში ვდგავარ... მომიტინგეების დარბევის შემთხვევაში რას ვიზამთ? აბა, რა გითხრა, ბრძანება თუ იქნება, აბა...
- ბატოტნო თემურ, რას გულისხმობთ, ბრძანების შემთხვევაში მომიტინგეებს დაარბევთ?
- რა გითხრათ... ეს ხალხი ჩვენები, ქართველები არიან და... ხალხს პრეზიდენტის ჩამოგდებისკენ მოუწოდებენ, ჭაობისკენ... შეიძლება ასე? რა ვქნათ აბა... თუ ბრძანება იქნება?... მე პოლიციელი ვარ...
- ანუ ბრძანების საფუძველზე მომიტინგეების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებთ?
- მომიტინგეები ჩვეულებრივი, გაჭირვებული, გაუბედურებული ხალხია. ეს ხალხი ელიავაზე, ხიდის ქვეშ იდგა, რათა პურის ფული გაეკეთებილა. მათ რას ვერჩი... მაგრამ გითხარით, მე პოლიციელი ვარ და ბრძანება უნდა შევასრულო... პოლიციელი ვარ, მაგრამ გული და მარჯვენა მიკანკალებს... არა მგონია, ასეთი ბრძანება მომცენ... დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ქვეყნისთვის და ხალხისთვის მიღებული ბრძნული განკარგულება... აბა, რა ვიცი, რა ვქნა, ჩემს ხალხს როგორ დავუპირისპირდები...
ჩვენს შეკითხვაზე – გამოიყენებ თუ არა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალას ბრძანების შემთხვევაში? – რიგითი პოლიციელები პასუხს მართალია იძლეოდნენ, მაგრამ ვინაობის დასახელებისაგან კატეგორიულად იკავებდნენ თავს. პოლიციელთა პასუხი, უმეტეს შემთხვევაში, ერთნაირია – რა თქმა უნდა, მიტინგ ვერ დავარბევთ.
- ვერა, პირადად მე ვერ დავარბევ. ისე, ჩვენი ბიჭები ძალზე დაძაბულები არიან, აქ ზოგი ჩვენი ნათესავები არიან, ზოგის ძმა, ზოგის – და... აბა, როგორ დავარბევთ. მე მთაწმინდა – კრწანისის პოლიციაში ვმუშაობ. ჩვენთან ასეთ რამეზე არც ყოფილა საუბარი და ჩვენი უფროსობახც არ არის ასე განწყობილი. რაც დაიწყო მიტინგი, იმის მერე აქ ვართ და ეს ხალხი არაფერს აშავებს, რატომ უნდა დავარბიოთ? არ ვიცი, სხვები რას იზამენ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ არ ჩავერევით ამ არეულობაში. პოლიციას ყოველთვის იყენებენ და აკეთებინებენ მათთვის საჭირო საქმეს, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენს ხალხთან არ ვაპირებთ ომს. სხვათა შორის ჩვენთან სხვა ეროვნების ბიჭებიც მუშაობენ და ისინიც ასე ფიქრობენ. |