|
|
|
საქინფორმი ,,საქართველოს რესპუბლიკა”. 2003 წ. 18 ნოემბერი. გვ 1-3.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პრესკონფერენცია 2003 წლის 17 ნოემბერს
ტელეკომპანია "მზე": ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მხარს უჭერთ გაგრძელდეს დიალოგი ოპოზიციასთან, ოპოზიცია კი მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას და აღარ სურს დიალოგის გაგრძელება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელია დაინიშნოს ვადამდელი პრეზიდენტის არჩევნები და პარალელურად ხელმეორედ გაიმართოს პარლამენტის არჩევნები. თქვენი კომენტარი... - ჩემი აზრით, არც ერთი დასახელებული ვარიანტი რეალური არ არის. ამ დღეებში ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს არჩევნების შედეგებს. კონსტიტუცია მავალებს, რომ როგორც კი არჩევნების შედეგები გამოცხადდება, დავნიშნო პარლამენტის პირველი სხდომა. ალბათ, პარლამენტის პირველივე სხდომაზე აირჩევენ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, სხვა ხელმძღვანელებს და პარლამენტი ჩვეულებრივი რეჟიმით დაიწყებს მუშაობას. რაც შეეხება პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმართულ კამპანიას, ზოგადი მსჯელობა საქმეს ვერ უშველის... არსებობს კონსტიტუცია და პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის კონსტიტუციური ვადა - 2005 წლის აპრილამდე. თუ პრეზიდენტი თავად არ მოისურვებს გადადგომას, განცხადებას არ დაწერს ამის თაობაზე, მანამდე იგი არ გადადგება. ზოგიერთები შეიძლება იმედგაცრუებულიც კი არიან ამ ფაქტით. ანდა შეიძლება მოითხოვონ პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა ან ქვეყანა უნდა დაანგრიოს, ანდა დიდი ცოდვები უნდა ჩაიდინოს. და ეს ყველაფერი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს. არც ერთია მოსალოდნელი და არც მეორე. ჯერჯერობით, რთული სიტუაციის მიუხედავად, პროცესები ქვეყანაში მართვადია. ტელეკომპანია "რუსთავი-2": ბატონო პრეზიდენტო, მას შემდეგ, რაც თბილისში ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან რაიმე მკაცრი კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა, არ შემდგარა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან. არ იგულისხმება სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგადი ხასიათის განცხადებები. თქვენ რით ახსნით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისაგან განსხვავებით, დასავლურ პრესაში საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს? - ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან რეაქცია არ არის მკვეთრად გამოხატული. შესაძლებელია, რაიმე პოზიცია უკვე გამოიხატოს დღის ბოლომდე, დაგეგმილია შეხვედრა ჩვენს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რიჩარდ მაილსთან, მგონი, მას აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წერილი თუ მიმართვა. თუ აქამდე არ იყო ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია, ამ ფაქტს იმით ვხსნი, რომ პარლამენტის არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტ ბუშის წერილი. ამ წერილში დეტალურად იყო ჩამოყალიბებული ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის რეკომენდაციები, თხოვნა და სურვილი, რომ საქართველოში არჩევნები გაიმართოს დემოკრატიულად, სამართლიანად, კანონიერად. ეს წერილი გამოქვეყნდა პრესაში. თუ კარგად გაეცნობით, ნახავთ, რომ მასში, ფაქტობრივად, არჩევნების შესაძლო შედეგებზეც არის გაკეთებული მინიშნებები. ასევე საკმაოდ ზომიერი და ნორმალური განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტშიც. შესაძლებელია, კიდევ მივიღოთ რაიმე განცხადებები, შეფასებები და ეს ცნობილი გახდება საზოგადოებისათვის. რაც შეეხება დასავლეთის სხვა ქვეყნებს, ამ დღეებში შევხვდი ევროგაერთიანების ელჩებს. საკმაოდ კარგი საუბარი გაიმართა. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ელჩებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი. კერძოდ, მათი თქმით, ჩვენს მიერ კომპიუტერებში შესატანად წარდგენილი საარჩევნო სიები, აბსოლუტურად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მათ გამოთქვეს კმაყოფილება. მას შემდეგ, რაც სიები კომპიუტერში შეიტანეს, რაღაც გაურკვევლობა მოხდა. ამ პროცესს უცხოური ორგანიზაცია ახორციელებდა. ამიტომაც დაგვჭირდა ხელმეორედ გადამოწმება. მოგეხსენებათ, იტალია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, სწორედ ამ ელჩის მეთაურობით, ყველა დანარჩენ ელჩს მოვუსმინე. რა თქმა უნდა, იყო ცალკეული კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ არადრამატული. გაიმართა ჩვეულებრივი მეგობრული საუბარი. იყო თხოვნა, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე შეცდომაა დაშვებული, იგი დროულად გამოსწორდეს. ჯერჯერობით ამგვარი განწყობილებაა. ახლა მთავარია პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და ძალაში შევიდეს კანონიერი ხელისუფლება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო.
რადიო "იმედი": ბატონო პრეზიდენტო, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი ბოლო ვიზიტი აჭარაში, შემდეგ კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის შემოვლითი გზებით ვიზიტი რუსეთში, გარკვეულ გარანტიებს უკავშირდება. იგულისხმება, რომ ბათუმმა მიიღო ერთგვარი გარანტიები ოფიციალური თბილისისგან, ხოლო თბილისმა კი - გარკვეული გარანტიები ოფიციალური მოსკოვისგან. რა სახის გარანტიებზეა ლაპარაკი?
- არავითარ გარანტიებზე საუბარი არ ყოფილა. დიდი ხანია, ბატონ ასლან აბაშიძეს ჰქონდა სურვილი, სავსებით კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ჩასულიყო ბაქოში. ამიტომაც თხოვნით მივმართე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვედროდა ასლან აბაშიძეს. მათ შორის გაიმართა საქმიანი საუბარი. ასევე მოხდა სომხეთში, ბატონ რობერტ ქოჩარიანს ვთხოვე შეხვედროდა ბატონ ასლანს. ხოლო, როცა მოსკოვში გაიმართა ასლან აბაშიძის შეხვედრები კრემლის ადმინისტრაციაში, ამას წინ უსწრებდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სატელეფონო ზარი. მან დამირეკა და მითხრა, რომ კრემლის ადმინისტრაციაში იმყოფება ბატონი ასლან აბაშიძე და თუ საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევდა საჭიროდ და შესაძლებლად, რუსეთის პრეზიდენტი შეხვდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს. როგორც ვიცი, გაიმართა ხანმოკლე შეხვედრა, ბატონმა ასლანმა წერილიც მომწერა ამის თაობაზე. მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარის მოსახლეობა აპირებს მიტინგის გამართვას. ამის მიზეზია რამდენიმე გამონათქვამი, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ამ რეგიონისათვის.
როცა ლაპარაკია რეგიონებზე, განსაკუთრებით, ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ეროვნულ უმცირესობებით დასახლებულ რაიონებზე, ძალიან დიდი სიფრთხილე და წინდახედულობაა საჭირო. რამდენიმე დღის წინათ შევხვდი ქვემო ქართლის მოსახლეობის წარმომადგენლებს, აქ იყვნენ აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები, ქართველები... ეს იყო უნიკალური შეხვედრა. ძალიან ვნანობ, რომ მათ ვერ შევხვდი ადგილზე, სადაც 30 ათას კაცამდე იყო შეკრებილი და ელოდებოდნენ ჩემს ჩასვლას. მაგრამ იმ დღეს ჩემი გამგზავრება ქვემო ქართლში არ მოხერხდა. ზოგიერთი სვამს კითხვას: - რატომ უჭერენ მხარს საქართველოს პრეზიდენტს 80-85 პროცენტით, ერთსულოვნად, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები. იცით, რა მითხრეს. თავის დროზე, საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ თვეებში 800 ოჯახი გაასახლეს საქართველოდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე. შეხვედრაზე ქვემო ქართლის მოსახლეობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მაშინ ყველა მათგანი ელოდებოდა, რომ გაასახლებდნენ. ხოლო მათი თქმით, საქართველოში პრეზიდენტ შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ, ეს შიში მოიხსნა. ისინი ამბობენ, რომ იდეალურ პირობებში არ ცხოვრობენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ისინი ცხოვრობენ როგორც დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები, სწავლობენ სახელმწიფო ენას და კვლავაც ისწავლიან. მოვუწოდებ ყველას, აჭარასთან დაკავშირებით დიდი სიფრთხილეა საჭირო, ისევე, როგორც სხვა რეგიონებთან დაკავშირებით. ამ რეგიონებში ადამიანები ცხოვრობენ, ისინი ქმნიან პოლიტიკას, ამინდს, შრომობენ და პატივი უნდა ვცეთ მათს აზრს, განწყობილებას.
საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, "მოამბე": ბატონო პრეზიდენტო, თქვენი აზრით, შეხვედრას, რომელიც შესაძლებელია გაიმართოს თქვენსა და რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს შორის, უნდა დაესწრონ თუ არა იმ ოპოზიციურ პარტიათა ლიდერებიც, რომლებმაც პარლამენტის არჩევნებში მოსახლეობის გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვეს?
- არა ვარ დარწმუნებული, გაიმართება თუ არა ამგვარი შეხვედრა. რადიოინტერვიუში უკვე ვთქვი, რამდენიმე დღის წინათ შევთანხმდით რადიკალური ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის თაობაზე. მათი ერთადერთი თხოვნა იყო, რომ ამ შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი დასწრებოდა. იმის უფლება, რომ ქალბატონი ნანა - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ შეხვედრაზე მომეწვია არ მქონდა. პირადად დავურეკე ნანა დევდარიანს და ვთხოვე, თუ მისთვის ეს ძალიან მძიმე პროცესი არ იქნებოდა, მონაწილეობა მიეღო ოპოზიციასთან შეხვედრაში. ცესკოს თავმჯდომარე დამთანხმდა, მაგრამ ჩვენ 3 საათზე მეტ ხანს ველოდეთ ოპოზიციის ლიდერებს და ისინი არ მოვიდნენ. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. შეიძლება ისინი ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ, არავის ვადანაშაულებ, შეიძლება ზოგს უნდოდა ამ შეხვედრაზე დასწრება, ზოგს კი - არა, ხდება ხოლმე ასე. ახლა კი რამდენად არის შესაძლებელი ახალი შეხვედრის დანიშვნა, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. თუ მათ ახალი ულტიმატუმები წამოაყენეს არჩევნებთან ან პარლამენტთან დაკავშირებით - ულტიმატუმებით საუბარი ჩემთან შეუძლებელია, გამოცდილებაც ამას მკარნახობს და საკუთარი თავმოყვარეობაც. დიალოგი დიალოგია, და თუ ნორმალური დიალოგი გაიმართება, ამას არ გავურბივარ.
პირადად, ოპოზიციასთან დიალოგი დავიწყე მაშინ, როცა პარლამენტის წინ გავარვარებული ლავა, დროშების ფრიალი და "გადადექის" ყვირილი იყო... არ ვიცი, რომელი პრეზიდენტი გააკეთებდა ამას. მივედი პარლამენტთან, 40 წუთი ვიდექი, ვისთანაც შეიძლებოდა დალაპარაკება, დაველაპარაკე. ამ ყვირილის ფონზე ცოტა რთული იყო ლაპარაკი, მაგრამ ვალდებული ვიყავი, იქ მივსულიყავი. ამ ნაბიჯით დავიწყე დიალოგი ოპოზიციასთან, მაგალითი მივეცი... ვაჩვენე, რომ ამგვარ რთულ პირობებშიც კი არ გავურბივარ დიალოგს.
"როსიისკაია გაზეტა": ბატონო პრეზიდენტო, საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსეთის ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ გამოხატეს დიდი დაინტერესება საქართველოში სტაბილურობის დამკვიდრებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ. რა კონკრეტული ფორმით მოელის საქართველო რუსეთისაგან მხარდაჭერას, თუ ქვეყანაში უკიდურესად გამწვავდება მდგომარეობა?
ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ "შრომის დეზერტირები" უწოდა იმ არშემდგარ ბიოლოგებს, ფიზიკოსებს, იურისტებს, რომლებმაც თავიანთი მწირი პროფესიული შესაძლებლობების ფარგლებში უპირატესობა მიანიჭეს ლიტერატურულ საქმიანობას, რადგანაც შედარებით ფინანსურად მომგებიან და, ამასთან, მარტივ საქმიანობად სწორედ ეს სფერო მოეჩვენათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ვერც მწერლებად გამოდგნენ. თქვენი აზრით, ხომ არ ხდება ამგვარი პრინციპით ქართული პოლიტიკური სპექტრის საკადრო შევსება როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში?
- მიმაჩნია, უწინარესად, თავად ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამჯერ დამირეკა და დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მან რამდენჯერმე მკითხა, რა შეიძლება რუსეთმა გააკეთოს ამ ვითარებაში საქართველოსათვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული საქართველოს სტაბილურობით. მისი თქმით, არასტაბილური საქართველო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისათვის, კერძოდ კი, სამხრეთი რაიონებისათვის. სხვა სახის დაპირებები რუსეთის პრეზიდენტს არ მოუცია, ერთადერთი, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის კონკრეტულ საკითხებში დაეხმაროს საქართველოს სტაბილურობის შესანარჩუნებლად. არ მოვახდენდი კონსტანტინე გამსახურდიას ციტირებას, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი კონკრეტული მოსაზრება მაქვს. არა მარტო ლიტერატორები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, არამედ ბევრი სხვა პროფესიის ადამიანი, ავად თუ კარგად, ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს ხან კარგია, ხანაც კი - ცუდი, იმიტომ, რომ ზოგიერთი მათგანი პოლიტიკოსი ვერ გახდა, ზოგიერთი კი - პირიქით, და არცთუ ცუდ პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდნენ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და საქართველოც არ არის გამონაკლისი. ამგვარი პროცესები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, მათ შორის, ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებშიც. ასე რომ, ჩვენი ლიტერატურის კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას შეფასებების გარეშე, ფაქტებით გელაპარაკებით. ფაქტი კი ჩვენს ქვეყანაში ასეთია - ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მათგან ზოგიერთი კარგი პოლიტიკოსია, ზოგიც კი - შეუმდგარი. ტელეკომპანია "მე-9 არხი": ბატონო პრეზიდენტო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო საკადრო ცვლილებების შესახებ. იმ ფონზე, როცა ოქტომბრის ბიუჯეტი 14 მილიონით გაირღვა, წინასწარი მონაცემებით არც ნოემბერშია კარგი მდგომარეობა, აპირებთ თუ არა ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას?
- საკადრო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ქვეყანაში. მაგრამ, ვიდრე პარლამენტი არ შეიკრიბება და არ დაიწყებს მუშაობას, ამ საკადრო ცვლილებების განხორციელებას აზრი არა აქვს. უკვე დანიშნულია იუსტიციისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრები. ორი თვე გავიდა და ეს მინისტრები თავიანთ საქმიანობას ვერ შეუდგნენ. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის განკარგულება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შედის, როცა პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს. როცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე და გარკვეულწილად რეფორმებზე ვლაპარაკობ, ერთ-ერთი საკითხი ესეც არის. რუსეთში, უკრაინაში, სხვა ქვეყნებში ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას ჩვეულებრივად პრეზიდენტები იღებენ. ისინი, რა თქმა უნდა, კონსულტაციებს აწარმოებენ პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც პრეზიდენტი იღებს. შეიძლება ქვეყანას იუსტიციის მინისტრი ორი თვე არ ჰყავდეს. ეს ქვეყნისათვის ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი სამინისტროა. ამიტომაც, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების განხორციელება აზრს კარგავს.
"ვორლდ სთრით ჯორნალი": ბატონო პრეზიდენტო, თქვენი აზრით, ის რეფორმისტები, რომლებიც თქვენ ჩამოიყვანეთ საქართველოში, რატომ გამოდიან თქვენს წინააღმდეგ. ნანობთ თუ არა, რომ საერთოდ მოიყვანეთ ეს ხალხი ქართულ პოლიტიკაში?
- უნდა გითხრათ, რომ არც ერთი პოლიტიკოსი არ ჩამომიყვანია. ეს სულ აქაური ახალგაზრდები იყვნენ, ზოგიერთი საკმაოდ ნიჭიერი იყო და ამ ფაქტს ძალიან დიდი ყურადღება მივაქციე. სხვა რა გზა იყო. ან უნდა მომეყვანა ხალხი საბჭოთა რეჟიმიდან, როგორც ვამბობთ, ტოტალიტარული რეჟიმიდან, ან კიდევ კურსი ამეღო ახალგაზრდობაზე. ბევრმა ახალგაზრდამ გაამართლა, ზოგიერთი ჩემს ოპოზიციაში აღმოჩნდა, ძალიან განვიცდი ამ ფაქტს. მაგრამ, გავა დრო და ამას ჩვეულებრივ მოვლენად შეაფასებენ. ამგვარი რამ არა მარტო საქართველოში ხდება, ასეა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა საქართველოში. ეს ადამიანები არ ჩამომიყვანია, ისინი დამხვდნენ ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის ნიჭიერები კი დავაწინაურე. რამდენიმე ადამიანი ოპოზიციაში გადავიდა, აბსოლუტური უმრავლესობა კი ისევ ჩემს მხარდამჭერად დარჩა, ჩვენ ერთად ვმუშაობთ და პრობლემებს არ ვუქმნით ერთმანეთს. არის ოპოზიციაში 2-3 ახალგაზრდა (არადა, არც ისე ახალგაზრდები არიან, კაცს თუ ჭკუა აქვს, მას 35-38 წლის ასაკში უკვე უნდა ჰქონდეს ეს ჭკუა, თორემ მერე ბევრი არ ემატება)... გაზეთი "ახალი თაობა": ბატონო პრეზიდენტო, ერთ-ერთ ინტერვიუში ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა პრეზიდენტია და ეს პრეზიდენტი არის მოსაშორებელი. ცოტა მოგვიანებით მან უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშის მოსაშორებლად იგი 15 მილიონ დოლარს გამოუყოფს ოპოზიციას. ასევე ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას საწინააღმდეგოდ იგი აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას. ასევე ცნობილია, რომ საქართველოში ოპოზიციური მიტინგების ორგანიზატორები, რამდენიმე ორგანიზაცია სწორედ სოროსის ფონდმა დააფინანსა. ფიქრობთ თუ არა, რომ სოროსმა მოსაშორებელ პრეზიდენტებში თქვენც გიგულისხმათ?
- შეიძლება მიგულისხმა, მაგრამ სოროსიც ხომ პრეზიდენტია, მართალია, არა ქვეყნის, მაგრამ მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციისა. სოროსი გაასახლეს რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ზოგიერთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან. გადაუმოწმებელი ფაქტებით ლაპარაკი არ შემიძლია, მაგრამ, როგორც ვიცი, სოროსი მართლაც განწყობილია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
იგი ორჯერ ვნახე ნიუ-იორკში, გამოვხატე მადლიერება, რომ მეცნიერებისათვის დააწესა რამდენიმე გრანტი, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა. მაგრამ ახლა, როცა მან მეტისმეტი მოიწადინა - პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, ეს უკვე არ არის მისი საქმე. არ ვიცი, ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორ გამოეხმაურებიან სოროსის გამოსვლას პრეზიდენტ ბუშის წინააღმდეგ. მან ისიც თქვა, რომ არა მარტო 15 მილიონ დოლარს გამოყოფდა, არამედ ყველაფერს გაყიდდა, რაც აქვს, ყველა ძალისხმევას იხმარდა, რომ ბუში აღარ იყოს პრეზიდენტი. არც ეს არის მისი საქმე. ჯერჯერობით არ მიფიქრია, დარჩეს თუ არა იგი საქართველოში. მაგრამ თუ სოროსი გააგრძელებს ვიღაც-ვიღაცეების დაფინანსებას ხელისუფლებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუნდაც მხარდამჭერებს აფინანსებდეს - არ არის ეს მისი საქმე. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველომ იგივე გაიმეოროს, რაც მოხდა უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსიაში და სხვა ქვეყნებში.
რუსეთის ტელეკომპანია "ნტვ": ბატონო პრეზიდენტო, რადიოინტერვიუში განაცხადეთ, რომ მკაცრად დაისჯებიან ისინი, ვინც არჩევნების გაყალბების პროცესში მიიღო მონაწილეობა. ნიშნავს თუ არა, რომ ამ ნაბიჯით ერთგვარ კომპრომისზე ხართ თანახმა. რამდენად გართულდება ეს პროცესი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამომრჩეველთა დაახლოებით 17 პროცენტი საარჩევნო სიებში არ იყო, ხოლო 77 პროცენტი მზად არის მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის ხელმეორე არჩევნებში. მზად ხართ თუ არა, დანიშნოთ ხელმეორე არჩევნები და გააუქმოთ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები? მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური გამოსვლები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური ორიენტაცია დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით შეიცვალა...
- უწინარესად, მინდა აღვნიშნო, რომ ბევრ საარჩევნო უბანში, იქ, სადაც არსებობდა ამის საფუძველი, არჩევნების შედეგები გაუქმებულია და დანიშნულია ახალი არჩევნები. რაც შეეხება საარჩევნო ოლქებს, ორ ოლქში - რუსთავსა და ქუთაისში მიდის ხმების გადათვლა და ეს პროცესი იქ ნორმალურად მიმდინარეობს. ზოგიერთ რაიონში, მაგალითად, სამტრედიაში მეორე ტური დაინიშნა. ეს არის არჩევნების თანამდევი აბსოლუტურად ნორმალური პროცესები. ადრე უფრო რთული მდგომარეობა იყო, არც ახლაა იდეალური, მაგრამ წინა წლებისაგან განსხვავებით მდგომარეობა გამოსწორდა. პოლიტიკოსები გაიზარდნენ, პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში ამაღლდა, საარჩევნო ტექნოლოგია ავითვისეთ, გამოცდილება შევიძინეთ... ყველაზე დიდი ცოდვა იყო ამომრჩეველთა სიებში დაშვებული შეცდომები. ეს საქმე საქართველოს გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო მეთვალყურეობისა და პასუხისმგებლობის საგანი იყო. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით და გაირკვევა - ვინ არის დამნაშავე. როცა სიების პირველი ვარიანტი განიხილეს, თავად ევროპელი კოლეგებიც ამბობდნენ, რომ ეს იყო იდეალური სიები. მას შემდეგ, რაც ამ სიების დაკომპლექტებაზე სხვა ორგანიზაციაც (ჯერჯერობით საგანგებოდ არ ვასახელებ მის ვინაობას) ჩაერია, შეიტანეს სიები კომპიუტერში, ბევრმა შეცდომამ და დარღვევამ იჩინა თავი. ეს ყველაფერი უნდა გამოვიძიოთ. ვიცი, რომ ზოგიერთები ახლა ნერვიულობენ, გვირჩევენ, რომ სიების პრობლემა აღარ წამოვწიოთ. არა, ეს საქმე ბოლომდე უნდა გამოვიძიოთ, გავარკვიოთ, რა მოხდა! თუ პოლიციას, ან ცენტრალურ აპარატს აქვს დაშვებული შეცდომა, ისინი აგებენ პასუხს, თუ სხვა არის დამნაშავე, იმის მიუხედავად, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე იქნება იგი, ისიც პასუხს აგებს.
ხელმეორე არჩევნები კი მარტო იმ უბნებში და საარჩევნო ოლქებში გაიმართება, რომლის შესახებაც უკვე მიიღო გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ქვეყნის მასშტაბით კი ხელმეორე არჩევნები აღარ გაიმართება. ამ დღეებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოაქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგებს. კონსტიტუციის თანახმად კი უნდა დავნიშნო პარლამენტის სხდომა.
რაც შეეხება ორიენტაციას, არაერთხელ მითქვამს, ჩვენ ორიენტირებული ვართ მეგობრებზე, იქ სადაც არიან მეგობრები, რომლებიც მხარს გვიჭერენ და გვეხმარებიან. ჩვენ ვამბობდით, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, გავწყვიტოთ ყველანაირი ურთიერთობა რუსეთთან. ის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სამჯერ დარეკა და დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, აღგვითქვა შესაძლო მხარდაჭერა, ნიშნავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივის გაღრმავებას. მხოლოდ იმით შემოფარგლა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ამის გამო აღარ ვითანამშრომლოთ გერმანიასთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, არ არის მართებული.
ბრიტანული სააგენტო "რეიტერი": ბატონო პრეზიდენტო, საქართველოში შექმნილი კრიზისი ბევრი პოლიტიკური ექსპერტისა და ანალიტიკოსის აზრით, ჩიხში შევიდა. ერთი მხრივ, თქვენ სთავაზობთ დიალოგს ოპოზიციას, ოპოზიცია კი უკვე აცხადებს, რომ არ სურთ დიალოგის გაგრძელება. მეორე მხრივ, თქვენ ამბობთ, რომ ამ დღეებში ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგებს და კონსტიტუციის თანახმად უნდა დანიშნოთ ახალი პარლამენტის პირველი სხდომა. ამ შემთხვევაში კი ოპოზიცია მასობრივი გამოსვლებით იმუქრება. ამ გამოსვლებში მონაწილე ხალხი შესაძლებელია იმდენად არც იცავს ოპოზიციის ლიდერთა ინტერესებს, რამდენადაც მძიმე სოციალური ფონის გამო ეწინააღმდეგება არსებულ ხელისუფლებას. თქვენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არსებული მდგომარეობიდან რა გამოსავალს ხედავთ? - გამოსავალი არსებობს, უწინარესად, ეს არის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება. ასევე პარლამენტის სხდომის დანიშვნა, მისი ხელმძღვანელის არჩევა. შემდეგ კი ვაპირებ, როცა ეს შესაძლებელი გახდება, პარლამენტში გამოვიდე მოხსენებით და წარმოვადგინო ჩემი შეხედულებანი. ძალიან მაწუხებს, რომ არ ხერხდება პენსიებისა და შემწეობების დროულად გაცემა. ზოგიერთ პენსიონერს სიმბოლური პენსია - 14 ლარი აქვს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გადასახადები. როგორ წარმოუდგენიათ მათ პენსიებისა და ხელფასების გაცემა, თუ რკინიგზა გაჩერდება, თუ ყველა საწარმო და ქარხანა მიიღებს გადაწყვეტილებას შეაჩეროს მუშაობა. მიმაჩნია, რომ ამ გზით საქართველო არასდროს ივლის. ჩვენ მოვაწესრიგებთ პრობლემებს მხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. "რეიტერი": ბატონო პრეზიდენტო, ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. თუ თქვენ მოიწვევთ პარლამენტს, ოპოზიცია მოიწვევს ხალხს... იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა გამწვავდება, ვინ იკისრებს პასუხისმგებლობას შესაძლო მსხვერპლზე. შესაძლებელია მსხვერპლი მართლაც იყოს...
- მსხვერპლი შეიძლება დემონსტრაციის გარეშეც იყოს, თუ ვინმეს ამის სურვილი აქვს. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ არ იყოს სამოქალაქო დაპირისპირება. უკვე ვთქვი, რომ სამოქალაქო დაპირისპირებიდან სისხლისღვრამდე ერთი ნაბიჯია. ამიტომაც, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველაფერი მოხდეს კანონის ფარგლებში, პროცესებმა ჩაიაროს მშვიდად. ის ადამიანები, ვინც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ, მის წინააღმდეგ გამოდიან, ყველა ოპოზიცია როდია. დავასახელე კიდეც ციფრები, სახელისუფლებო ბლოკმა, რომელსაც ვხელმძღვანელობ, არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 20-21 პროცენტი მიიღო. ხმათა დანარჩენი რაოდენობა ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს. რა ვქნათ ამ შემთხვევაში. ვფიქრობ, ყველა ოპოზიციურ ძალასთან, ვისთანაც მოლაპარაკება გვაქვს, ნორმალური თანამშრომლობაა, მათთან კი, ვინც ქუჩაშია გამოსული, დიალოგი უნდა გაგრძელდეს. სხვანაირად რთული იქნება. მიმაჩნია, როცა პარლამენტი დაიწყებს მუშაობას, უნდა მიიღოს იმგვარი კანონი, რომ ეს პროცესები მოწესრიგდეს. ძველმა პარლამენტმა ყველაფერი გააკეთა, რომ არსებული კანონები, რომლებიც ამ პროცესებს მოაწესრიგებდა, გაეუქმებინა. ახალმა პარლამენტმა რეალურად უნდა შეაფასოს არსებული მდგომარეობა და მიიღოს ახალი კანონმდებლობა.
საფრანგეთის გაზეთი "მონდი": ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ მიმდინარეობს ბრძოლა პრეზიდენტის სავარძლისათვის. რა საკითხზე შეგიძლიათ მოილაპარაკოთ ოპოზიციასთან ამ ეტაპზე. მიმდინარეობს თუ არა მსჯელობა სამინისტროების გადანაწილებაზე. გამორიცხავთ თუ არა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც მოვიდნენ?
- მთავრობის ფორმირება ჩვეულებრივი პროცესია. პარლამენტის გარეშე ეს ვერ მოხდება. ალბათ, პარლამენტში გაიმართება დისკუსიები, მსჯელობა, იქნება გამოთქმული ერთგვარი პრეტენზიები, მოთხოვნები. ბუნებრივია, ჩვენ თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ გავითვალისწინებთ რამდენად კანონიერი და სასარგებლო იქნება ესა თუ ის პოლიტიკური ძალა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. თქვენთვის ცნობილია ოპოზიციის მხოლოდ ორი თუ სამი წარმომადგენელი. ოპოზიციაში ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებთანაც შეიძლება დიალოგი. ასე რომ, შესაძლებელია ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი შევიდეს ხელისუფლებაში...
გაზეთი "მონდი": ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელმეორე არჩევნები გაიმართება რამდენიმე საარჩევნო ოლქში. გამორიცხავთ თუ არა, რომ არჩევნები ხელმეორედ გაიმართოს აჭარაშიც? - აჭარის ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში არჩევნების ხელმეორედ გამართვის საფუძველი არ არსებობს. ახლახან წავიკითხე ბრიტანული ჰელსინკის ჯგუფის პუბლიკაცია, რომელიც მეთვალყურეობას უწევდა აჭარაში საარჩევნო პროცესს. მათი თქმით, მოსახლეობის აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი, იყო ყველა საშუალება იმისათვის, რომ ადამიანებს გაეკეთებინათ არჩევანი. სხვა პრეტენზია მათ არ გამოუთქვამთ. ჩვენ დაველოდებით სხვა მეთვალყურეთა შეფასებებსაც. აჭარაში არჩევნები შედგა. თუ რამდენად დარღვევებით გაიმართა ეს პროცესი, უნდა დაველოდოთ შედეგებს, ადგილობრივ და უცხოელ მეთვალყურეთა შეფასებებს. გაზეთი "მონდი": ბატონო პრეზიდენტო, სამომავლოდ ვის ხედავთ თქვენს მემკვიდრედ. რა ტიპის პიროვნება გესახებათ საქართველოს მომავალ პრეზიდენტად? - ძალიან რთული შეკითხვაა. მსურს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უწინარესად იყოს პატიოსანი და წესიერი ადამიანი, განათლებული, პრინციპული, მომთხოვნი და ჰუმანური. ვფიქრობ, შეიძლება ამგვარი ადამიანის პოვნა. ყოველ შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი ახლანდელ პრეზიდენტს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს. გერმანიის გაზეთი: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები სიებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ეს გამოსვლებიც სწორედ ამას უკავშირდება. რა ზომები უნდა მიიღოთ პარლამენტის მოწვევასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის საფუძველზე, როცა ოპოზიცია ითხოვს არჩევნების შედეგების გაუქმებას? - არსებობს სხვადასხვანაირი მოთხოვნები - სამართლიანი, საფუძვლიანი და არსებობს მხოლოდ მოთხოვნები, რომლებიც არ შეესაბამება კანონსა და კონსტიტუციას. ზოგიერთ საარჩევნო უბანში არჩევნების შედეგები გაუქმდა. შესაბამისმა სტრუქტურებმა დაითვალეს, რომ 80 ათასი ამომრჩევლის ხმა არასწორად იყო გაფორმებული. ამ უბნებში ხელმეორედ დაინიშნა არჩევნები. ორ საარჩევნო ოლქში - ქუთაისსა და რუსთავში მიმდინარეობს ხმების ხელმეორედ დათვლის პროცესი. ვნახოთ, როგორი შედეგი იქნება, მაგრამ ეს არ შეცვლის არსებულ სურათს. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, სადაც ყველა პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი, გამოქვეყნებული შედეგები საკმარისი იქნება იმისათვის, რომ პარლამენტი შეიკრიბოს, კონსტიტუციური უფლებით დავნიშნავ პარლამენტის სხდომას. |