|
|
|
გიორგი ასანიშვილი ,,24 საათი”. 2003 წ. 10 ნოემბერი. გვ. A1-A2
პრეზიდენტ შევარდნაძის დაკარგული და დარჩენილი შანსები
სახელისუფლებო ძალების მიერ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებით გამოწვეული კრიზისი გრძელდება. გუშინდელმა დღემ შექმნილ მდგომარეობაში არსებითი ცვლილებები ვერ შეიტანა. კვანძის გახსნა, შესაძლოა, დღეს მოხდეს – მიტინგის ორგანიზატორები აპირებენ, საპროტესტო აქცია პარლამენტის წინამდებარე ტერიტორიიდან სახელმწიფო კანცელარიასთან გადაიტანონ.
არადა, გუშინდელი დღე საკმაოდ დამაინტრიგებლად დაიწყო: დილის ცხრის ნახევარზე, როდესაც მომიტინგეთა რაოდენობა შედარებით მცირე იყო, აქციის მონაწილეებთან პრეზიდენტი შევარდნაძე მივიდა. ბალხი მის გამოჩენას შეხვდა შეძახილებით. ,,გადადექი, გადადექი!” ნინო ბურჯანაძესთან ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ, შევარდნაძისკენ (ამ დროს პრეზიდენტი უკვე მანქანაში იჯდა და წასვლას აპირებდა) მიხეილ სააკაშვილი გაემართა, მაგრამ, მისი პირადი დაცვის ,,ჯებირის” გარღვევა ვწე შეძლო.
,,შევარდნაძემ წაიკეკლუცა და ხალხთან მისვლა მოინდომა, მაგრამ საკადრისი პასუხი მიიღო. მას აღარ აქვს ხელისუფლებაში დარჩენის შანსი, მაგრამ დარჩა შანსი იმისი, რომ რაიმე უგუნური ნაბიჯი გადადგას და შთამომავლობამ წყევლა-კრულვით არ მოიხსენიოს”, - იტყვის მოგვიანებით მიტინგზე ,,გაერთიანებული დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე.
შევარდნაძის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მიდის სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი ირაკლი ბათიაშვილი, მაგრამ არც ამას გამოუღია ბოლო შედეგი.
ასეთ ,,სტუმრიანობას” საზოგადოებამ აქტიურობის გაზრდით უპასუხა: ავდრის მიუხედავად, მომიტენგათა რაოდენობამ საგრძნობლად იმატება. ქოლგებსა და ცელოფნებს შეფარებული ადამიანები მთელი დღის განმავლობაში ფეხმოუცვლელად იდგნენ რუსთაველის განმზირზე.
მომიტინგეები დღის სამი საათისათვის ,,აღორძინების” მხრიდან ელოდნენ პროვოკაციას, კერძოდ, ასლან აბაშიძის მხარდამჭერები პარლამენტის წინ მანიფესტაციის ჩატარებას აპირებდნენ, რასაც, ალბათ, აუცილებლად მოჰყვებოდა შეტაკება ,,ნაციონალების” მხარდამჭერებთან. ,,პარალელური” საპროტესტო აქცია, საბედნიეროდ, არ შედგა - ,,აღორძინება”, ორიოდე დღის წინათ, კარგ ამინდში ვერ შეძლო ცესკო-ს წინ ხალხის თავშეყრა და გადაუღებელ წვიმაში ვინ მივიდოდა სახიფათო მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად?!
ასე რომ, ოპოზიციის მიტინგი ,,თავის გზით” წავიდა: კოკისპირულ წვიმაში მდგარ ხალხს საოპერო არიას თავისუფლებაზე უმღერის საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ მდივანი; სიტყვით გამოდის შვილმკვდარი მამა, რომელიც აცხადებს, ჩემი შვილი ცოცხალი რომ იყოს, აქ, თქვენს გვერდით იდგებოდაო; საინგილოდან ჩამოსული ქართველი სინსნულით საუბრობს იმაზე, რომ როდესაც ჰეიდარ ალიევი საქართველოში ჩამოდიოდა, აზერბაიჯანულ მოსახლეობას აუცილებლად მოინახულებდა ხოლმე, პრეზიდენტი შევარდნაძე კი, აზერბაიჯანში არაერთხელ სტუმრობის მიუხედავად, საინგილოს ,,გვერდ უვლიდა”; სახალხო ფრონტის ლიდერი ნოთარ ნათაძე ითხოვს, რომ გაუქმდეს 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები და ტექნიკურად შესაძლებნელ უმოკლეს ვადაში, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების შემდეგ, ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს...
ბელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირებაში მიტინგის რიტორიკა ბევრს არაფერს წყვეტს. მთავარი კულუარებია. ამ ,,ფრონტზე” კი გუშინ უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები კანცელარიაში ედუარდ შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერების შესაძლო შეხვედრის შესახებ, მაგრამ წინააღმდეგობის ფრონტის ხელმძღვანელებმა ,,ქაჯეთის ციხეში” მისვლაზე კატეგორიული უარი თქვეს. ამის შემდეგ შევარდნაძე, როგორც ჩანს, მოწინააღმდეგეთა გახლეჩა მოინდომა და განაცხადა, რომ არ შეხვდებოდა რადიკალ სააკაშვილს, მაგრამ კონსტრუქციულ ოპოზიციასთან სასაუბროდ მზად იყო. პრეზიდენტის ,,ინიციატივას” ზურაბ ჟვანია საკმაოდ მკვახედ პასუხობს: ,,ჩვენს ერთიანობაში ხელის ფათურის უფლებას არავის მივცემთ”.
ოპოზიციის ლიდერების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, აგრეთვე, შევარდნაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში აპირებს გასვლას.
,,თუ შევარდნაძე გავა თბილისიდან, ის, როგორც პრეზიდენტი, დედაქალაქში ვეღარ დაბრუნდება”, - აცხადებს სააკაშვილი. ამასთან, ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი აფრთხილებს შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს, გზების გადაკეტვას თავი დაანებოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხოვრების საუკეთესო წლებს საპატიმროში გაატარებს.
მიხეილ სააკაშვილი ასევე კრიტიკულად შეხვდა ინფორმაციას რუსეთის ელჩთან პრეზიდენტ შევარდნაძის შეხვედრის შესახებ. ,,კაცი, რომელიც ასეთ მძიმე ვითარებაში საათობით ესაუბრება რუსეთის ელჩს, განა, ქვეყნისთვის საშიში არ არის?” – ამ კითხვით მიმართავს სააკაშვილი მომიტინგეებს და თავის შეკითხვაზე, რა თქმა უნდა, ერთსულოვან დადებით პასუხს იღებს. ამის შემდეგ, მიტინგზე ,,გადაწყდა”, რომ ამიერიდან შევარდნაძე პრეზიდენტად კი არა, არამედ ,,ამხანაგად” მოიხსენიება.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უდრტვინველად მიიღეს გიორგი ბარამიძის მიერ მიტინგზე გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ კოლმეურნეობის მოედანზე შინაგანი ჯარები განალაგა. ,,გაერთიანებული დემოკრატების” წარმომადგენელმა მოუწოდა მომიტინგეებს, რომ ,,თუ ხელისუფლება უგუნურებას გამოიჩენს და მშვიდობიან ადამიანებთან ანგარიშსწორებას შეეცდება, ხალხა კოლიდორი გააკეთოს და დარტყმის მისაღებად წინ პოლიტიკოსები გაუშვას თვითონ კი მიწაზე დასხდნენ”.
ორდღიანი აქციის განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირი ინციდენტი, ექსცესი და გაუგებრობა არ მომხდარა. აქ ვერც მიტინგებისათვის დამახასიათებელ ექსტაზსა და ისტერიკას ნახავთ. თავყრილობა მშვიდ ,,საქმიან” ატმოსფეროში მიმდინარეობს. |