სიენენი

,,24 საათი”. 2003 წ. 24 ნოემბერი გვ. A5.

 

 

პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა

ოპოზიციასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა.

პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ მოლაპარაკებებს მიხეილ სააკაშვილი და ზურბ ჟვანია ესწრებოდნენ. საუბარი იგორ ივანოვის მონაწილეობით მიმდინარეობდა.

 

საათნახევრიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტმა ,,ღირსეული ნაბიჯი” გადადგა, - განუცხადა ,,სიენენ”-ს მიხეილ სააკაშვილმა. ,,მან აღიარა თავისი ნაკლოვანებები, მან აღიარა ქვეყანაში კორუფციის არსებობა,” – დასძინა მან.

 

ქართულმა ტელეარხებმა აჩვენეს გამზადებული თვითმფრინავი, რომელსაც პრეზიდენტი ქვეყნიდან უნდა გაეყვანა.

საბოლოოდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ იგი სინ წავიდოდა.

 

მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება სისხლისღვრისა და კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მიიღო. ,,გადადგომა ადვილია, - თქვა მან, - მე ბევრი რამ უნდა გავაკეთო”.

 

შევარდნაძე, რომელიც თავს საკუთარი ქვეყნის მამად მიიჩნევს, დასძინა: ,,მე არასოდეს მიღალატია ჩემი ხალხისთვის. დღეს, გაცილებით უკეთესია, რომ გადავდგე, რათა ყველაფერი სისხლისღვრისა და მსხვერპლის გარეშე დასრულდეს”.

 

შევარდნაძის გადადგომის ცნობამ პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის აღფრთოვანება გამოიწვია. ,,ის წავიდა,” – ყვიროდა ხალხი.

 

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ, შევარდნაძეს, საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, რაიმე ავნონ. ისინი აცხადებენ, რომ ეს იყო ,,ხავერდოვანი რევოლუცია”, ან ,,ყვავილების რევოლუცია”. პრეზიდენტის გადაყენებას არც ერთი გასროლა არ ახლდა თან.

 

ბელისუფლება გადაეცა ნინო ბურჯანაძეს, პარლამენტის ყოფილ სპიკერსა და ოპოზიციის ლიდერს. ახალი არჩევნები 45 დღეში უნდა გაიმართოს.

 

მან განაცხადა, რომ მისი მიზანია აშშ-სთან ურთიერთობების შენარჩუნება, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შენარჩუნება, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფა

 

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ შევარდნაძე საქართველოში დარჩება და მისი უსაფრთხოება დაცული იქნება.

 

,,ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ფურცელი გადავშალოთ,” – დასძინა მან.

 

ეს იყო საოცარი მომენტი, როდესაც შევარდნაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, - ამბობს ,,სიენენ”-ის მოსკოვის ბიუროს უფროსი, ჯილ დოთრი, - დაიწყო ფეიერვერკი, ხალხი მღეროდა და დროშებს იქნევდა. ეს ხალხი პრეზიდენტს კორუფციასა და ქვეყანაში გავრცელებულ სიღატაკეში ადანაშაულებს.

 

კრიზისი სამი კვირა გრძელდებოდა და გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა.

 

თავიდან პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ბოლომდე იბრძოლებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც არმია ხალხის მხარეს გადავიდა, გადამწყვეტი მომენტი დადგა.

 

ჟვანია, რომელიც გადადგომის შესახებ მოლაპარაკებებს ესწრებოდა, აცხადებს, რომ იგი შევარდნაძის სიმშვიდით გაოცებული დარჩა. ,,იგი აშკარად ამჟღავნებდა ამ ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის გრძნობას. გადადგომა გაბრაზებული ადამიანის ჟესტი არ ყოფილა.”