ინტერ-პრესი

"ახალი თაობა "  17 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 5.

 

პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით ხელმოწერები დღესაც გროვდება

პარლამენტის შენობის წინ ჟვანია-სააკაშვილის გუნდის მიერ ორგანიზებულმა საპროტესტო აქციამ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის უპირობო გადადგომას მოითხოვს, ორშაბათამდე "ტაიმ-აუტი" აიღო. გუშინ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის არცერთი მონაწილე არ იყო, თუმცა ხელმოწერები პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით მაინც გროვდება.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ოპოზიციას პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით 1 მლნ. ხელმოწერის შეგროვება აქვს დაგეგმილი. რის შემდეგაც "პრეზიდენტი ხალხის ნებას გვერდს ვეღარ აუვლის". მიუხედავად აქციის მიერ აღებული "წუთშესვენებისა", პარლამენტის შენობაზე მაინც გაკრულია სხვადასხვა ლოზუნგები. ჟვანია-სააკაშვილის გუნდი ძალების მოსაკრებად მთელი საქართველოს მასშტაბით წინააღმდეგობის ფრონტის კომიტეტების შექმნას შეუდგა. დღეს ფილარმონიაში "ბურჯანაძე-დემოკრატები" მხარდამჭერებს შეხვდებიან და სამომავლო გეგმას დასახავენ.