,,ახალი თაობა”. 2003 წ. 16 ნოემბერი. გვ. 2.

 

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით უვადო შიმშილობა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შიმშილობა დაიწყეს. დეპუტატები გია ხევიაშვილი, ლადო ჭიპაშვილი და ვასილ მაღლაფერიძე აცხადებენ, რომ ისინი შიმშილობას არ შეწყვეტენ მანამდე, ვიდრე შევარდნაძეს და აბაშიძეს პოლიტიკურ მოუსავლეთში არ გააგზავნიან.

ამ შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნაციონალებმა მორიგი შიმშილობის დაწყება სცადეს. ამჯერად მათ შიმშილობა სახელმწიფო კანცელარიის ღობესთან მოისურვეს. დეპუტატი აკაკი ბობოხიძე, თავისუფლების ინსტიტუტის წევრი გივი თარგამაძე და კიდევ რამდენიმე ნაციონალი ნელ-ნელა აიპარნენ კანცელარიის შენობასთან, მერე კი ღობეს მიეჭრნენ და შიმშილობას ვიწყებთო, განაცხადეს. მაგრამ ვინ აცლა მათ შიმშილი, მოჰკიდა პოლიციამ ხელი და სულ კინწისკვრით გამოყარეს იქიდან. ამან ნაციონალები საშინლად გააბრაზა და ისინი შევარდნაძეს დაჰპირდნენ, ჩვენ ისევ დავბრუნდებითო.

მართალია, ნაციონალებმა კანცელარიის წინ ვერ იშიმშილეს, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში მაინც დაიწყეს შიმშილობა. იქ მათ სააკაშვილის დახმარებით შეაღწიეს და შენობის ფოიეში დაიწყეს მჯდომარე აქცია. ისინიც ხელისუფლების გადადგომას და არჩევნების გაუქმებას ითხოვენ.