|
თამარ ხორბალაძე “24საათი”. 12ნოემბერი 2003წ. გვ.A1-A2 პრეზიდენტს სჯერა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს
გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში დიდი მიმოსვლა შეიმჩნეოდა.
დილიდან სახელმწიფო მინისტრთან სახელისუფლებო ბლოკის, პრეზიდენტთან კი – გუბერნატორების სეხვედრა გაიმართა. დეტალები ამ შეხვედრების შესახებ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ გახმაურებულა, თუმცა სხდომის დატოვების შემდეგ გაკეთებულმა კომენტარებმა ცხადყო, რომ დაპირისპირება ბლოკში ისევ შენარჩუნებულია, მაგრამ დიალოგის მოწინააღმდეგეთა რიცხვი თანდათან მცირდება. დიალოგის მომხრეა თავად ირაკლი ბათიაშვილიც და ირინა სარიშვილიც, თუმცა იგი ამბობს, რომ ამ დიალოგის საგანი არამც და არამც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგები (?!).
დიალოგთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააჟღერა თბილისის მერმაც:
ვანო ზოდელავას განცხადებით, მან პრეზიდენტს მოლაპარაკებებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების სპექტრის გაზრდის ინიციატივით მიმართა. ,,პრეზიდენტი, ალბათ, ყველა იმ პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება, რომელთაც, ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ. ეს ეხება ,,აღორძინებას”, ,,ახლებს”, ,,მრეწველებს”. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ჩემს ინიციატივას გაიზიარებს და შეხვედრა შედგება” – განაცხადა ვანო ზოდელავამ. მან შეხვედრის შესაძლო ვადად გუშინ ,,გვიან საღამოც” დაასახელა.
თავად გუბერნატორებმა კი პრეზიდენტთან სამი საათის განმავლობაში ,,საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე” ითათბირეს.
ისინი მაქსიმალურად თავს არიდებდნენ კომენტარებს და ჟურნალისტებს სულ ორი მათგანი ,,გაუჩერდა”. პირველი, რა თქმა უნდა, იმერეთის გუბერნატორი გახლდათ, რომელმაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა, ნაწილობრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებს დააკისრა.
,,მე ვისურვებდი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნაში მონაწილეობდნენ, ახლა გამოვიდნენ და გარკვეული პასუხისმგებლობა აიღონ,” – განუცხადა ჟურნალისტებს თემურ შაშიაშვილმა.
პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ვალერი კვარაცხელია კი გუშინ რეგიონებში პრეზიდენტისადმი არსებულ სახალხო სიყვარულსა და სიმპათიაზე საუბრობდა.
დაახლოებით სამი საათისთვის კანცელარიაში გამოჩნდა ექს-გუბერნატორი ლევან მამალაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბურჯანაძე-სააკაშვილ-ჟვანიას უკვე სეხვდა და ახლა დანარჩენ ოპოზიციასტან შეხვედრის დროა. ყველაფერ ამის შემდეგ კი, შეიძლება ახალი შეხვედრა გაიმართოს, უკვე როგორც “მთელი ოპოზიციის”, ასევე სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელთა შემადგენლობით.
ოთხი საათისთვის საქართველოს პრეზიდენტი კრწანისის რეზიდენციაში გაემგზავრა და სარაჯიშვილის დღეებთან დაკავშირებით მედლები დაარიგა. კრწანისში მან პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა:
“გუშინდელი შეხვედრა მომიტინგეებტან საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან იქ იყო ისეთი წამოზახილები, რომელიც არა თუ პრეზიდენტს, არამედ, საერთოდ, უფროს ადამიანსაც არ ეკადრება”, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ.
ედუარდ შევარდნაძეს სჯერა, რომ დიალოგის შედეგად გაუგებენ და დაუჯერებენ, ხოლო მათ მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა და საქართველოს მოსახლობას შეურაცხყოფა მიაყენა, პრეზიდენტის თქმით, კანონის შესაბამისი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს.
მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო მხარდაჭერასაც. “საქართველოს მდგომარეობით უკვე დაუნტერესდნენ როგორც რუსეთის, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებიც,” – აღნიშნა შევარდნაძემ. მისივე თქმით, საქართველოს ბედით ასევე დაინტერესებულია გერმანიის მთავრობაც, თუმცა ჯერჯერობით, სატელეფონო საუბარი ვერ შედგა.
სხვათა შორის, ამ “საერთაშორისო მხარდაჭერის” კონტექსტში, უდავოდ საინტერესოა, რომ გუშინ დილით კანცელარიაში აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი გამოჩნდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. საღამო კი, აშშ-ს ელჩისა და საქართველოს პრეზიდენტის დაახლოებით სამსაათიანი შეხვედრა, მაილსის შეფასებით, შექმნილი კრიზისის დაძლევის თავლსაზრისით საკმაოდ სასარგებლო იყო. აშშ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კვლავაც დიალოგის გაგრძელების მომხრეა და ამ დიალოგში მშვიდი ფონის შენარჩუნებას აუცილებლად მიიჩნევს. ამასთან ყველაფერი უცხო ქვეყნის ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს.
მაილსი, როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, უარს ამბობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლის როლის შესრულებაზე. |