ეთერ ბალაძე

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 13 ნოემბერი. გვ. 4.

 

 

პრეზიდენტს სურს, ბანანის რესპუბლიკად გადაგვაქციოს

გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ საკრებულოში შეხვედრა გამართა ინტელიგენციის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან. შეხვედრის მიზანი გახლდათ მიმართვა ამერიკის და რუსეთის საელჩოებისადმი. ჩვენი სურვილია, ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება იქმნება ხალხისათვის. საქართველოს პრეზიდენტს სურს, საქართველო გადააქციოს ბანანის რესპუბლიკად, რაც მკვეთრად გამოვლინდა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებით. მოხდა ხალხის ნების იგნორირება და ხელისუფლება თავად დაუპირისპირდა მოსახლეობას. ამას დაემატა "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის დაკავება აჭარაში. არასამთავრობო ორგანიზაციები და ინტელიგენცია მიმართავენ ამერიკის ელჩს რიჩარდ მაილსს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულ იქნას მშვენიერაძე. ასევე სთხოვენ მაილსს, გამოხატოს თავისი მკვეთრი პოზიცია საპარლამენტო არჩევნებისადმი.

არასამთავრობოები და ინტელიგენცია ერთნაირად გამოთქვამენ პროტესტს არსებული ხელისუფლებისადმი და მხარდაჭერას უცხადებენ საპროტესტო აქციას.

დავით ლილუაშვილი:

- როცა ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა, მაშინ არასამთავრობოები თვლიან, რომ აქტიურად უნდა ჩაერიონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის, რაც დღეს ხდება, გამოწვეულია არასტაბილური სოციალური სიტუაციით. სამოქალაქო უფლებების წართმევა საქართველოს მოქალაქეებისათვის პროტესტის მთავარი პირობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვაფიქსირებთ საზოგადოებრივ აზრს და არ დავიხევთ უკან. გვაშინებენ ზუგდიდისა და სხვა პროვოკაციებით. გამოდის რჩეულიშვილი და ამბობს, რომ სისხლი დაიღვრება. ეს სულელური მუქარაა. რაც შეეხება მშვენიერაძის დაპატიმრებას, არაფრით უკან არ დავიხევთ.

კოტე მესხიშვილი, ხმების დაცვის სტუდენტური კომიტეტი:

- სტუდენტები, რა თქმა უნდა, ჩართული უნდა იყვნენ საპროტესტო მოძრაობაში, რადგანაც პრაქტიკულად სტუდენტი, რომელსაც ხვალ ქუჩაში ყოფნა ემუქრება, არანაირად არ არის დაცული. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს მომავალზე. ყველაზე სახიფათო ძალა სტუდენტობაა. ჩვენ ძალით არა ვართ ქუჩაში გამოყვანილი. ეს ჩვენთვის შეურაცხყოფაა.

მზია ალავიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია:

- ჩვენ გუშინ გავმართეთ აქციები ამერიკისა და რუსეთის საელჩოსთან. მთავარი მოთხოვნაა მშვენიერაძის გათავისუფლება, აჭარაში და ქვემო ქართლში არჩევნების შედეგების გაბათილება. რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ისინი არ ჩაერევიან საქართველოს შინაურ საქმეებში, საქართველო არ არის რუსეთის კოლონია.

გია მურღულია, საკრებულოს წევრი:

- რატომ მიაღწია უკეთეს შედეგს ოპოზიციამ ბალტიისპირეთში? იმიტომ, რომ ბალტიისპირეთში არის ალტერნატიული ოპოზიცია. ახლა იმასაც ამბობენ, რომ საპროტესტო აქციაზე ანგაჟირებული ხალხი დგას. ამას ერთვის ის ნიჰილიზმი, რომელიც საზოგადოების ნაწილშია. მაინც არაფერი შეიცვლება. იგივე განწყობაა ინტელიგენციაში.

რამაზ ჩხიკვაძე, მსახიობი:

- ჩვენი მოთხოვნა რეალურია. არაფერი გაუგებარი არ არის. ჩვენ გვინდა გავიტანოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას სასიკეთოდ მოერგება.

- საზოგადოებრივი აზრი მაინც საით გადაწონის?

- საზოგადოება გაყოფილია 2 ბანაკად. ერთნი არიან ისინი, ვისაც მოსწონს ეს ცხოვრება და რომლებიც იცავენ ჩვენს პრეზიდენტს, ხოლო მერე ბანაკი ამბობს, რომ გაუსაძლისი ცხოვრება უნდა გაუმჯობესდეს.

- წავა თუ არა პრეზიდენტი დათმობაზე ოპოზიციასთან?

- მე ისიც მესმის, ვინც მთავრობას იცავს. მათ სხვა გზა არა აქვთ. ისინი კარგავენ კეთილდღეობას. არა მგონია, ეს სინდისიერი დამოკიდებულება იყოს. მათ თავიანთ ქვეყანაზე და ხალხზე უნდა იფიქრონ და არა ისე, რომ, მე კარგად ვარ, ლუკმაპური მაქვს და, სხვამ რაც უნდა, ის ქნასო. ეს არ ეკადრება შეგნებულ ადამიანს. რაც შეეხება პრეზიდენტის დათმობაზე წასვლას, თუ მას მშვიდობა უნდა და არ სურს, უარესში გადაიზარდოს, მაშინ უნდა დაუთმოს. მე მჯერა, რომ წვიმის ქვეშ მდგომი ადამიანები ცუდს არ ჩაიდენენ.