|
|
|
თამარ კაციტაძე. ,,24 საათი”. – 2003. – 14 ნოემბერი. – გვ. A1-A7.
პროკურატურა კონსტიტუციის წინააღმდეგკრწანისი-მთაწმინდის რაიონის პროკურატურაში არასანქცირებულ მიტინგებთან დაკავშირებით დღემდე ათამდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ სხვადასხავ მიზეზების გამო, არც ერთ მათგანზე საბოლოო განაჩენი არ დამდგარა. იმავე პროკურატურაში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მიტინგის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ,,ჯგუფური მოქმედებით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის” მუხლით. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. გუშინ კრწანისი-მთაწმინდის რაიონის პროკურატურაში მოწმეთა დაკითხვა დაიწყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. პროკურატურაში ჩვენების მისაცემად პირველად ის მოქალაქეები დაიბარეს, რომელნიც მშვიდობიანი მიტინგის დროს ,,დაზარალდნენ”. ესენი ყოფილან რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე მდებარე ჯიხურების თანამშრომლები (აღსანიშნავია, რომ მიტინგის დროს არც ერთი ჯიხური არ დაზიანებულა) და სამარშრუტო ტაქსების მძღოლები; ასევე ის მოქალაქეები, რომელთა უფლებებიც მიტინგიის დღეებში დაირღვა (რა იგულისხმება მოქალაქეთა უფლებების დარღვევაში, ძნელი სათქმელია).
როგორც რაიონის პროკურორმა მირზა დოლიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, დღეისათვის სისხლის სამართლის საქმე აღძრულია არა სანქცირებული მიტინგის ჩატარების ფაქტზე და, ჯერჯერობით, კონკრეტული პირების დანაშაულებრივი ქმედება არ გამოკვეთილა. საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, პროკურატურა მომავალში მიტინგის ორგანიზატორთა დაკითხვასაც გეგმავს, მაგრამ კონკრეტულად როდის – უცნობია.
,,როგორც ხედავთ, მიტინგი დღესაც მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მისი ორგანიზატორების დაკითხვა ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას. თუმცა, კანონის მოტხოვნიდან გამომდინარე, მომავალში ისინი აუცილებლად უნდა დაიკითხონ”, - ამბობს მირზა დოლიძე.
თავად მიტინგის ორგანიზატორების დამოკიდებულება მშვიდობიანი მიტინგის გამო პროკურატურაში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ასეთია:
,,მშვიდობიანი მიტინგის და მანიფესტაციის ჩატარება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა, რაც პროკურატურამ დღემდე ვერ გაიგო. ჩვენი პასუხი გამოძიებისთვის იქნება – წაიკითხონ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი”, - ასეთია ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ – ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის პოზიცია.
კონსტიტუციის 25-ე მუხლში კი პირდაპირ არის მითითებული: ,,ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციის და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ასევე გარეთ”. |