ბექა სისაური

,,24 საათი”. 2003წ. 13 ნოემბერი. გვ. A1-A2

 

 

 

პროტესტის ახალი ტალღა იმერეთში

 

,,საქართველოში მურვან ყრუ ედუარდ ყრუმ შეცვალა, მას არაფრის მოსმენა არ უნდა და საქართველოს მომავლის ხარჯზე, ოპოზიციასთან ვა ბანკზე მიდის,” – აცხადებენ ქუთაისელი ,,ნაციონალები”. ისინი პრეზიდენტის გადადგომას, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. გუშინვე ,,ნაციონალური მოძრაობისქუთაისის ოფისში აღნიშნული მოთხოვნებით ოთხმა აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო. ქუთაისელი ,,ნაციონალებისერთ-ერთმა ლიდერმა გოგი წულაიამ კი პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ,,ამ ხელისუფლებამ ქვეყანა მორალურ და ფინანსურ კრახამდე მიიყვანა, მიუხედავად ამისა, მათ არ შესწევთ ძალა, რომ გადადგნენ და ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ამოასუნთქონ,” – აცხადებს წულაია. ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ გაღიზიანებას კი ასლან აბაშიძისა და ედუარდ შევარდნაძის ბოლოდროინდელი ურთიერთობა იწვევს.

 

,,შევარდნაძემ ასლან ბაბუსთან რაღაც იპუტუნა, მერე კი იგი სომხეთში და აზერბაიჯანში მიავლინა. ამის მიღმა რა იმალება, მარტო ღმერთმა, ასლან და ედუარდ ბაბუმ იციან. ყოველივე ამან მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველოს ყველა ქალაქში უნდა დაიწყოს ისეთივე საპროტესტო აქციები, როგორიც თბილისშია. ჩვენი მიზანია, შევარდნაძემ ნათლად დაინახოს, რომ ხალხი მის ჩამოსაგდებად უკვე მზადაა. ჩვენ მშვიდობიანი აქციებითა და კონსტიტუციური გზით შევცვლით ხელისუფლებას საქართველოში,” – აცხადებენ ,,ნაციონალები”.

 

დღეიდან კი ისინი ქათაისის მერიის წინ მასშტაბური აქციების დაწყებას აპირებენ. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ,,24 საათის კორესპონდენტს ერთ-ერთმა ქუთაისელმა პედაგოგმა მამუკა ჯგერენაიამ მიმართა და საკუთარი მოსაზრების გამოქვეყნება სთხოვა.

 

,,ამ ქალაქის მკვიდრი ვარ და იცი, რა მინდა ვთქვა? ჩვენი ხელისუფლება ყოველსაათობრივად კარგავს ხალხის მხარდაჭერას და უკვე საშინელ ბოროტებამდე მიდის, რაზეც აბაშიძის სომხეთში ვიზიტიც მეტყველებს. ძალიან მინდა, რომ თქვენი გაზეთის მეშვეობით მოსახლეობას მოვუწოდო: ყველა წესიერი და ღირსეული ქართველი ,,ნაციონალური მოძრაობისადა ,,ბურჯანაძე-დემოკრატებისგვერდით უნდა დადგეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პარტიებიც, ვითომ რაღაცაზე რომ არიან განაწყენებულები, გონს მოეგებიან და ამ მოძრაობას შეუერთდებიან. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ხალხი დააჩაჩანაკა და საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო,”

აცხადებს ქუთაისელი პედაგოგი.

 

საპროტესტო შიმშილობა, ჯერჯერობით, იმერეთის მხოლოდ ორ ქალაქშიქუთაისსა და ზესტაფონში მიმდინარეობს.