რუსუდან ნიკურაძე

“24საათი”2003წ. 17 ნოემბერი. გვ.A1-A6

 

 

 

პროვინციული ტრაგიკომედია

შევარდნაძის რეჟიმის მხარდამჭერი ასლან აბაშიძე მოსკოვმა პოლიტიკურ ნონსესად აღიქვა

 

დასრულდა აჭარის ლიდერის მოსკოვური ტურნე. ოფიციალურმა მოსკოვმა აბაშიძე გარემოებათა შესაფერისად მიიღო: პრესტიჟული ,,მეტროპოლი”; პრესკონფერენცია მეგობრულად განწყობილ ,,იტარ-ტასში”, რომლის უფროსის, ამხანაგ იგნატენკოს კარგად გაწვრთნილი ჟურნალისტები სტუმარს მხოლოდ მოსახერხებელ  შეკითხვებს უსვამდნენ; აჭარის ლიდერის პოლიტიკური ბაგაჟის პრეზენტაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და კრემლის ახალ ადმინისტრაციაში.

           

მოსკოველი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ აჭარის ფაქტორი მოსკოვს მხოლოდსაქართველოში საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად სჭირდება. სწორედ ეს არის აჭარის ლიდერის დღევანდელი საზრუნავიც, რადგან რუსეთის ხელისუფლება, როგორც სჩანს, აბაშიძის პრეზიდენტობაზე ფსონს არ სდებს.

           

საგულისხმოა მეორე ფაქტიც. აჭარის ლიდერის მოსკოურ გარემოცვაში სააკაშვილის ფაქტორმა დიდი განხეთქილება შეიტანა – ზოგი მხარს უჭერს ოპოზიციას, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობს და ეს კარგად გამოჩნდა ,,მეტროპოლში” აბაშიძის მომხრეთა ,,პარტაქტივის კრებაზე”. ამ შეხვედრაზე აბაშიძის ბევრი თანამებრძოლი არ მოვიდა.

           

,,მეტროპოლში” ასლან აბაშიძემ მოსკოვის ქართული დიასპორა დაიბარა. ამ შეხვედრას წინ უძღოდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელთან  - ვალერი ლოშჩინინთან შეხვედრის შემდეგ, ასლან აბაშიძის ხმამაღალი განცხადებები: ,,საქართველოში შექმნილი სიტუაცია არ ემსახურება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეს. ჩვენ არ დავუშვებთ ოპოზიციის ლიდერების მოთხოვნების შესრულებას. ჩვენ დავიცავთ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას.: მას მხარი აუბა ლოშჩინინმაც: ,,არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ხალხს საერთოდ დაავიწყდა მოუგვარებელი ეთნოკონფლიქტები.”

        

სასტუმრო ,,მეტროპოლში” დაპატიჟებულ ქართველთა სიაში იყვნენ რუსეთის ფედერაციაში ქართველთა საზოგადოების პრეზიდენტი ივერი ფრანგიშვილი, ამ საზოგადოების აქტივისტები, მაგრამ, რატომღაც, მიწვეულთა შორის არ აღმოჩნდა  რუსეთის ფედერაციაში სქართველოს ელჩი. თუმცა ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ასლან აბაშიძე არც ერთი მოსკოვური ვიზიტის დროს არ სწვევია საქართველოს საელჩოს, თუნდაც ეტიკეტის დაცვისათვის. მიიწვიეს ფრანგიშვილის მოადგილე სევერიან ცაგარეიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის ნატესავი, აგრეთვე – რუსეთში ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტი და მათი ამქარი.

           

მოსკოვში ყველამ იცის, რომ პროპრეზიდენტული ,,ქართველების საზოგადოებისაგან” განსხვავებით, ,,მოსკოვის ქართველთა სათვისტომო” საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებისაგან შედგება. მათ შორის მრავლად არიან უბრალოდ ზვიადისტები, უბრალოდ პატიაშვილისტები, აფხაზეთიდან გამოძევებული, უკვე რუსეთის მოქალაქეობამიღებული დევნილები, აქ არიან მოსკოველი ქარტველი ამერიკანისტები, და არ არიან შევარდნაძისტები.

           

ასლან აბაშიძესთან შეხვედრაზე მიპატიჟებული ქართველების კატეგორია შეირჩა თავად აბაშიძის პოლიტიკურ მრჩეველთა გემოვნებით – დარბაზში ოპონენტი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუ მაინც მოხვდნენ ასეტები, მათი შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. თვითმხილველთა მონაყოლით, შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი გამოცხადდა ფაშისტად, ითქვა, რომ მას აუცილებლად ციხეში ამოაყოფინებენ თავს, რადგან სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. სრულიად საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ნეემბრის ცივი წვიმის ქვეშ საკუთარი უფლებების შენახვამ დააყენა, აჭარის ლიდერმა ერთი ხელის დაკვრით მონათლა ,,ათლარიან მასოვკად”. აბაშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი მიტინგების ორგანიზებისთვის დღეში 100 ათას დოლარს იხდის. ამ და სხვა ბრალდებების შემდეგ, აბაშიძემ მოიბოდიშა და იური ლუჟკოვთან აუდიენციაზე გაეშურა.

           

,,ნუ გეწყინებათ, თუ შეხვედრაზე არ დაგასწრეს,” – მოიბოდიშა სპეცსამსახურის თანამშრომელმა. საწყენი რა იყო, როცა დიასპორასთან შეხვედრაზე ბატონმა ასლანმა საზოგადოებას სიხარულით აუწყა, რომ რამდენიმე პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი-2”-ს.

           

წყენა იქით იყოს და, აჭარის ლიდერის პოლიტიკური მეტამორფოზა კი ნამდვილად სასაცილო იყო. მოსკოველი დამკვირვებლები და ჟურნალისტები ძალზე გაამხიარულა შევარდნაძის მუდმივი პოლიტიკური მეტოქისა და ოფიციალურ თბილისთან შეურიგებელი აჭარელი ოპონენტის ფერისცვალებამ. შევარდნაძის რეჟიმის მხარდამჭერი ასლან აბაშიძე მოსკოვმა პოლიტიკურ ნონსენსად აღიქვა და ეს ყველასათვის შესამჩევი იყო.

           

მაინც რატომ გაუწოდა აბაშიძემ დახმარების ხელი შევარდნაძეს? რუსული წყაროები მიანიშნებენ, რომ ამით აჭარის ლიდერი მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენის გარანტიებს იქმნის. დაგვეხმარეთ კონსტიტუციის დაცვაში! მოსკოვს სჭირდება სტაბილური აჭარა, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული! ,,არანორმლალური სააკაშვილისშემოტევების შემთხვევაში ბაზა, მთელი თავისი შემადგენლობით, ფარად უნდა აღიმართოს აჭარასა და დანარჩენ საქართველოს შორის, - ითხოვდა აბაშიძე. რა დაპირება მიიღო კრემლისაგან აჭარის ლიდერმა, უცნობია. მოსკოველი ანალიტიკოსების კომენტარით, პუტინის ადმინისტრაციამ ინფორმაცია მიიღო აბაშიძის ვერსიით, მაგრამ კრემლში ისედაც მშვენივრად იცოდნენ, თუ რა პირობებში ჩატარდა საქართველოში არჩევნები და რამ განაპირობა ქართველი ხალხის მასობრივი მღელვარებები. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ რუსეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები, ისინიც კი, ვინც დღემდე თავს შევარდნაძის მეგობრად მიიჩნევდა, აღიარებენ, რომ არჩევნების შედეგები გადახედვას ექვემდებარება. მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ ხვალ შეიძლება პრეზიდენტმა პუტინმა გაიზიაროს აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში საქართველოსტან დაკავშირებული თვალსაზრისი.

           

,,აქ ნუ ელოდებით, ბატონი ასლანი არ ჩამოვა ძირს, 11 საათამდე ისვენის(!),” – გამაფრთხილმა ბათუმელმა ახალგაზრდამ, ალბათ აჭარის მეტაურის აპარატის თანამშრომელმა. თუმცა, მშვენივრად ვიცოდი, რომ ,,ბატონი ასლანი” უკვე დიდი ხანია, ლუჟკოვთან შეხვედრაზე იმყოფებოდა...