,,ფაინენშიალ ტაიმსი”

,,24 საათი”. 2003 წ. 24 ნოემბერი გვ. A5.

 

 

 

    ქართველები შევარდნაძის გადადგომას ზეიმობენ

 თავისი უკანონობით ცნობილ ქვეყანაში პროტესტები საოცრად მშვიდობიანად წარიმართა

 

უამრავი ხალხი შეგროვა წუხელ თბილისში ,,უსისხლო რევოლუციის” აღსანიშნავად, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და ხელისუფლება ოპოზიციას გადასცა. როგორც კი საინფორმაციო საშუალებებმა პრეზიდენტის წასვლის შესახებ გადასცეს, მთელი ქალაქი გააყრუა მანქანების სიგნალების ხმამ. პარლამენტის სპიკერი და ოპოზიციური პარტია ,,გაერთიანებული დემოკრატების”  ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ალბათ, უახლოეს მომავალში დანიშნავს ახალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლებიც, სავარაუდოდ, იანვარში გაიმართება.

 

რუსეთის საგარეო სქმეთა მინისტრი სასწრაფოდ ჩამოვიდა თბილისში კვირას დილით და მთელი დღე შუამავლობდა, ერთი მხრივ, შევარდნაძესა და მეორე მხრივ, ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის.

 

შაბათს სააკაშვილმა აიძულა შევარდნაძე, პარკამენტი დაეტოვებინა. დემონსტრანტთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში და დაიკავა სხდომათ დარბაზი, სადაც შევარდნაძე სიტყვით გამოდიოდა.

 

ამ დრამატულმა მოვლენებმა, რომლებსაც დაუსრულებლად იმეორებდნენ ქართული ტელეარხები, საბოლოოდ დაასამარა შევარდნაძის იმედი, შეეკრიბა ახალი პარლამენტი, რომლის არჩევნებიც, საერთო შეფასებით, გაყალბდა.

 

თავიდან, შევარდნაძე ძალის გამოყენებით დაიმუქრა და არმიასა და პოლიციას წესრიგის დამყარება მოსთხოვა. შევარდნაძის პოზიცია ნელ-ნელა შერბილდა, რადგანაც ქუჩებში ხალხის რაოდენობამ იმატა, და თანაც, აშკარა გახდა, რომ არმია და პოლიცია პრეზიდენტის მხარეს არ დაიჭერდა.

 

შევარდნაძეს მიმართა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერმა, რომლებმაც მას ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავება ურჩიეს. ერთადერთი, რომელმაც უპირობოდ დაუჭირა მხარი შევარდნაძეს, უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა იყო, რომელმაც ორი წლის წინ საკუთარ თავზე გამოსცადა სახალხო მღელვარება, ოღონდ – შედარებით მცირე მასშტაბით. კუჩმას განცხადებით, ოპოზიციის მცდელობა, ძალით ეგდოთ ხელთ ძალაუფლება, სრულიად მიუღებელი იყო.

 

შაბათ საღამოს პოლიციამ მხოლოდ ძალზე მცირე წინააღმდეგობა გაუწია ასი ათასამდე დემონსტრანტს, რომლებიც სახელმწიფო კანცელარიასა და პარლამენტს შემოერტყა გარს. მოგვიანებით, ხალხმა ორივე ეს შენობა დაიკავა.

 

ბურჯანაძემ თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები დაიწყო. შევარდნაძის გადადგომამდე ოთხი საათით ადრე, თბილისის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ბურჯანაძის განკარგულებაში გადადიოდა.

 

ძალა საკმაოდ შეზღუდულად იქნა გამოყენებული. პოლიციამ სცადა, ხელკეტებით შეეკავებინა დემონსტრანტები, რომლებიც კანცელარიაში შეჭრას ცდილობდნენ, ხალხში ისროლეს ცრემლსადენი გაზის რამდენიმე ავზიც, მაგრამ პოლიციის უმეტესმა ნაწილმა საქმეში ჩაურევლობა არჩია.

 

პარლამენტის შენობაში რამდენჯერმე მუშტებით ჩხუბიც ატყდა, როდესაც მთავრობის მომხრეები სააკაშვილის შეჩერებას შეეცადნენ. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ თავისი უკანონობით ცნობილ ქვეყანაში, პროტესტები საოცრად მშვიდობიანად წარიმართა.

 

,,მე ვამაყობ ჩემი ხალხით, - განუცხადა ,,სიენენ”-ს მიხეილ სააკაშვილმა, - მაგალითდ, მაროდიორობის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა."