|
|
გიორგი ასანიშვილი,,24 საათი” 2003 წ. 11 ნოემბერი. გვ. A1-A5
ქართველი ტევტონები ქოლგებისა და ცელოფნების ,,ქალაქში”
პრეზიდენტი და ხალხი საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. ამ გზაზე ისინი უკვე აცდნენ ერთმანეთს: მაშინ, როდესაც ედუარდ შევარდნაძე თბილისში დაწყებული პოლიტიკური ,,ჟამიანობის” გამო აჭარაში ,,გადაიხვეწა” და ცოტა ხნის წინათ მის მიერვე ,,შავბნელ ძალად” მონათლულ პოლიტიკოსს მარადიულ სიყვარულს ეფიცებოდა, ამ დროს სამეგრელოდან, იმერეთიდან, გურიიდან და სხვა რეგიონებიდან დაძრული ადამიანები მრავალრიცხოვან პიკეტებს არღვევდნენ და პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს უერთდებოდნენ. სიცივისა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ხალხი უკან დახევას და ხელისუფლებასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს. პარლამენტის წინამდებარე ტერიტორია ქოლგებისა და ცელოფნების ,,ქალაქად” არის ქცეული.
დღეს ყველა გზა პარლამენტისკენ მიდის – როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით: მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები გააყალბა, გაწბილებულმა ამომრჩევლებმაც პროტესტის გამოსახატავად, სწორედ პარლამენტისკენ დაიწყეს დენა.
მიტინგის ,,გეოგრაფია” სულ უფრო ფართოვდება – გუშინ, თითქმის ყოველ ნახევარ საათში, მიტინგის წამყვანი მიკროფონში აცხადებდა: ,,მეგობრებო! შემოგვიერთდნენ მხარდამჭერები ზუგდიდიდან... ოზურგეთიდან... ქუთაისიდან... ბორჯომიდან... მცხეთიდან...”
დედაქალაქში ჩამოსული ხალხი ტრაგიკომიკურ ამბებს ყვება. ,,რადგან პოლიციის მიერ გზებზე მოწყობილი პიკეტები ვერ გავარღვიეღ, გადავწყვიტეთ, თბილისში მატარებლით წამოვსულიყავით, მაგრამ ხელისუფლება ,,ეშმაკობას” მიგვიხვდა და შემადგენლობა ხაშურის რკინიგზის სადგურში გააჩერა. მხოლოდ მას შემდეგ ,,გაგვათავისუფლეს”, როდესაც კაკო ჩხაიძის ხალხს თითო ვაგონის გამოშვებაში 50-50 ლარი გადავუხადე,” – აცნობა მომიტინგეებს ,,გაერთიანებული დემოკრატების” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბეჟან გუნავამ, რომლის თქმითაც, ზუგდიდში მომიტინგეთათვის ნასროლმა ტყვიებმა კი არ შეაშინა, არამედ გააერთიანა ოპოზიცია.
მომიტინგეები საკმაოდ გაამხიარულა პრეზიდენტის ,,თანამემამულის” მამათელი ქალბატონის მონათხრობმა: ,,ჯერ იყო და, შევარდნაძემ შემნახველ სალაროში შეტანილი 40 ათასი მანეთი წამართვა; შემდეგ, როდესაც მამათიდან რუსთავში გავექეცი, იქაც მომწვდა. ახლა უკვე 14-ლარიან პენსიას მართმევს”.
გამომსვლელთა შორის უბრალო ხალხი სჭარბობს. მიკროფონთან მიდიან და ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ამბობენ თავის სათქმელს ექთანი და მასწავლებელი, ლტოლვილი და პენსიონერი, სტუდენტი და მსახიობი (ოთარ კობერიძე) ყოფილი პოლიტპატიმარი (ავთანდილ იმნაძე) და დღევანდელი პოლიტპატიმრის (თენგიზ ასანიძის) მეუღლე...
ჩრდილში, ცხადია, არც პოლიტიკოსები დგანან. მათ მიერ შეფასებებე ეძლევა პრეზიდენტ შევარდნაძის აჭარაში გამგზავრებას, აგრეთვე იმ დამოკიდებულებეს, რომელთაც საპროტესტო აქციის მიმარტ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ამჟღავნებენ.
,,შევარდნაძემ ბათუმში აღნიშნა, მე და ასლან აბაშიძე ყოველთვის ერთად ვიყავითო. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი არ ცრუობს... ხელისუფლება ბაქოს ამბების გამეორებით გვაშინებს; ჩვენ კი მას ვთავაზობთ არჩევანს მილოშევიჩისა და ჩაუშესკოს ბედს შორის... ვინც დღეს ბუჩქებში იმალება და ჩვენს აქციას არ უერთდება, იმას უფლება არა აქვს მომავალ პარლამენტში იჯდეს. ასლან აბაშიძეის სისხლიანი ხმებით უნდა ფიქრია ჩიხრაძეს პარლამენტში შესვლა? ნუთუ არა შერცხვება, როდესაც იქ კობა ხაბაზის გვერდით დაჯდება?” – როგორც ყოველთვის, გუშინაც საკმაოდ ემოციური იყო დავით ბერძენიშვილის გამოსვლა.
მიტინგზე გაისმა მოთხოვნა, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა მოამზადონ მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების მეთაურებისადმი, რათა ისინი მხარში ამოუდგნენ დემოკრატიულ ოპოზიციას და არ მისცენ საშუალება შევარდნაძეს, სისრულეში მოიყვანოს თავისი განზრახვა – კვლავ რუსეთის ორბიტაში მოაქციოს საქართველო.
,,ცოტაც გავიჭირვოთ და გავუძლოთ ამ წვიმას, თორემ ახლო მომავალში ისეთი თქეში წამოვა, რომ ყველაფერი დალპება და წაილეკება,” – ერთმანეთს აფრთხილებდნენ და ამხნევებდნენ მომიტინგეები.
თუმცა, პარლამენტის წინ შეკრებილთ სიმხნევე და სტოიციზმი ისედაც არ აკლიათ. როგორც ტევტონები ბრძოლის წინ ჯაჭვით გადაებმებოდნენ ხოლმე ერთმანეთს (მიტინგზე ესეც გაიხსენეს), შევარდნაძე-აბაშიძის წინააღმდეგ გაერთიანებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, ამიერიდან ერთმანეთს ,,შიმშილობის ჯაჭვითაც მიებან”. |