|
|
დავით ზურაბიშვილი“24 საათი”, 2003წ., 18 ნოემბერი, გვ. A1-A3. ქუთაისი საპროტესტო აქციებმა მოიცვაიმერეთში საპროტესტო აქციები სულ უფრო ძლიერდება. ყალიბდება დაუმორჩილებლობის კომიტეტები, რაიონულ ცენტრებში ტარდება მიტინგები. მაგრამ, აქციები სულ უფრო მასობრივ ხასიათს ქუთაისში იძენს. კვირას იმერეთის დედაქალაქში დაუმორჩილებლობის შტაბი შეიქმნა, რომელშიც ,,ნაციონალური მოძრაობა”, ,,ბურჯანაძე-დემოკრატები” და ყველასაგან მოულოდნელად, ,,მრეწველების” ადგილობრივი ორგანიზაციაც შევიდა. დაუმორჩილებლობის შტაბში 30 სუბიექტია გაწევრიანებული. მათ შორის სოციალურად აქტიური ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორიცაა: ,,კმარას”, ,,თავისუფლების ინსტიტუტისა” და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ორგანიზაციები და მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირი ,,სოლიდარობა”. ,,ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენელი გია თევდორაძე აცხადებს, რომ ქუთაისში შევარდნაძის კლანის პარპაშს არ დაუშვებს. შტაბი პრეზიდენტთან ერთად რწმუნებულის, თეიმურაზ შაშიაშვილის გადადგომას მოითხოვს. აღნიშნულ მოთხოვნას შაშიაშვილი სასაცილოს უწოდებს და თავის მხრივ ხელისუფლებას ოპოზიციასტან მოლაპარაკებების გეგმის მისეულ ვარიანტს სთავაზობს. თუმცა ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ...
გუშინ დღის თერთმეტი საათი ქუთაისშიც ავტომობილების საყვირის ფონზე დადგა. ,,კმარას” აქტივისტებმა, სიმბოლურად რამდენიმე წუთით მერიის წინამდებარე ქუჩა გადაკეტეს. ძირითადი აქცია კი, დაახლოებით თორმეტი საათისთვის დაიწყო.
,,ის, რაც მოხდა 2 ნოემბრის არჩევნებში, ქართველი ხალხის ეგზეკუციაა. ჩვენ მშვიდობიანი აქციის ფარგლებში ვაპირებთ პროტესტის დაფიქსირებას. ქუთაისის შტაბი მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს, ხელისუფლებას ხალხის განწყობა აჩვენოს. მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისა და პრეზიდენტის რწმუნებულის თემურ შაშიაშვილის გადადგომას. რწმუნებულიც იმ ხელისუფლების შემადგენელი ნაწილია, რსაც შევარდნაძის რეჟიმი ჰქვია,” - აცხადებდნენ დაუმორჩილებლობის შტაბის წევრები:
თავდაპირველად ქუთაისის მერიის წინ ნაციონალები დაბანაკდნენ, შემდეგ მათ ,,ბურჯანაძე-დემოკრატები” შეურთდნენ, სულ ბოლოს კი აქციაზე ,,კმარას” აქტივისტები და ქუთაისის სტუდენტობის ნაწილი გამოჩნდა. საბოლოოდ, აქციაზე 1000-მდე ადამიანმა მოიყარა თავი.
,,ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა შევარდნაძის გადადგომაა, ეს ავტომატურად გულისხმობს პატარა შევარდნაძეების წასვლასაც. ამ ხელისუფლების ფუჭი და უნამუსო დაპირებებისაგან ხალხი გაუბედურდა და დაიღალა. ახლა კი შევარდნაძე ,,მაოხრებელ” გზირს დაემსგავსა და აბაშიძეს უპირებს მემკვიდრედ დატოვებას, ამას კი საქართველო აღარ მოითმენს, ძირს შევარდნაძე და მისი კლანი!” – გაჰყვიროდნენ მომიტინგეები. მოგვიანებით მათ ,,ნაციონალებისა” და ,,კმარას” ერთი ჯგუფი გამოეყო და ,,აღორძინების” ოფისთან აჭარაში დაპატიმრებული ,,სამართლიანი არჩევნების” ქუთაისელი დამკვირვებლის, გიორგი მშვენიერაძის გათავისუფლება მოითხოვეს. შემდეგ კი პოლიციის სამხარეო სამმარტველოს წინ მივიდნენ და პოლიციელებს ,,შევარდნაძის ბინძურ პოლიტიკაში” ჩარევისაგან თავის შეკავება ურჩიეს, რასაც პასუხად სამართალდამცავებისაგან შენობაში ,,მიპატიჟება” და ,,ნაციონალების” ადგილობრივი ლიდერის და ,,კმარას” აქტივისტების ცემა მოჰყვა.
ამავე პერიოდში მერიასთან დარჩენილმა მომიტინგეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. მიტინგმა ნახევარ დრეს გასტანა და ამ პერიოდში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა პარალიზებული იყო.
სამხარეო ადმინისტარაციაში კი რწმუნებულმა თემურ შაშიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მან ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების საკუთარი გეგმა შესთავაზა. შაშიაშვილის აზრით, ახალმა პარლამენტმა მუშაობა უნდა დაიწყოს, იმავდროულად კი შევარდნაძემ მთავრობა სრული შემადგენლობით უნდა გადააყენოს, მათ შორის – გამგებლები, მერები და რწმუნებულები. შემდეგ პრეზიდენტმა ახალი კოალიციური მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს. მომავალ წელს კი, შაშიაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, საპარლამენტო არცევნებიც უნდა დაინიშნოს.
ოპოზიციის მხრიდან დაყენებულ მისი გადაყენების მოთხოვნას კი რწმუნებული შემდეგ კომენტარს უკეთებს: ,,მე სასაცილოდ მიმაჩნია ვინმეს გადაყენება-გადმოყენებაზე საუბარ. ნეტა ვინმე წინ დამიდგებოდეს... დღეს ქვეყნის მთავარი მიზანია, რომ ახალი პარლამენტი შედგეს.”
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ქუთაისის შტაბი საპროტესტო აქციებს დრესაც გააგრძელებს. |