|
ეკა კვესიტაძე,,24 საათი”. 4 ნოემბერი 2003 წ. გვ. A1-A3რა ქნას ხალხმა რომელსაც დასცინიან? “ხვალ ნახავთ, ხვალ ნახავთ, თუ არ მოვიგებთ,” – არჩევნების ღამეს “რუსთავი 2”-ის ეთერში ამ ფრაზას სახელისუფლო ბლოკის წარმომადგენლები ჯერ კიდევ საარჩევნო უბნის დახურვამდე იმეორებდნენ. იმეორებდნენ დაჟინებით, ცინიზმით და მთელი სითავხედით. ის, რაც ვახტანგ რჩეულიშვილმა არჩევნების დასრულებამდე იწინასწარმეტყველა, რატომღაც ზუსტად “დაემთხვა იმ მონაცემებს, რომელიც მეორე დღეს, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. მათ თავისი მუქარა შეასრულეს. დღეს ხელისუფლება, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი გაუკეტებია, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე გამდიდრების გარდა, ბედავს იმას, რომ პირველ ადგილს არ თმობს. ამას უბედავს იმ ამომრჩეველს, რომელიც არჩევნების დღიდან დილიდან საღამომდე ელოდებოდა, რომ თავისი ხმა მიეცა უკეთესი მომავლისათვის – ამ ხელისუფლებისაგან ტავისუფალი მომავლისათვის. დამკვირვებლების შეფასებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩატარებული გაყალბებული არჩევნების ფონზეც კი 2 ნოემბერი არ ნახული ქაოტურობით გამოირჩეოდა. მტავრობამ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არცევნებს მაქსიმალურად არაკორექტული სიებით შეხვედროდა, ხალხის აქტიურობის შედეგად მეტ-ნაკლებად ჩასწორებული სიები წინა დღით ისევ შეცვალა. რა უნდა გაკეთდეს ახლა? – ეს კითხვა აწუხებდა გუშინ ყველა ადამიანს, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების დინამიკას მთელი დღის მანძილზე ადევნებდა თვალს. პროსახელისუფლო ბლოკმა, რომელსაც დილით ცესკო-ს მონაცემებით, 40% ჰქონდა მართალია, ეს მაჩვენებელი ვერ შეინარჩუნა, მაგრამ, სამაგიეროდ, ლიდერობა არ დაუთმია. ეს მაშინ, როცა ეგზითპოლებისა და პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ოპოზიცია ერთპიროვნულად ლიდერობდა (და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ეგზითპოლების შედეგებში, მსგავსი ეჭვის გამოთქმა პარალელური დათვლის მიმართ ნამდვილად გაუჭირდება). ბუნებრივია, ქუჩაში გამოსვლა არავის უნდა. არავის სჭირდება ეს ყბადაღებული დესტაბილიზაცია. მაგრამ, რა უნდა ვქნათ, როცა ეს ხელისუფლებაც აღარ გვინდა. ბელისუფლება, რომელიც არა მარტო ნორმალური ცხოვრების უფლებას, არამედ იმის იმედსაც კი აღარ გვიტოვებს, რომ მომავალში მაინც რაღაც გამოსწორდება. რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, რომელთაც ჯერ საარჩევნო სიაში საკუთარი თავის აღმოსაჩენად სხვადასხვა უბნებში სიარულს რამდენიმე დღე მოანდომეს, შემდეგ, როგორც იქნა, თავი აღიდგინეს, არჩევნების დღეს კი ისევ აღმოაჩინეს, რომ ხმის მიცემის უფლება არ აქვთ. ან რა უნდა ქნან მათ, ვინც ხმა მისცა, მაგრამ მათი ხმა გააყალბეს. “თუ ცინიზმი ზღვარს გადასცილდება, მაშინ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ხალხის დარწმუნებას იმაში, რომ ქუჩაში აღარ გამოვიდნენ,” – განაცხადა გუშინ ეუთო-ს ერთ-ერთმა დამკვირვებელმა. ანუ, გუშინ ამის თქმა ეუთო-ს უკიდურესად ფრთხილ დამკვირვებელსაც კი არ გასჭირვებიათ. ხელისუფლება თავისი ცინიზმით, უკვე დიდი ხანია გასცილდა დასაშვებ ზღვარს და კიდევ უფრო შორს წასვლას აპირებს. მაშინ, რა უნდა ქნას ხალხმა, რომელიც ასეთ ცინიზმს არ იმსახურებს და, რაც მთავარია, ასეთ ცინიზმს ვერც გადაყლაპავს – მას ვერავინ დაარწმუნებს იმაში, რომ ქუჩაში გამოსვლის უფლება და ამხელისუფლების ძალადობისაგან თავდაცვის უფლება არ აქვს. |