საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

,,საქართველოს რესპუბლიკა”. 2003 წ.  18 ნოემბერი. გვ 1-2

 

 

 

"მინდა გავაფრთხილო ყველა, მათ შორის, ის პიროვნება, ვინც უკვე

სავსებით აშკარად ცდილობს თავი წარმოაჩინოს, როგორც დღევანდელი პრეზიდენტის ალტერნატივა, რომ ძალადობით,მიტინგებით, ანტიკონსტიტუციური მოწოდებებით საქართველოს პრეზიდენტის პოსტს ვერავინ დაეუფლება"

 

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 17 ნოემბრის რადიოინტერვიუ

 

- ბატონო პრეზიდენტო, პარლამენტის არჩევნების შედეგებს მასშტაბური მოვლენები მოჰყვა. როგორ აფასებთ მოვლენებს, რომლებიც თბილისში და მთელ საქართველოში განვითარდა? - ჟურნალისტის ნატო ონიანის ამ შეკითხვის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ ორშაბათის რადიოინტერვიუში განაცხადა:

 

- მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ჯერ ერთი, ნახევრად ხუმრობით გეტყვით, რომ, როგორც მითხრეს, ამ წუთებში ზოგიერთებს დიდი წივილ-კივილის ატეხა სურდათ, რათა რაღაც საშუალებებით, არ ვიცი, ეს სიგნალები იქნება თუ სხვა რამ, ჩაახშონ ჩვენი რადიოინტერვიუ. უნდა გითხრათ, რომ ასეთი მცდელობები უშედეგოა. მე ყველა შემთხვევაში მივაწვდენ ხმას ჩემს ხალხს. დარწმუნებული ვარ, იგი მომისმენს და გამიგებს კიდეც.

 

ახლა - უფრო სერიოზულად. ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით, ის, რაც ბოლო თვეებში, განსაკუთრებით ბოლო დღეებში ხდება საქართველოში, არის ბრძოლა ხელისუფლებისათვის.

 

ბრძოლა, რომელიც წარმოებს სრულიად უკადრისი ხერხებითა და მეთოდებით - ათასობით ადამიანის გულწრფელი ნდობის ბოროტად გამოყენებით.

 

თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად თითქოს საქმე ეხება პარლამენტის არჩევნებს, სინამდვილეში (პირდაპირ გეტყვით, ჩემი გამოცდილება, ცოდნა და ანალიზიც ამას მკარნახობს) ეს არის ბრძოლა სწორედ პრეზიდენტის სავარძლისათვის!

ამიტომ, მე მინდა გავაფრთხილო ყველა, მათ შორის, ის პიროვნება, ვინც უკვე სავსებით აშკარად ცდილობს თავი წარმოაჩინოს, როგორც დღევანდელი პრეზიდენტის ალტერნატივა, რომ ძალადობით, მიტინგებით, ანტიკონსტიტუციური მოწოდებებით საქართველოს პრეზიდენტის პოსტს ვერავინ დაეუფლება.

 

კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის უფლებამოსილება იწურება 2005 წლის აპრილში.

ხოლო, თუ ვინ იქნება საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი, ამას გადაწყვეტს არა ერთი რომელიმე ფინანსურ-პოლიტიკური დაჯგუფება (როგორი რესურსებიც, მათ შორის, საინფორმაციო რესურსებიც უნდა ჰქონდეს), არამედ ქართველი ხალხი და საქართველოს მთელი მოსახლეობა.

 

ასეთი ეჭვი იმიტომ გამიჩნდა, რომ არსებობს სავსებით აშკარა წინააღმდეგობა ოპოზიციის ამ ნაწილის ორი სხვადასხვა დაჯგუფების მოთხოვნებს შორის.

 

მიაქციეთ ყურადღება: ერთი მათგანი მოითხოვს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რაც შეიძლება სწრაფად გამართოს სხდომა და, მათი მეთვალყურეობით მონაცემთა დაჯამების შემდეგ, სასწრაფოდ გამოაცხადოს პარლამენტის არჩევნების შედეგი.

 

ხოლო მეორე დაჯგუფება, პირიქით, კატეგორიულად მოითხოვს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არათუ არ გამოაცხადოს არჩევნების შედეგი, არამედ არჩევნები ცნობილ იქნეს ჩაშლილად, ხოლო პარლამენტმა (როგორც იმუქრებიან) არ გაბედოს შეკრება პირველ პლენარულ სხდომაზე.

 

ყველაზე უცნაური და, ცოტა არ იყოს, კომიკურიც კი ის გახლავთ, რომ ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნის ავტორები ერთობლივ მიტინგებს მართავენ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ახლა მე ვეკითხები იმ გულწრფელ, პატიოსან ადამიანებს, ვინც ამ დღეებში იკრიბებოდა მრავალრიცხოვან მიტინგებზე: ძვირფასო თანამემამულენო, ნუთუ ვერ ამჩნევთ ამ კარდინალურ წინააღმდეგობას და ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ბრმა იარაღად გაქციეს ხელისუფლებისათვის ბრძოლაში.

 

აქვე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას იმ ადამიანთა მიმართ, ვინც თავის პოზიციას გამოხატავდა მშვიდობიანი მანიფესტაციებითა და მიტინგებით. ისევე, როგორც პატივს ვცემ იმ ათასობით ადამიანის პოზიციას, ვინც სხვა პარტიებს, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირა მხარი.

 

მით უმეტეს, რომ მათ, ვინც მანიფესტაციებში მიიღო მონაწილეობა, უმაღლესი სახელმწიფოებრივი შეგნება და კულტურა გამოამჟღავნეს. როგორც იტყვიან, ერთი ფოთოლი არ მოწყვეტილა და ერთი შუშაც კი არ ჩამტვრეულა ამ ღონისძიებების დროს. მოქალაქეები მყავს მხედველობაში.

 

ოღონდ, აქვე, ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ასეთივე მაღალი კულტურა, თავშეკავება და პროფესიონალიზმი გამოამჟღავნეს იმათ, ვისაც ევალებოდა წესრიგის დაცვა.

 

მე მადლობა გადავუხადე მომიტინგეებს და მინდა, აგრეთვე, დიდი მადლობა, მართლა გულწრფელი მადლობა ვუთხრა იმ ჭაბუკებს, ვინც ასევე წვიმაში, ყინვაში, ზოგჯერ ასევე მშიერ-მწყურვალი იდგა და იცავდა კონსტიტუციას, იცავდა კონსტიტუციურ წესრიგს და ამით იცავდა თავის სამშობლოს, ვინაიდან ყველა შეგნებულ ადამიანს ესმის, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა კონსტიტუციური სისტემის, კონსტიტუციური შენობის მდგრადობის შენარჩუნებაა. იცით, ვისაც ვგულისხმობ. ეს არის შინაგანი ჯარი, პოლიცია, უშიშროება, მათი ხელმძღვანელები და, რა თქმა უნდა, თავად ეს კონტინგენტი.

როგორც კი კონსტიტუციის ტაძარი (დიახ, ტაძარი!!!) დაირღვევა, ქვეყანაში საზარელი ქაოსი გარდაუვალი გახდება. გარდაუვალი იქნება ის, რასაც ისტორიკოსები და პოლიტოლოგები უწოდებენ: "ყველას ბრძოლა ყველას წინააღმდეგ".

საერთოდ კი, გულწრფელად რომ გითხრათ, არაფერი მოულოდნელი ჩემთვის არ არის.

 

ჩვენ ამას ველოდით. დაკვირვებული თვალი იმთავითვე შენიშნავდა, როგორ მზადდებოდა შესაბამისი საინფორმაციო ფონი, მიზანმიმართულად იქმნებოდა ისტერიული ატმოსფერო არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ.

ვიმეორებ: მთავარი სამიზნე აქ პარლამენტი არ ყოფილა. იგი განიხილებოდა ერთგვარ "პლაცდარმად", პირველ ეტაპად სახელმწიფოს მეთაურის პოსტის დასაუფლებლად.

 

მაგრამ არ გამოუვიდათ და ამ გზით, ამგვარი ხერხებით არც არაფერი გამოუვათ.

 

ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყურად არ უნდა იღოს სამართლიანი და სავსებით კანონზომიერი მოთხოვნები, რომლებსაც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი აყენებს.

 

მაგალითად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მზადა ვარ მთლიანად შევასრულო უმთავრესი მოთხოვნა, რომელსაც ჩემი თანამემამულენი მიტინგებზე აყენებდნენ: უსასტიკესად იქნება დასჯილი ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამა თუ იმ ფორმით არჩევნების გაყალბებაში (არა აქვს მნიშვნელობა, ეს ათ უბანს შეეხება თუ ორ ოლქს და ა.შ. სადაც მოხდა გაყალბება, ყველგან უნდა იყოს სათანადო რეაგირება), საარჩევნო უბნების დარბევაში (იცით, რამდენი საარჩევნო უბანი დაარბიეს და ვინ დაარბია, ისიც ცნობილია), სხვადასხვა მაქინაციებში, განურჩევლად მათი პარტიული კუთვნილებისა, თანამდებობისა და რანგისა.

ამასთანავე, რაკი თავად ამბობენ, რომ გაყალბების უმთავრესი წყარო გახდა საარჩევნო სიები, მე გუშინ მივიღე ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, გნებავთ, კომისია, თუ გნებავთ უმაღლესი რანგის სახელმწიფო კომისია უშიშროების მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც უმოკლეს ვადებში ფარდას ახდის საარჩევნო სიების გაყალბებასთან დაკავშირებულ ძალიან ბნელ ისტორიას.

 

ახლა შევეცდები განვმარტო, რატომ არის ეს ბნელი ისტორია, რას ვგულისხმობ. საქმე ის გახლავთ, რომ თვით იმ საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლების აღიარებითა და შეფასებით, ვინც მონაწილეობდა სიების სხვადასხვა ვარიანტის შედარებასა და შეჯერებაში, ყველაზე სრული იყო სია, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში ადგილობრივ მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

 

ვიმეორებ: ეს არის არა ჩვენი შეფასება, არამედ საერთაშორისო მეთვალყურეთა აღიარება, მათი, ვინც არჩევნებამდე იყო საქართველოში.

 

თუმცა, გარკვეული ცდომილება იმ დოკუმენტშიც იყო, ალბათ, და შეუძლებელია არ ყოფილიყო, როცა საქმე ეხება რამდენიმემილიონიან სიას.

მაგრამ სერიოზულ ზეგავლენას არჩევნების შედეგებზე ასეთი ცდომილება ვერ მოახდენდა.

სულ სხვა საქმეა სიების კომპიუტერული ვერსია (ბევრმა არც კი იცის, რა არის ეს. მას შემდეგ, რაც სიები წარადგინეს, ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება, შეეტანა კომპიუტერში და საბოლოოდ ვიხელმძღვანელებდით კომპიუტერული ვერსიით). მასში ნამდვილად იყო ქაოსი, სრული გაუგებრობა - თავდაპირველად საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ვერ აღმოვაჩინე ამ სიებში. სამაგიეროდ, იყვნენ 1800 წელს დაბადებული ადამიანები, 1700 წელს დაბადებული და ა.შ. ანუ გარდაცვლილი ადამიანების გვარები, სახელები და მამის სახელები იყო შეტანილი. ვის დასჭირდა ეს. ხელისუფლებას სჭირდებოდა ეს ამბავი.

მაგრამ, მოდით, ვიკითხოთ: ვინ შეადგინა სიების კომპიუტერული ვერსია. რომელმა ორგანიზაციამ. რომელმა ჯგუფმა. ვინ აკონტროლებდა ამ პროცესს, ვისი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა იგი.

ყველაფერი გაირკვევა და ის ადამიანები, ვინც ახლა "გუგულივითაა გატრუნული" (თითქოს ეს ყოველივე მას არ ეხება) და, უფრო მეტიც, ცეცხლზე ნავთს ასხამს თავისი პროვოკაციული განცხადებებით, უსასტიკესად აგებს პასუხს    - სისხლის სამართლის კოდექსის მთელი სიმკაცრით.

ეს არის ჩვენი მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა (დაისაჯონ სიების გამყალბებელნი) და ამ მოთხოვნას უეჭველად შევასრულებთ.

- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ბრძანეთ, რომ კომისია შეიქმნება. დაახლოებით როდის იქნება ცნობილი შედეგები. სამწუხაროდ, ხანდახან იქმნება კომისიები, მაგრამ ძალიან დიდხანს გრძელდება მათი მუშაობა...

- ძალიან ძნელია დავასახელო თარიღი, რადგან გამოძიება - გამოძიებაა. თუ არ ვცდები, 15 საქმე უკვე აღძრულია. გამოძიება დაიწყო და მისი შედეგები გამოცხადდება ნაწილ-ნაწილ, იმის მიხედვით, როგორ დამთავრდება გამოძიება ცალკეულ რეგიონებში. გამოცხადდება და მოსახლეობა ყველაფერს გაიგებს - რატომ მოხდა, რომ სიები აირ-დაირია და ბევრი ადამიანი მართლა გაწვალდა. ვინც სიაში იყო, იმასაც გაუჭირდა ხმის მიცემა, რადგან, ვინც არ იყო სიაში, ისინი იდგნენ რიგში.

 

რაც შეეხება მეორე, მთავარ მოთხოვნას: "პრეზიდენტმა აღიაროს ოპოზიციის გამარჯვება 2 ნოემბრის პარლამენტის არჩევნებში".

საქვეყნოდ ვაცხადებ და ვაღიარებ, რომ კოალიციამ "ახალი საქართველოსათვის" პარლამენტის არჩევნებისას მიიღო ხმების დაახლოებით 20-21 პროცენტი. დანარჩენი 80 პროცენტი მიიღეს სხვა პარტიებმა, რომელთა დიდი ნაწილი, ალბათ, ოპოზიციური ძალაა. მათ შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ".

ამასთანავე, გულსატკენია, რომ ეს მოძრაობა და მისი ლიდერი თავის შთამბეჭდავ წარმატებას იყენებენ ანტიკონსტიტუციური მოწოდებების, მოქმედებებისა და მთლიანად კონსტიტუციური სივრცის ხელყოფისათვის.

 

ყველას შევახსენებ, რა განცხადებები კეთდებოდა და კეთდება ამ დღეებში: "გადავაგდოთ პრეზიდენტი", "დავამხოთ პრეზიდენტი", "გადავქელოთ ხელისუფლება", "მოვახდინოთ ხელისუფლების პარალიზება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე", "გადავკეტოთ სტრატეგიული სატრანსპორტო მაგისტრალები", "არ შევუშვათ შენობებში ხელისუფლების წარმომადგენლები", "არ იმუშაონ ბიზნესმენებმა", "გააჩერონ საწარმოები" და ა.შ. და ა.შ. რას ჰგავს, რა არის ეს.!

 

თითქოს სხვა კატეგორიის მაგალითია, მაგრამ ძალიან ზუსტად მეტყველებს მისი ავტორების მაღალ ინტელექტსა და გონიერებაზე: "არ გადავიხადოთ გადასახადები"!

 

კი მაგრამ, ოჯახაშენებულო, თუ პრეტენზია ხელისუფლებაზე გაქვს, ხომ უნდა გათვალო, რომ ასეთი მოწოდებები ასმაგად დაგიბრუნდება, თუ ეღირსე და მოხვედი ხელისუფლებაში.! თავად ხომ უნდა, გქონდეს მორალური უფლება ბიზნესმენებს გადასახადების გადახდა მოსთხოვო. ხომ უეჭველია, რომ შენც გეყოლება ოპოზიცია და მასაც ხომ შეუძლია ასეთი მოწოდებით გამოვიდეს.

 

მაგრამ, როგორი განცხადებებიც უნდა გააკეთონ, რაც უნდა სცადონ, მე მჯერა ჩემი ხალხის სიბრძნის და გონიერებისა.

საუბედუროდ თუ საბედნიეროდ, ცეცხლივით მწვავედ გვახსოვს ის საზარელი ეროვნული ტრაგედია, რომელიც ამ ქვეყანაში დატრიალდა არცთუ ისე დიდი ხნის წინათ.

 

ნურავინ იტყუებს თავს, თითქოს აქ კონკრეტულ პიროვნებაშია საქმე. თუ კონსტიტუცია დაირღვა, კანონიერების საფუძველი მოიშალა, ისევ დაიყო საქართველო ურთიერთდაპირისპირებულ ე.წ. "საძმოებად", უკონტროლო შეიარაღებულ ფორმირებებად, სისხლისღვრა გარდაუვალია. მე ვთქვი, რომ სამოქალაქო დაპირისპირებიდან (ეს უკვე ფაქტია) სამოქალაქო ომამდე ერთი ნაბიჯია. ვაფრთხილებ ყველა ჩემს თანამემამულეს.

 

რაც შეეხება ჩემს გადადგომას, ვთქვი და კვლავ ვიმეორებ: პიროვნულად ჩემთვის ეს ყველაზე ნაკლებ პრობლემატურია.

მე ამ ქვეყნისათვის გავაკეთე ყველაფერი, რაც კი ობიექტურად შესაძლებელი იყო იმ რეალობისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დამხვდა გახურებული სამოქალაქო ომის პერიოდში.

 

ოღონდ დავფიქრდეთ: დავუშვათ, პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ ან მას ძალადობით შეუწყვიტეს უფლებამოსილება (როგორც იტყვიან "მანამდე გვერდები არ აუდგეთ!"): ლეგიტიმური სახელისუფლებო ორგანო ქვეყანაში, ფაქტობრივად, აღარ იარსებებს მანამ, სანამ პარლამენტი არ დაიწყებს მუშაობას. ესენი კი წინააღმდეგი არიან იმისა, რომ ახალმა პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს.

 

ახალი პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა; ძველი პარლამენტის უფლებამოსილებაც უკვე საკმაოდ საეჭვოა, მაშასადამე, კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ ვბრუნდებით არა 1995 წელში, როდესაც კონსტიტუცია მივიღეთ, არამედ ბევრად უფრო ადრინდელ პერიოდში. რით დამთავრდა ის ყოველივე, შესანიშნავად მოგეხსენებათ.

 

ზოგიერთი ჩვენი უცხოელი მეგობარი მწვავედ გვაკრიტიკებს. როგორ შეიძლება, ასეთ რეაქციას არ იწვევდეს ვითარება, როდესაც ქვეყანაში არსებობს ორი პარლამენტი, ორივე ლეგიტიმური თუ ორივე არალეგიტიმური, პრეზიდენტი გადამდგარია თანამდებობიდან ან გადააყენეს და ასე შემდეგ. ქვეყანა ვის ხელში რჩება.

 

შესანიშნავად მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ. ათიათასობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხშირად იგვიანებს პენსია, ხელფასი. სწორედ ამით სარგებლობენ პოლიტიკოსები, უფრო სწორად, პოლიტიკანები. მაგრამ, განა საქართველო ამ თვალსაზრისით გამონაკლისია. გავაანალიზოთ, რა ხდება მრავალ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში. ეს ჩვენთვის შეღავათი არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე განვითარდა მოვლენები, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება ის, რაზეც ზემოთ მოგახსენებდით.

ამასთან (შეიძლება, ამაზე ლაპარაკი ბევრს აღარც სიამოვნებს), უნიკალური პროგრამაა შედგენილი რამდენიმე წლის განმავლობაში სიღარიბის დაძლევისათვის, რომელიც მოიწონეს მსოფლიო ბანკმა, სავალუტო ფონდმა, ჩვენმა პარტნიორებმა, დონორებმა და შეგვიძლია ხვალ-ზეგ უკვე შევუდგეთ მის რეალიზაციას.

 

უსინდისო ტყუილია, თითქოს, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველგან მდგომარეობა ბევრად უკეთესია. და ეს იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ჩვენს ქვეყანას არც ნავთობი აქვს, არც გაზი, არც სხვა რამ სტრატეგიული რესურსი (წყალი ბევრი გვაქვს, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის ის რესურსი, რომელსაც შეიძლება სტრატეგიული დაარქვა), რომ მხოლოდ მან გადაიტანა საზარელი სამოქალაქო ომის ორი ტალღა, ორი სისხლისმღვრელი ეთნოპოლიტიკური კონფლიქტი, ყველაფრის დანგრევა, განადგურება, დაშლა, შეიარაღებული ბანდების თარეში, ძარცვა-გლეჯა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

 

გახსოვთ, რუსთაველის გამზირი. გახსოვთ, პარლამენტის შენობის ნანგრევები. გახსოვთ, დანგრეული პირველი საშუალო სკოლა, მიწასთან გასწორებული სასტუმრო "თბილისი", რომლის აღდგენასაც უცხოელი ბიზნესმენების დახმარებით ამდენი წელი დასჭირდა. ანდა მხატვართა სახლი, რომლისგანაც ერთი აგურიც აღარ დარჩა. ამის დავიწყება არ შეიძლება. ასეთ მოვლენებს უნდა ვიმახსოვრებდეთ და დასკვნებიც უნდა გამოგვქონდეს.

 

კი ბატონო, ღმერთმა და ერმა განსაჯოს, თუ ვინმე სხვა შეძლებდა ეს ქვეყანა გამოეყვანა სამოქალაქო ომის ქაოსიდან, თავიდან აეცილებინა მისი საბოლოო დაშლა ლიხის ქედის გასწვრივ. ან იმაზე მეტის მიღწევა, რასაც მივაღწიეთ ეკონომიკაში. მე ვფიქრობ, იმის მაქსიმუმი გაკეთდა, რის შესაძლებლობაც არსებობდა.

 

მე გამოვაქვეყნე ჩემი ხედვა იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს უახლოეს წლებში, რათა შეძლებისდაგვარად კიდევ გადავდგათ რამდენიმე ნაბიჯი, რათა ქვეყანას განვითარების ენერგია შევუნარჩუნოთ.

 

ჩემთვის გამაოგნებელია, რატომ უნდა უარყოფდე, რატომ არ უნდა გიხაროდეს შენი ქვეყნის წარმატება. ხომ უეჭველი ფაქტია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მიმდინარე წელს, ყველა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორის მიუხედავად, არ შეწყვეტილა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა (მეუბნებიან, არ უნდა ილაპარაკო ამაზე, არ სიამოვნებთ ამის მოსმენაო, მაგრამ ფაქტია: 9-11 პროცენტის ფარგლებშია შიდა ეროვნული პროდუქტის ზრდა, მათ შორის, მრეწველობაში 12 პროცენტი. მშენებლობაზე აღარ ვლაპარაკობ. აქ ძალიან დიდი გავლენა იქონია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობამ და ა.შ.), ვინარჩუნებთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ხორციელდება დიდი პროექტები, შეძლებისდაგვარად ვიღებთ გადაწყვეტილებებს ხელფასების ზრდის თაობაზე, მათ შორის, პედაგოგებისათვის, პროფესორ-მასწავლებლებისათვის. ეს არ გვახსოვს. ეს არ არის ასტრონომიული ზრდა, მაგრამ ორჯერ, 60 პროცენტის ფარგლებში ხომ გაიზარდა მათი ხელფასი.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ ეტაპზე ქვეყანას მეტის შესაძლებლობა არა აქვს.

 

მიუხედავად ამისა, კვლავ და კვლავ ვიმეორებ: 2005 წელს, როდესაც ქვეყანას ეყოლება ხალხის მანდატით აღჭურვილი ახალი პრეზიდენტი, მე მას პირველი მივულოცავ ერის ნდობას და ვუსურვებ წარმატებას მისი პროგრამის განხორციელებაში. თუ მთხოვს, რჩევასაც მივცემ - დადებითი გამოცდილებაც მაქვს და უარყოფითიც.

 

ჯერჯერობით ასეთი პროგრამა არ მინახავს (ის ხალხი მყავს მხედველობაში, ვინც ხელისუფლებისათვის იბრძვის). ის, რაც ქვეყნდება, არის ცარიელი დემაგოგია და პოპულიზმი: "გავაუქმოთ გადასახადები", ამავდროულად "გავზარდოთ პენსიები" (რა ჭკვიანები არიან! როგორც ჩანს, ამ "ბრძნული" პროგრამის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დღევანდელი პრეზიდენტი და ხელისუფლება ვერ ხვდება, რამდენად გაზრდის პენსიას გადასახადების გაუქმება) და ასე შემდეგ.

 

ყველაფრის მიუხედავად, კვლავინდებურად მზად ვარ დიალოგისათვის. ეს არის ჩემი მტკიცე ნება. ამისკენ მოგვიწოდებენ ჩვენი მეგობრებიც.

 

მაგრამ, მომიტევეთ, დიალოგში ხომ, როგორც მინიმუმი, ორი მხარე, ორი ადამიანი მაინც უნდა მონაწილეობდეს!

 

როდესაც მეორე მხარე დიალოგზე უარს აცხადებს, ასეთი დიალოგი ვერ შედგება.

 

მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ დაგვიკავშირდა ბატონი ზურაბ ჟვანია (მადლობელი ვარ, რომ დარეკა. იგი ხშირად ურეკავს ჩემს ერთ-ერთ თანაშემწეს, რაც სავსებით ნორმალური მოვლენაა) და გვთხოვა, მოგვეწვია ქალბატონი ნანა დევდარიანი, რათა გაგვემართა კონკრეტული მოლაპარაკება (ამჯერად კანცელარიაში მოვიდოდნენ. წინა შეხვედრა გაიმართა კრწანისში. მოითხოვეს, ნეიტრალური ტერიტორია იყოსო და, თითქოს უცხოელები იყვნენ, მივიღეთ კრწანისში).

 

სხვათა შორის, არავითარი წინასწარი პირობა, მოლაპარაკების დაწყებამდე, ბატონ ზურაბს (ისევე როგორც არც ჩვენ) არ წამოუყენებია.

 

დავარღვიე ელემენტარული კოლეგიალობა, დაუწერელი კანონი და, იმის მიუხედავად, რომ უფლება არ მქონდა, მაინც ვთხოვე ქალბატონ ნანას, მობრძანებულიყო სახელმწიფო კანცელარიაში. მოგეხსენებათ, მისი სტრუქტურა აბსოლუტურად დამოუკიდებელია. პრეზიდენტი არც უნდა ცდილობდეს ხშირად შეხვდეს და, მით უმეტეს, ხშირად მოიკითხოს ამბები, რომლებიც დაკავშირებულია არჩევნებთან. ქალბატონი ნანა მაინც მოვიდა.

 

ველოდეთ ერთი საათი, ორი საათი, სამი საათი. მინდა ეს ჩვენმა მსმენელებმა იცოდნენ. ბოლო შეთანხმება იყო, რომ 10-ის ნახევარზე მოვიდოდნენ. ველოდეთ შუაღამემდე, მაგრამ არ მოვიდნენ. რას ჰგავს ეს, რა არის.! თუ სერიოზული ხალხი ხართ, მაშინ ამის გაკეთება შეუძლებელია. თუ მე არა ვარ სერიოზული, მაშინ დამიმტკიცე, რომ არ ვარ სერიოზული. სამი საათი ვისხედით. მერე იძულებული ვიყავით პრესა მოგვეწვია და ავუხსენით ყველაფერი. ყველას აინტერესებდა, რა მოხდებოდა. მოხდა ის, რომ არ მოვიდნენ ჩვენი მეგობრები და ოპონენტები.

 

დღესაც მზადა ვარ, შევხვდეთ, ვისაუბროთ, კომპრომისებზეც ვიფიქროთ, მაგრამ ერთი ურყევი პირობით: კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს, ხოლო კომპრომისი მხოლოდ კანონიერების ფარგლებში უნდა ეტეოდეს.

 

მაგალითად, მე მოვუწოდებ ჩემს ოპონენტებს: გაასაჩივრონ არჩევნების შედეგი თუნდაც ყველა საარჩევნო ოლქში. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ტყუის ეს ბლოკი, რომელმაც ხმების 20 თუ 21 პროცენტი მიიღო, ჩვენ არ გავასაჩივრებთ უზენაესში. დაე, ეს იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ ისინი მართალი არიან. მე დღეს მჯერა სასამართლოების. მათ არაერთი საკითხი განიხილეს და საკმაოდ ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღეს.

 

აი, სხვათა შორის, სასამართლო განხილვის ზოგიერთი შედეგი. სასამართლომ 80 ათასი ხმა გააუქმა. ცოტაა ეს თუ ბევრი. მე მგონია, რომ ბევრია. ვიჩივლეთ სადმე. ძირითადად ეს შეეხო ბლოკს და მიმაჩნია, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბევრ ოლქში დაადგინა ხმების გადათვლა. ბევრ უბანზე საერთოდ გააუქმა არჩევნების შედეგები.

 

ხმების გადათვლა არ არის ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ერთ-ერთი გამოსავალი, შედარებით უმტკივნეულო, არის.

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენი კოალიციის ზოგიერთი წევრი წინააღმდეგი იყო და მსაყვედურობდა კიდეც, რატომ ხართ ასეთი გულგრილიო და სხვა და სხვა.

 

მაგრამ, ბოდიშს ვიხდი, როდესაც ჩვენგან გარანტიებს ითხოვენ, მე არ შემიძლია (პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით), ვინმეს წინასწარ მივცე გარანტია, რომ იგი შეინარჩუნებს ან ვერ შეინარჩუნებს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს. არსებობს შესაძლებელი და არსებობს შეუძლებელი, მით უმეტეს, პოლიტიკაში.

 

და კიდევ ერთი: ყურადღებით შევისწავლოთ, როგორია საერთაშორისო გაერთიანების გამოხმაურება.

 

ამ დღეებში ხშირად გაიგონებთ დემაგოგიას რაღაც "მსგავსების" თაობაზე ამჟამინდელ მოვლენებსა და აღმოსავლეთ ევროპაში გასული საუკუნის 80-იანი წლების "ხავერდოვან რევოლუციებს" შორის.

 

ეს დემაგოგია მათი ავტორების სინდისზე იყოს!

 

ცინიზმით ზნეობრივ გამარჯვებას ვერ მიაღწევ.

 

მათ იციან, რომ ადამიანს იქ უნდა "დაარტყა", სადაც ყველაზე მეტად ეტკინება.

ის, რასაც ისინი გულისხმობენ, დიახაც, ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი ფურცელია. და მე ამით სამართლიანად ვამაყობ კიდეც!

ხოლო რამდენად მართებულია ასეთი "დემაგოგიური პარალელები", სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, იქიდანაც ჩანს, თუ რა განცხადებებს აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და მეგობარი ქვეყნები.

 

როგორ არ ეცადნენ ზოგიერთები, როგორმე მოეშხამათ ეს ურთიერთობა, ვერაფრით მიაღწიეს მათთვის სასურველ ერთმნიშვნელოვან განცხადებებს.

 

რა თქმა უნდა, ლაპარაკია ნაკლოვანებებზე, დარღვევებზე, არასრულყოფილებაზე.

 

მაგრამ, აი, კონკრეტული მოწოდება, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა. მოვიტან ციტატას ეუთოში ამერიკის ელჩის განცხადებიდან: იგი მოუწოდებს ყველა პარტიას, ყველა მხარეს, დაელოდონ საარჩევნო პროცესების დასრულებას, დაელოდონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას, და მხოლოდ ამის შემდეგ გაასაჩივრონ სასამართლოში, სწორია, თუ არ არის სწორი.

 

გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ დემონსტრაციები, ისევე როგორც ხელისუფლების პასუხი ამ დემონსტრაციებზე, მშვიდობიანი სახის იყო.

 

დაახლოებით ასეთივე სულისკვეთებაა ყველა სხვა განცხადებაში.

რომელ მათგანშია საუბარი (მაპატიეთ, არ მინდოდა ჩემი ოპონენტების ნათქვამის გამეორება) "დიქტატორულ რეჟიმზე", მილოშევიჩზე, ჩაუშესკუზე და სხვებზე. ყველა რომ ჩამოვთვალო, ვისაც შემადარეს, ჩვენი ინტერვიუ, ალბათ, დიდხანს არ დამთავრდება.

 

უამრავი პრობლემის, ტკივილის, ნაკლის, სოციალური სიდუხჭირის მიუხედავად, ვის შეუძლია უარყოს, რომ პიროვნული თავისუფლების თვალსაზრისით, მათ შორის, სიტყვის თავისუფლებით საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია!

ვინ გაბედავს ამტკიცოს, თითქოს რომელიმე დიქტატორივით საქართველოს პრეზიდენტი ემალება თავის ხალხს!

განა მე არ მივედი იმ გამძვინვარებულ ადამიანებთან, რომლებიც ჩემს ჩაქოლვას მოითხოვდნენ.

 

დამისახელეთ სხვა მაგალითი, ვინც ესოდენ ღია, ესოდენ ტოლერანტული და კოლეგიალურია ჟურნალისტების მიმართ. ალბათ, არის კიდეც სადღაც, მაგრამ მე ჩემს თავზე და ჩვენს სინამდვილეზე ვლაპარაკობ.

 

ერთხელ თუ ამომიღია ხმა ამდენი შეურაცხყოფის, ზღვარსგადასული ლანძღვა-გინების გამო, რაც ჩვენი გაზეთების ფურცლებზე წამიკითხავს.

 

ერთ რომელიმე ჟურნალისტს თუ შექმნია რაიმე პრობლემა არათუ პრეზიდენტის კრიტიკის, არამედ უშვერი შეურაცხყოფის, მისი დამხობისაკენ პირდაპირი მოწოდებისათვის.

 

ეს არის მილოშევიჩი. ეს არის ჩაუშესკუ.

 

უსინდისოს გარდა, ვის შეუძლია ამტკიცოს, თითქოს დღეს რეპრესიული რეჟიმია საქართველოში. როგორ არა გრცხვენიათ, ახალგაზრდები ხართ, მთელი ცხოვრება წინ გაქვთ, ნუთუ გგონიათ, ასეთი უსამართლობით, ასეთი უსამართლო მოთხოვნებით ზნეობრივ და სულიერ გამარჯვებას მიაღწევთ. ვერ მიაღწევთ.

 

და, რაც მთავარია, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ დღეებში გამოგვეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომელთა ელჩებსაც შევხვდი ამ დღეებში. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა რუსეთის პრეზიდენტს, რომელმაც სამჯერ დარეკა და თქვა, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოს სახით სტაბილური მეზობელი ჰყავდეს და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ ამ სტაბილურობას ხელი შევუწყოთ.

 

ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის შიგნითაც, ყველას, ვინც გონიერება და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გამოამჟღავნა.

ჩვენს ახალგაზრდა მასმედიას (გამონაკლისის გარდა) - უდიდესი მოქალაქეობრივი შეგნებისა და შინაგანი ცენზურისათვის.

დიახ, "შინაგანი ცენზურისათვის", რაც სხვა არაფერია, თუ არა სინდისი და სამშობლოს ბედისადმი პასუხისმგებლობა.

 

თორემ ბევრი რამ მათაც არ მოსწონთ და აქვთ უფლება, უკმაყოფილო იყვნენ.

 

კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი სამშობლოს უმტკიცესი ციხე-სიმაგრის, ჩვენი აჭარის, მე ასე ვამბობ ხოლმე, ჩემი აჭარის მიმართ.

 

ისიც მინდა ვთქვა, რომ ბატონმა ასლან აბაშიძემ ამ დღეებში კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უმთავრესი მრწამსი: რომ განუყოფლად მიაჩნია აჭარისა და საქართველოს ინტერესები. და ბევრად მნიშვნელოვანი იყო ეს განცხადება. თქვენ იცით, იყო სხვა რანგის განცხადებები, სხვა მასშტაბისა და შინაარსის.

 

ჩემთვის ბოლო დღეების ბედნიერი მოგონებაა ის, რაც ვნახე სამეგრელოში. მოვინახულე ჟიული შარტავას ძეგლი, მისი დედ-მამა, ეს უდიდესი სულის ადამიანები გულში ჩავიკარი და შემდეგ ათასობით ადამიანს შევხვდი.

 

უნიკალური იყო შეხვედრები ბათუმში. მე ვთქვი, რომ 22-ჯერ ვარ ჩასული ბათუმში, ყოველთვის კარგად მხვდებოდნენ, მაგრამ ეს იყო ზღაპრული შეხვედრა - გაჭედილი სტადიონი და ამდენი გაცისკროვნებული ქართული სახე - პატრიოტული სიყვარულითა და შემართებით აღსავსე.

 

არ არის ეს ბედნიერება. ხშირად მეუბნებიან: რატომ წახვედი აჭარაში, რატომ წახვედი სამეგრელოში. აბა, რა ვქნა. მე ვიყავი ჯავახეთში, ვნახე უნივერსიტეტის ფილიალი, შევხვდი 800-კაციან აუდიტორიას, სხვა შეხვედრებიც მქონდა. ამ დარბაზში შევხვდი ახალგაზრდებს, სტუდენტური საბჭოების თავმჯდომარეებს. გუშინ შევხვდი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ქვემო ქართლიდან. მე თვითონ უნდა ჩავსულიყავი. უზარმაზარი, 30-ათასკაციანი მიტინგი იყო, მელოდებოდნენ. ვერ ჩავედი და წერილი მივწერე, ვთხოვე, იქნებ თავად ჩამოსულიყვნენ 30-40 კაცი მაინც. მართლაც ჩამოვიდნენ და საუბარი იყო მხოლოდ ამაზე: თქვენ იყავით მაგრად. თავის დროზე აზერბაიჯანული რაიონებიდან, დმანისიდან 800 ოჯახი გაასახლეს. ჩვენ ყოველდღე შიშით ველოდით, რომ ჩვენთანაც მოვლენ და გაგვასახლებენ. ჩვენ ეს არ გვინდა. ეს ჩვენი სამშობლოა და ჩვენ მისი მოქალაქეები ვართ. ამიტომ გადავწყვიტეთ სახელმწიფო ენის შესწავლა და ა.შ.

 

ბედნიერი ვარ, რომ მოვესწარი იმ დღეს, როცა აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები და სხვები სწავლობენ ქართულ ენას, სახელმწიფო ენას. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ახალქალაქის უნივერსიტეტში ქართველი ახალგაზრდები სწავლობენ სომხურ ენას. თავისი სურვილით, არავინ აძალებს.

 

ყველას მოვუწოდებ, ძალიან ფრთხილად ვიყოთ, როცა ლაპარაკია ცალკეულ რეგიონებზე, თუნდაც აჭარაზე. ერთხელ რომ საქმეს გააფუჭებ, მერე მისი გამოსწორება თითქმის შეუძლებელი ხდება. განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობებს ეხება ეს. გაუვლიან-გამოუვლიან ხოლმე. დღევანდელი საქართველოს მრავალეროვნულობა ჩვენი სიძლიერეა, ეს ხალხი ჩვენ გვიჭერს მხარს. ყველა არჩევნების დროს 80 პროცენტს ვიღებდი ამ რაიონებიდან. მეუბნებიან, რომ გულწრფელი იყვნენ მაშინაც და გულწრფელი არიან ახლაც. მთავარია არ შედრკეთ, რადგან ჩვენ თქვენი იმედი გვაქვსო.

 

კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას მოვახსენებ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მისი კეთილი ნებისათვის, ძალიან საჭირო სიტყვებისათვის.

 

იყო ასეთი წინადადებაც, რომ საპატრიარქოში გამართულიყო ჩემი და ოპოზიციის შეხვედრები. მაგრამ მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად უწმინდესის შეწუხება ასეთ საკითხებზე და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, მისი საპატრიარქოს პოლიტიზება. არ არის ეს სწორი. მისმა უწმინდესობამ თქვა ის, რაც უნდა ეთქვა.

 

უწმინდესის ერთადერთი და უმძლავრესი იარაღი არის სიტყვა და, თუკი მის სიტყვას არ ისმენენ, მით უარესი მათთვის.

ამ რთულ დღეებში საქართველოს შეიარაღებული ძალები, მესაზღვრეები აკეთებენ თავიანთ საქმეს, გადიან წვრთნას. რა ხდება აქ, ალბათ, დაახლოებით იციან, მაგრამ იციან თავიანთი მოვალეობაც. ისინი ახლა კარგ დონეს ინარჩუნებენ და ამასთან დაკავშირებით არ შემიძლია სიხარული არ გამოვხატო. ჩვენი, საქართველოს სიძლიერეა, რომ ასეთი დონის შეიარაღებული ძალები გვყავს.

 

დარწმუნებული ვარ, დიალოგით, ორმხრივი კომპრომისებით, სადაც შესაძლებელია, მაქსიმალური დათმობებით ჩვენ დავძლევთ ამ კრიზისს.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს დღეებში გამოაცხადებს არჩევნების შედეგს. შეიკრიბება პარლამენტი. უნდა შეიკრიბოს. როგორც კი გამოცხადდება შედეგები, კონსტიტუციით ვალდებული ვარ, დავნიშნო სხდომა. ისიც არის მითითებული, რა ვადაში უნდა შეიკრიბოს პარლამენტი.

 

მე ვაპირებ (საბოლოოდ არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ, ალბათ, მოვახერხებ) გამოვიდე ახალი პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე და კვლავ შევთავაზო საკანონმდებლო ორგანოს ძალიან სერიოზული რეფორმები. მათ შორის, სერიოზული საკონსტიტუციო ცვლილებები, რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით. თქვენ იცით, რომ არჩევნებთან ერთად გაიმართა რეფერენდუმიც. ჩემს მიერ დასმულ კითხვას - შემდეგი პარლამენტის რაოდენობა შევამციროთ და დავიყვანოთ 150 კაცამდე თუ შევინარჩუნოთ ეს რაოდენობა. - აბსოლუტურმა უმრავლესობამ უპასუხა, რომ შემცირება აუცილებელია. მაგრამ არა მარტო შემცირებაა საჭირო, არამედ მოფიქრებაც, როგორი საკონსტიტუციო ცვლილებები გვჭირდება დღეს საქართველოში. მე მაქვს ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები და შევეცდები წარვუდგინო პარლამენტს.

 

ამჟამად ჩემი უმთავრესი მიზანია, 2005 წლის აპრილამდე ქვეყანა მივიდეს სამოქალაქო თანხმობის პირობებში.

 

მზად ვარ, დარჩენილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მივიღო თუნდაც ყველაზე სარისკო, თუნდაც ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილებები რეფორმათა გაღრმავების თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ჩემს თავზე მივიღო დარტყმა, რათა შემდეგ პრეზიდენტს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აირჩევს, საქმე გაუადვილდეს.

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ის დიდი აქტი, რომელიც 2005 წელს უნდა განხორციელდეს, იქნება ხელისუფლების დემოკრატიული ცვლის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში.

 

- ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღნიშნეთ, რომ მეტის გაკეთება არ შეიძლებოდა ქვეყანაში. მაგრამ, როცა ადამიანებს უჭირთ, ისედაც მინიმალური პენსიები და ხელფასები გვიანდება, ეს ადამიანისათვის ძნელი აღსაქმელია. იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომლებიც ხდება დღეს ქვეყანაში, მინდა გკითხოთ: ეს ყველაფერი გავლენას ხომ არ მოახდენს დიდი პროექტების დაფინანსებაზე?

 

- თქვენ იცით, ჯერ კიდევ როდის დავიწყე საუბარი "დიდი აბრეშუმის გზაზე". ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დაფინანსების შესახებ უკვე მიღებულია მსოფლიო ბანკისა და ევროპის ბანკის გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, გაითვალისწინეს ჩვენი შუამდგომლობაც, წერილები გავაგზავნე, პირადად ვესაუბრე, სხვა ქვეყნების თხოვნაც იყო - აზერბაიჯანის, ამერიკის შეერთებული შტატების. მეორედ განიხილეს და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება. ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე უფრო გრძელი ნავთობსადენი, დიდი გამტარუნარიანობით, რომელიც საქართველოს ბევრ სიკეთეს მოუტანს.

 

ამასთან ერთ საკითხს გამოვყოფდი, რომელიც განსაკუთრებით აღინიშნა - ეკოლოგიური მხარე. რა სახის ექსპერტები არ ჩართეს სხვადასხვა ქვეყნიდან, ვერანაირი ნაკლი ვერ მოუძებნეს და დაასკვნეს, რომ ეკოლოგიურად ასეთი საიმედო და უსაფრთხო პროექტი ჯერ არ განუხილავთ.

 

უახლოეს დროში დღის წესრიგში დადგება დიდი გაზსადენის მშენებლობის დაწყების საკითხი. მე უკვე ვილაპარაკე საქართველოს სრული გაზიფიკაციის შესაძლებლობაზე. ვითარდება "დიდი აბრეშუმის გზა", სახმელეთო და საზღვაო კომუნიკაციები. სწორედ ეს შემოსავლები შეადგენს ერთი წლის შემდეგ საქართველოს ბიუჯეტის თითქმის ნახევარს.

 

ასი ათასჯერ ვუხდი ბოდიშს, ვისაც პენსია და ხელფასი დავუგვიანეთ, ანდა სიმბოლური პენსია აქვს, მაგრამ ეს გზა უნდა გავიაროთ. ეს პროექტები აუცილებელი იყო საქართველოსათვის. და მე მჯერა, ცოტაც მოვითმინოთ და ჩვენი მოსახლეობა, ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები ნორმალურად იცხოვრებენ.