|
|
|
ზაზა ბაკაშვილი "ახალი თაობა " 10 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 3.
რატომ მიდის შევარდნაძე ბათუმში პარლამენტის შენობის წინ გართულებული სიტუაციის ფონზე, მაშინ, როცა ოპოზიციაშევარდნაძის გადადგომის მოთხოვნას არ ცვლის, პრეზიდენტი შევარდნაძე რუსეთის ელჩს საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილს შეხვდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხიკვიშვილთან შეხვედრამდე შევარდნაძე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ პუტინს ესაუბრა. არაოფიციალური ინფორმაციით, პუტინმა შევარდნაძეს განუცხადა, რომ მას კრიტიკული სიტუაციებიდან გამოსვლის გამოცდილება აქვს და ამჯერადაც ღირსეულად გაართმევს თავს ოპოზიციასთან დაპირისპირებას. მანამდე შევარდნაძესთან იმყოფებოდა აღორძინების თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ცოტნე ბაკურია. აღნიშნული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტმა ბათუმში გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მიტინგზე განაცხადა: "კაცი შინ არ ვარგოდეს და გარეთ გარბოდესო... შევარდნაძე შინ არ ვარგა და ბათუმში გარბის. კაცი, რომელიც მხოლოდ გარდაბანში და მარნეულში ეძებს ხალხის მხარდაჭერას, რომელსაც თავის ხალხთან საერთო ენა ვერ გამოუნახავს და რუსეთის ელჩთან საუბრობს, მითხარით, საშიში არ არის?!" |