|
გიორგი ასანიშვილი,,24 საათი”. – 2003წ. - #306. – 25 ნოემბერი. – გვ. A2.
რევოლუცია დამთავრდა, წინ ახალი რევოლუციაა დაჭიანებული და მოფამფალებული კბილის ამოღება ძალიან იოლია. ეს უმტკივნეულოდ ხდება, ისე რომ, ერთი წვეთი სისხლიც კი არ ვარდება. ედუარდ შვარდნაძის დრომოჭმული და რეგრესული მმართველობითი სისტემაც ასევე უპრობლემოდ, ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაბარდა ისტორიას. არადა, სულ ციტა ხნის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პოლიტიკური ,,კბილის ამოღება” ასე ადვილად მოხდებოდა. ბევრს მიაჩნია, რომ შევარდნაძეს საკმარისი გავლენა და ძალაუფლება გააჩნდა იმისთვის, რათა მშვიდად მიეღწია თავისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მაგრამ, თურმე, ,,კბილი” მხოლოდ გარეგნულად ჩანდა საღი და ჯანმრთელი, სინამდვილეში კი, კარიესი ბოლო სტადიამდე ყოფილა მისული.
23 ნოემბერს მოხდა იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე პრეზიდენტის პოსტიდან ედუარდ შევარდნაძის გადადგომაა. ეს არ იყო რიგითი საკადრო ცვლილება, როდესაც სახელმწიფო მეთაურის პოსტზე ერთ პოლიტიკოსს მეორე შეცვლის. შევადრნაძის წასვლით იცვლება თითქმის ყველაფერი, რაც არსებითია ქვეყნის მომავლისთვის: სახელმწიფოებრიობის ხედვა, მსოფლმხედველობითი პრინციპები, წინსვლა-განვითარების სტრატეგია... ახალ ხელისუფლებას სახელმწიფო მშენებლობის პროცესის დაწყება, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწევს.
ამ ურთულეს ამოცანასთან შეჭიდებულ ხელისუფლებას რამდენიმე ,,მოკავშირე” ეყოლება. პირველ რიგში, ეს არის ხალხის მზადყოფნა და სურვილი ცხოვრების ყველა სფეროში რადიკალური გარდაქმნების გასატარებლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შევარდნაძის რეჟიმის დემონტაჟის პროცესში მოხდა სამოქალაქო კონსოლიდაცია. საზოგადოება ასეთი ერთსულოვანი (,,ერთსახოვანი”) და მონოლითური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წლების შემდეგ აღარ ყოფილა. ბალხის ერთ მუშტად შეკვრა, საერთო ეროვნული მუხტისა და ენერგიის სწორ კალაპოტში მოქცევა კი ბევრი პრობლემის მოგვარებას გააიოლებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაუმორჩილებლობის მოძრაობამ და ,,ვარდების რევოლუციამ” ბევრი ახალი სახე და ლიდერი წარმოაჩინა, რომლებსაც წარმატებით შეუძლიათ ჩაენაცვლონ იმ სახელგატეხილ პოლიტიკოსებს, ვისაც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნიღაბი ჩამოხადა. აქვე გასათვალისწინებელია ის საფრთხეც, რომელიც უახლოეს პერიოდში ნამდვილად გაჩნდება: მედროვენი აუცილებლად შეეცდებიან, გამარჯვებულ ოპოზიციას მიეტმასნონ. ასეთი ადამიანები უკვე მრავლად ირევიან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მისაღებში. ახალ ხელისუფლებას უნდა ეყოს გამბედაობა და სიმტკიცე, რომ ამ ხალხის სამსახურზე უარი თქვას. იმ პირთა აღზევება, ვისთვისაც სამშობლო მხოლოდ მოხმარების საგანს წარმოადგენს, საყოველთაო იმედგაცრუებას გამოიწვევს და ხელისუფლებას ხალხის ნდობის მანდატს ძალიან მალე დააკარგვინებს. თუმცა, გასათვალისწინებელია სხვა მომენტიც: აქაოდა, გამარჯვებული ვარო, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ყველა დანარჩენ პოლიტიკურ ძალას ზურგი არ უნდა აქციოს და მასთან თანამშრომლობაზე უარი არ უნდა თქვას. ამით მან, შეიძლება, თავი იზოლაციაში მოიქციოს.
კიდევ ერთი კოზირი, რომლითაც ახალი ხელისუფლება იწყებს საქმიანობას, ლეგიტიმურობის ძალიან მაღალი ხარისხია. გაერთიანებული ოპოზიციის დაუძინებელი მტრებიც კი ვერ ამბობენ იმას, რომ ქვეყნის სათავეში მოსული ძალა უკანონოა და მას ხალხი არ უნდა დაემორჩილოს. ყველა აღიარებს, რომ მოვლენების განვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გსცდენია და ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობა, ფაქტობრივად, არ დარღვეულა.
რაც შეეხება ახალი ხელისუფლების სტრატეგიულ ამოცანებს, ამის გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კორუფციის დამარცხება, კანონის უზენაესობა დამყარებული მმართველობა, სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება – დაახლოებით, ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ ,,ვარდების რევოლუციის” შემდგომი ეტაპის ორიენტირები.
ასე რომ, ერთი რევოლუცია დასრულდა და იწყება მეორე – უფრო რთული და მნიშვნელოვანი. |