|
|
მაია მოსიაშვილი,,24 საათი”. 4 ნოემბერი. 2003 წ. გვ. A8.
რუსთავში ხელისუფლებისა და ,,ნაციონალების” ტენდემი ლიდერობსთურმე ცხელი შხაპი კენჭისყრის შედეგებზე დადებითად მოქმედებს
3 ნოემბერს ღამის სამ საათზე ,,რუსთავი-2”-ის გადამღებმა ჯგუფმა ბლოკ ,,ახალი საქართველოსთვის” რუსთავის შტაბიდან ორი უბნის საარჩევნო ყუთების გამოტანის ფაქტები დააფიქსირა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსალოდნელი იყო უბნიდან საოლქო კომისიამდე ყუთები სადმე ,,შეესეირნებინათ”, მთელი საღამოს მანძილზე ვრცელდებოდა. ფაქტის დაფიქსირება მხოლოდ ,,რუსთავი-2”-მა მოახერხა.
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში გუშინ საღამოს აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტების მიერ დაფიქსირებული დარღვევა მათთვის არაფერს ნიშნავს. მით უფრო, რომ ამის შესახებ კომისიაში საჩივარი არ შესულა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსთავის 54 უბნიდან კენჭისყრა მხოლოდ სამზე ჩაიშალა: #13-ზე, სადაც კომისიის თავმჯდომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კენკებაშვილის ქალიშვილს გაარტყა, და კიდევ - #44 და #30 უბნებზე. ეს სწორედ ის უბნებია, რომლის ყუთებიც ღამით სახელისუფლო ბლოკის შტაბთან დააფიქსირეს. გუშინ საღამოს ექვსი საათისათვის საოლქოში აცხადებდნენ, რომ ამ უბნებიდან მონაცემები ჯერ არ მისვლიათ და არ იციან, რატომ.
არჩევნებამდე ორი დღით ადრე რუსთავში ამომრჩეველთა გულის მოგების ყველაზე ორიგინალური მეთოდი დაფიქსირდა. ორი დღის განმავლობაში ერთ-ერთი აბანო უფასოდ იღებდა დაბანის მსურველებს. აბანოში ეუბნებოდნენ, რომ მათ ნაცვლად ფული გოგი სალაყაიამ გადაიხადა. როგორც ჩანს, ცხელი შხაპი კენჭისყრის შედეგებზე დადებითად მოქმედებს. მართალია, ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რუსთავის მაჟორიტარი 9 ათასი ხმით სახელისუფლო ბლოკის კანდიდატი, ,,საქცემენტის” ხელმძღვანელი გიორგი სალაყაია გახდა და მან ,,ნაციონალ” გიორგი ხევიაშვილს 2500 ხმით გაუსწრო. გენერალი იოსებ ალავიძე მესამე ადგილზეა.
პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგები რუსთავში ასეთია: პირველ ადგილზე - ,,ნაციონალები”, ხოლო მეორეზე - ,,ახალი საქართველოსათვის”.
საოლქო მონაცემებით, საბოლოოდ დადგინდა ამომრჩეველთა რაოდენობა – 72 800, არჩევნებზე კი 28 ათასი მივიდა, ანუ არჩევნები შედგა. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ალეკო ედიშერაშვილის თქმით, განსაკუთრებული დარღვევა არც ერთ უბანზე არ მომხდარა. რაც შეეხება სიის გარეთ დარჩენილ ათასობით ამომრჩეველს, ედიშერაშვილის თქმით, ეს არც ისე სერიოზული დარღვევაა და ხალხის კონსტიტუციური უფლების იგნორირება საარჩევნო კოდექსის, კერძოდ, დამატებითი სიების გაუქმების ბრალია. მერა რა, რომ ამ კატეგორიის ამომრჩეველთა უმრავლესობა თავდაპირველ სიაში იყო?! ყველაფერი მაინც არა საარჩევნო ადმინისტრაციის, არამედ კანონის ბრალია, - ამბობს ედიშერაშვილი.
არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მთელი ღამის მანძილზე რუსთავის საარჩევნო უბნებზე სალაყაიასა და ალავიძის მომხრეებს შორის ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ამბობენ, რომ სალაყაიას სვანებმა ყველას აჯობეს, თუმცა სიმართლესთან ის უფრო ახლოსაა, რომ ალავიძის მხარემ, ფაქტობრივად, დათმო, რადგან ქალაქი სავსე იყო სრულ მზადყოფნაში მყოფი სპეცრაზმელებითა და შინაგანი ჯარის წარმომადგენლებით და ხელისუფლება არეულობის პროვოცირებას აუცილებლად სათავისოდ გამოიყენებდა.
რუსთავის არჩევნების შედეგებით ერთნაირად კმაყოფილნი არიან ხელისუფლება და ,,ნაციონალები”. უკმაყოფილონი არიან ,,ბურჯანაძე-დემოკრატები”, რომლებიც, ალბათ, მესამე ადგილზე გავლენ.
,,სამართლიანმა არჩევნებმა” ხმების პარალელური დათვლა რუსთავში სრულყოფილად ვერ მოახერხა, რადგან მათია დამკვირვებლების ნაწილი რუსთავიდან გამოაძევეს და დათვლის პროცედურას არ დაასწრეს, ნაწილმა კი უბნებზე შექმნილი არეულობის გამო დატოვა პოსტი.
2 ნოემბრის არჩევნებზე რუსთავში იმყოფებოდნენ მოსკოველი და ნიუ-იორკელი ჟურნალისტები, რომელთაც საოლქო კომისიაში მთელი დღის მანძილზე პასუხისმგებელი პირი ვერ იპოვეს, სამაგიეროდ ნახეს უამრავი რუსთაველი, რომლებიც სიის გარეთ დარჩნენ. ,,ამერიკელები ხართ? ბომ უამბობთ მსოფლიოს, რომ ნახევარი რუსთავი გარეთ დაგვტოვეს. ჩვენ თავს შეურაცხოფილად ვგრძნობთ, რა ვქნათ, რა გავაკეთოთ?”, - ასე შესჩიოდაისედაც გაოგნებულ უცხოელებს რუსთავის მკვიდრი, ბატონი ელგუჯა. |