გიორგი ასანიშვილი

,,24 საათი” 2003. 21 ნოემბერი. გვ. A2.

 

 

რუსთაველის გამზირზე აბაშიძისა და შევარდნაძის ,,დღეები” გრძელდება

 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილენი ცესკო-ს მიერ 2 ნოემბრის არჩევნების სედეგების ოფიციალურად გამოცხადებას დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ. სახელისუფლებო ბლოკისა და ,,აღორძინების” ლიდერები გუშინ ერთად ზეიმობდნენ ,,გამარჯვებას”. მიკროფონთან მისვლას არ აცდიდნენ ერთმანეთს ჯემალ გოგიტიძე და ლევან მამალაძე, ცოტნე ბაკურია და გია ზურაბაშვილი...  ურთიერთმილოცვების მიუხედავად, ,,ხალხის რჩეულნი” მაინც შეფიქრიანებულები ჩანდნენ - ,,დღესასწაული’ ოდნავ გააფერმკრთალა იმან, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და ამით ,,ქვეყანასა და კონსტიტუციას ღალატობს”.

 

 ,,ღალატის” საპასუხოდ, სახელისუფლებო ბლოკი და ,,აღორძინება” ,,გმირულ ნაბიჯს” დგამენ. ,,ჩვენ აუცილებლად შევალთ პარლამენტში,” – ჰპირდებიან მათი ლიდერები მომიტინგეებს.

           

შევარდნაძე-აბაშიძის ბლოკის წევრები ვინმემ კარიერისტულ მისწრაფებებში რომ არ დაადანაშაულოს, ისინი სასწრაფოდ იძლევიან განმარტებას. ,,ჩვენ სკამები კი არა გვამოძრავებს, არამედ ის, რომ საქართველო არავინ დაშალოს და დააქუცმაცოს,” – აღნიშნავს ლევან მამალაძე. ამასთან, იგი ძალიან კმაყოფილია იმით, რომ ,,ცესკო-მ ზეწოლას გაუძლო და არჩევნების შედეგები ობიექტურად შეაჯამა.”

        

ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების ცნობისთანავე, ,,აღორძინების” დეპუტატები კანონით გათვალისწინებული პროცედურების – ნარკოლოგიური შემოწმების გავლას შეუდგნენ. დემალ გოგიტიზის სურვილია, ნარკოლიგიურთან ერთად, დეპუტატები ფსიქოლოგიურადაც შემოწმდნენ. ამის აუცილებლობა რომ ნამდვილად არსებობს, დასტურად გუშინდელ მიტინგზე ცოტნე ბაკურიას გამოსვლაც საკმარისია.

           

 ,,დღეს მიშა სააკაშვილი აიძულებდა ოც ახალგაზრდას, რომ ცელოფანის პარკებში გახვეულიყვნენ და, ჩვენი აქციისადმი პროტესტის ნიშნად, თვითლიკვიდაცია მოეხდინათ, თავად კი მსვიდად ადევნებდა თვალს, როგორ განხორციელდებოდა ეს შემზარავი ფაქტი,” – როდესაც ადამიანს ასეთი შიზოიდური ფანტაზიები აქვს, მოდი და ნუ დაეთანხმები გოგიტიძის განცხადებას პარლამენტარების ფსიქიატრიული შემოწმების მიზანსეწონილობის სესახებ.

           

ისე, მხოლოდ ცოტნე ბაკურიას როდი ,,უნათდება” გონება. ,,შთაგონება” ზოგჯერ რიგით გამომსვლელებსაც ეწვევათ ხოლმე. მაგალითად, ერთი მათგანი გუსინ სრულიად სერიოზულად ამტკიცებდა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის (გასაგებია – რომლის) წარმომადგენლები აპირებენ პარლამენტში კანონპროექტის შეტანას, რომელიც მამაკაცზე მამაკაცის ქორწინების ნებართვას ითვალისწინებს...

           

აჭარიდან ჩამოყვანილ ხალხს ამგვარი სიცრუით, სიბინძურითა და სისულელეებით უჭედავენ ტვინს, აქციის ორგანიზატორები, პარალელურად, თბილისელების გონების დამუშავებასაც ცდილობენ.

           

,,აჭარაში ხალხი არის ბედნიერი. იგი ასლან აბაშიძის გარშემოა გაერთიანებული და ერთ მუშტად შეკრული. აჭარაში ყველგან სასიკეთო ცვლილებებია. ბატონმა ასლანმა აჭარა მთელ მსოფლიოს გააცნო...” – მძლავრი დინამიკებიდან რუსთაველის გამზირზე მთელი დღეების განმავლობაში გაისმის ,,პრეზიდენტ” ასლან აბაშიძის სადიდებელი.

           

მომიტინგეებს, დროგამოშვებით, ასეც ამხნევებენ: ,,ჩვენს ღონისძიებას შემოუერთდა 500 კაცი სამტრედიიდან... აქციაზე ჩამოვიდა 100 ადამიანი ადიგენიდან... პარლამენტის წინ მოვიდნენ ლტოლვილები...” ეს განცხადებები ოდნავადაც რომ იყოს სიმართლესთან ახლოს, მაშინ, წესით, რუსთაველის გამზირი წესით ხალხს ვეღარ უნდა იტევდეს, სინამდვილეში კი მომიტინგეთა რაოდენობა არა თუ იზრდება, არამედ თანდათან მცირდება.

           

შეწუხებულ, გადაღლილ და სახლსმონატრებულ აჭარლებს ჯემალ გოგიტიძე გამძლეობისკენ მოუწოდებს. ,,ცოტაც, კიდევ რამდენიმე დღე მოითმინეთ და...” – აზრს აღარ ასრულებს ,,აღორძინების” ერთ-ერთი ლიდერი. როგორც ჩანს, აჭარიდან ,,დევნილთათვის ,,ამნისტიას” იგი მაშინ გამოსცემს, როდესაც პარლამენტში არშესვების საფრთხეს უკან მოიტოვებს.