|
მამუკა ბაკაშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 12 ნოემბერი. გვ. 5.
რუსთაველზე მთელი საქართველო შეიკრიბება
გუშინ პარლამენტის შენობასთან შეთხელებული რაოდენობით მიტინგი კვლავ გრძელდებოდა. პირველი საათისთვის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ტრიბუნასთან გამოვიდა და ჟურნალისტებს გაესაუბრა: - ჩვენი მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია. არ შევეგუებით არჩევნების იმ შედეგებს, რომლითაც პარლამენტი ინიშნება და არა ირჩევა. კატეგორიულად ვაყენებ საკითხს არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით. საქართველოში არჩევნები არ შემდგარა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რის შემდეგაც ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. რაც შეეხება ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის შემოსასვლელები გადაკეტილია და ხალხს არ უშვებენ, ხედავთ, რამდენი ხალხია მაინც შეგროვილი. აქედან გამომდინარე, მე უფლება არა მაქვს, ამ ადამიანებს იმედი გავუცრუო და არც ვაპირებ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას.
- შედგება თუ არა ახალი მოლაპარაკება?
- არანაირი ახალი ინფორმაცია მოლაპარაკებასთან დაკავშირებით არ არის. ამ კოკისპირულ წვიმაში მდგომი ხალხი ხელისუფლებისა და პრეზიდენტისგან რაიმე ნიშანს ელოდებოდა, რომ კონსულტაციები კვლავ გაგრძელდებოდა, მაგრამ ამ დროს პრეზიდენტი მეცხოველეობის ფერმის დათვალიერებით იყო დაკავებული. სწორედ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჩვენს მოსახლეობას და როგორ სცემს მას პატივს. მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამას არ მოითმენს. ასე რომ, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ.
- როგორ შეაფასებდით შევარდნაძის ბათუმში ვიზიტს?
- როდესაც აბაშიძისა და შევარდნაძის შეხვედრის კადრებს ვუყურებდი, ჩემი ბავშვობა მაგონდებოდა. ამ შეხვედრას განსაკუთრებული კომენტარები არ სჭირდება. თითქმის ერთი თაობის ხალხი ვართ და ყველას გვახსოვს, მაშინ რა პომპეზური შეხვედრები იმართებოდა. როგორ მთავრდებოდა შემდეგ ისინი, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს. - დემოკრატებიდან ვინ დაიწყებს შიმშილობას?
- თქვენ თვითონ ნახავთ. განწყობა ძალიან სერიოზულია. ვცდილობთ, ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გაწონასწორებული იყოს, რათა სიტუაცია არ დაიძაბოს.
ზაზა ბეგაშვილი (ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე): - ბატონო ზაზა, ხალხი ხომ არ შეგითხელდათ?
- 12 საათისთვის მიტინგზე 2500 კაცის მოსვლა ცოტა არ არის და მათი რიცხვი სამი-ოთხი საათისთვის უფრო მოიმატებს, 6 საათისთვის კი, როგორც ყოველთვის, პიკს აღწევს ხოლმე - 10 ათას კაცამდე.
- გუშინ სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელმა, ნუგზარ მოლოდინაშვილმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში 20-25 პროცენტით ოპოზიციური საზოგადოება ყოველთვის მოიძებნება. ასე რომ, მთავრობას თქვენი მხარდამჭერების არ ეშინია.
- სანამ ერთი ადამიანი მაინც იდგება ამ მოედანზე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც იქამდე იდგებიან. ჩვენ ვთვლით, რომ თითოეული ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს. გუშინდელ აქციას თბილისის ყველა უმაღლესი სასწავლებელი შემოუერთდა. გარდა ამისა, თბილისში ჩამოსულია რაიონების მოსახლეობა და ბევრიც კიდევ შემოგვემატება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ბლოკავს მათ, ეს ვერ გამოუვა და საბოლოო ჯამში რუსთაველზე მთელი საქართველო შეიკრიბება. |