|
|
ზაზა ფაჩუაშვილი,,24 საათი”. 2003 წ. 13 ნოემბერი. გვ. A1-A2 რუსთაველზე ხელმოწერები დაიწყოანტიშევარდნაძიზმის წყალგაუმტარი დუღაბი დღითიდღე მტკიცდება და თავის საფარქვეშ სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აერთიანებს. თანაც, ოპოზიციის ლიდერებისათვის ერთ ფრიად სასარგებლო თვისებასაც ამჟღავნებს – ძირითადი გამამხნევებელი მუხტი ფეხზე მდგარი ხალხის ურყევი ნებიდან მოდის. ეს მხოლოდ მაშინ ხდება ხოლმე, როცა ყველა თავის საქმეს აკეთებს. გუშინდელ მიტინგზე ყველაზე დიდი ოვაცია გამოიწვია კობა დავითაშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ იწყება საყოველთაო ხელმოწერები საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადაყენების მოთხოვნით. პირველი ოთხი მაგიდა პირდაპირ რუსთაველის გამზირზე დადგეს, რის გარშემოც უმალ მოიყარა ხალხმა თავი. ბელმოწერებისათვის ერთადერთი პირობა პირადობის მოწმობის ქონაა. ოვაციების მიხედვით, მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ბარამიძის მიერ ოპოზიციის გათიშულობის შესახებ გავრცელებული ჭორის გაქარწყლება, რომელიც სახელისუფლებო ბლოკის უბადრუკ ხრიკად მოინათლა.
ოპოზიციის ლიდერთა გამოსვლებს შორის მიკროფონს მრავალი მომიტინგე იკავებდა. ამ მხრივ, გუშინდელი საპროტესტო აქცია განსაკუთრებით ინტერნაციონალური გამოდგა. ძველი თბილისელი სომხების გამოსვლა თუ ქალაქური კოლორიტით გამოირჩეოდა, ბოლნისელი აზერბაიჯანელი თავგანწირული ჩანდა.
,,ბოლნისელი აზერბაიჯანელები ძალიან ცუდ დღეში არიან, მაგრამ ხმას ვერ იღებენ, იმიტომ, რომ დაშინებულები არიან. მე არ მეშინია და მოგიწოდებთ, რომ ყველამ ერთად მოვიშოროთ თავიდან შევარდნაძე და მამალაძე. გაუმარჯოს საქართველოს!” – გაჰკიოდა ახალგაზრდა აზერბაიჯანელი.
ჩვენს არაქართველ თანამემამულეებს მსგავსი განცხადებებით არც ქართველები ჩამოუვარდებოდნენ. მათ შორის კი ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა მამათელ მოხუც ქალბატონს, რომელიც მიკროფონამდე ორმა თანმხლებმა პირმა მიიყვანა.
,,40 ათასი დანაზოგი წამართვეს. შევარდნაზე შემპირდა, გადაგიხდიო, მაგრამ არ დაადგა საშველი. ბალხო, ეს კაცი უნდა მოვიცილოთ!” – იხვეწებოდა მოხუცი.
იგივე პათოსით გამოვიდა პატარა ლანჩხუთელი ბიჭი, რომელმაც სიტყვა ლოცვით დაიწყო
მომიტინგეებში აშკარად პოპულარულები გამხდარან გოგი თოფაძე, შალვა ნათელაშვილი და ,,მემარჯვენეები”. მათი სახელების ხსენებისას ხალხი ერთმანეთს ეუბნებოდა, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდაო.
ყველაზე მეტი სტვენა ეკრანზე ასლან აბაშიძის გამოჩენამ გამოიწვია, რომელსაც კუდში მიჰყვნენ შევარდაძე და მისი ბლოკის სხვა წარმომადგენლები; ხოლო ,,კურიერის” ცნობამ, თოფაძის ლუდის რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდაო, შეციებული ხალხი აახარხარა კიდეც.
შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა: ,,პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოგვთხოვა კანცელარიაში მისვლა, მაგრამ იმ პირობებში, როცა იგი მზად არა არის აღიაროს, თავისი ბლოკის დამარცხება საპარლამენტო არჩევნებზე. თუ მას სურს მოლაპარაკების სერიოზულად გამართვა, ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ნებისმიერ ადგილას კანცელარიის მიღმა. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვადასტურებთ, რომ არ ვეახლებით კანცელარიაში მას, ვინც ჩემზე აღძრა 14 თუ 18 სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ის არის მოქმედი ავტორიტეტული პრეზიდენტი, რომელმაც გუშინწინ გაყიდა საქართველო და აპირებს, ასლან აბაშიძეს გადააბაროს. ამ პირობებში პირადად მე კანცელარიაში ვერ წავალ და მზად ვარ, გავაგრძელო ბრძოლა თბილისის ქუჩებში, ჩვენს სოფლებში, ქალაქებში, სანამ მთავრობა დათმობაზე არ წავა. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ შევარდნაძეს, ოღონდ ეს შეხვედრა უნდა შედგეს მინისტრების თანდასწრებით, რომ პრეზიდენტმა ძველებურად არ თქვას, მე არაფერი მეხებაო. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საქმიანი მოლაპარაკების მიღწევა. ჩვენ მას თავი არ უნდა მოვატყუებინოთ. შევარდნაძე არის დიდოსტატი ტყუილებისა, ინტრიგების და ხალხის იმედგაცრუების. ჩვენ ვართ მომხრე საჯარო ბრძოლის, საჯარო დიალოგის და საჯარო გამარჯვების. ამაში მინდა გთხოვოთ თქვენი მხარდაჭერა. დიდი მადლობა!” |