|
|
|
ახალი ვერსია 2003 წლის 17-23 ნოემბერი გვ.9
”რუსთავი 2” - ფსევდოოპოზიცია და ცესკოს თავსატეხი
”ლეიბორისტები”, ”აღორძინება” და ”მრეწველები” ბოიკოტს უცხადებენ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს ”ლეიბორისტული” პარტიის საინფორმაციო დეპატრამენტის თავმჯდომარემ გელა დანელიამ, ”აღორძინების” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცოტნე ბაკურიამ და ”მრეწველთა” ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ ”რუსთავი2”-ის ეთერში გამოსვლაზე.
გოგი თოფაძე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ”რუსთავი-2”-ს აკისრებს და აცხადებს, რომ ”რუსთავი 2”-ის საშუალებით გამოცხადებული ეგზიტპოლები წინასწარ იყო გამიზნული იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოსულიყო.
”ლეიბორისტების” ”მრეწველებისა” და ”აღორძინების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ”რუსთავი 2”-ს არ ექნება უფლება, გააშუქოს სამ აღნიშნულ პოლიტიკურ ძალასტან დაკავშირებული მოვლენები და მოუწოდებენ ყველას, ”მხარი დაუჭირონ, რათა ქვეყანა ააცილონ მოსალოდნელ კატასტროფას”.
მოწოდებას გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი, რომელმაც ცესკოს წევრებს შესთავაზა; აკრედიტაცია გაეუქმებინათ ტელეკომპანიისათვის. მიზეზი ”რუსთავი 2-ის ეთერში ”კმარას” მიერ განთავსებული სარეკლამო რგოლები სახელდებოდა. ”ჩვენთან აკრედიტირებულიტელეკომპანია ნამდვილად არ უნდა აკეთებდეს ამას – განაცხადა დევდარიანმა – ბოლოს და ბოლოს, მივიღოთ გადაწყვეტილება, როგორ მოვიქცეთ, გავუუქმოთ თუ არა აკრედიტაცია ”რუსთავი 2”-ს. ცესკოს 15 წევრიდან ტელეკომპანიის აკრედიტაციის გაუქმებას ათმა დაუჭირა მხარი. |